„წალკის გამგებელი ილია საბაძე ნავთლუღის ცნობილ სპეცოპერაციაში ფიგურირებდა“

„წალკის გამგებელი ილია საბაძე ნავთლუღის ცნობილ სპეცოპერაციაში ფიგურირებდა“

მომავალი კვირის ოთხშაბათს წალკის მოსახლეობა თბილისში, კანცელარიასთან აქციას გამართავს, რასაც პერმანენტული ხასიათი მიეცემა.

სტიქიური უბედურების გამო აჭარიდან წალკაში წლების წინ ჩასახლებული მოსახლეობა აცხადებს, რომ წალკა ქართველებისგან იცლება და ამ საქმეში მთავარი ფიგურანტი წალკის გამგებელი ილია საბაძეა, რომელიც ბერძენ მოსახლეობას უკავშირდება, წალკაში დაბრუნებას და ოდესღაც მიტოვებული სახლებიდან აჭარელი ეკომიგრანტების გამოყრას სთავაზობს.

შესაბამისად, ბერძნებიც დროებით ბრუნდებიან საქართველოში, საკუთრი სახლებიდან ყრიან წლების წინ მთავრობის მიერ ჩასახლებულ ეკომიგრანტებს, კეტავენ სახლებს და ისევ საბერძნეთს მიაშურებენ.

წალკის ქართული მოსახლეობა ილია საბაძის რეალურ ვინაობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ისინი ამბობენ, რომ, „სინამდვილეში, საბაძის ნამდვილი გვარი დუნია მანი-ოღლია (ბერძენია) და არ არის გამორიცხული, იგი ეთნიკურ ქართველებს მეზობელი სახელმწიფოს ინტერესთა გამო არ წყალობდეს“.

გარდა ამისა, წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები ილია საბაძეს ნავღლუთის ცნობილ სპეცოპერაციაში მონაწილეობის გამოც ამხელენ.

„უშიშროების სამსახური უნდა დაინტერესდეს და შეისწავლოს, თუ ვისი ინტერესების გატარებას ცდილობს წალკის გამგებელი ილია საბაძე. პატრიარქის სახელზე შედგენილი იყო წერილი, სადაც წალკაში მცხოვრები აჭარლები ითხოვდნენ შუამდგომლობას ხელისუფლებასთან. დაახლოებით ერთი კვირის წინ ამ თემაზე სასაუბროდ შევხვდით პატრიარქს. უწმინდესმა დაგვაიმედა, რომ დაგვეხმარებოდა, თუმცა დღემდე ხელისუფლებისგან პასუხი არ არის. მოსახლეობას მაშინვე უნდოდა აქციების გამართვა, მაგრამ ვურჩიეთ, იმ ეტაპზე თავი შეეკავებინათ. რადგან პასუხი არ ჩანს, ოთხშაბათს 1-ელ საათზე წალკელები კანცელარიასთან გამართავენ აქციას. მათი მთავარი მოთხოვნაა, შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მათ სრული უფლება აქვთ, გაიგონ, რა ხდება მათ თავს, რატომ იცლება ქართული სოფელი, 150 ქართული ოჯახი უკვე დაბრუნდა აჭარაში, 100-მდე ოჯახი გამოსახლებულია და იქვე საავადმყოფოს აფარებს თავს, 200-მდე ოჯახს კი კვლავაც ემუქრება გამოსახლება“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ პირადად ილია საბაძეს არ იცნობს, მაგრამ აჭარელ მოსახლეობაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად ემტერება ქართველებს. მით უფრო, რომ იქაურები არ გამორიცხავენ, ეს პიროვნება (ნამდვილი გვარი დუნია მანი-ოღლი) ეროვნებით ბერძენიც იყოს, რადგან ბერძნულ გვარებში ზოგიერთი „ოღლით“ მთავრდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ზვიად ტომარაძის თქმით, წალკელი მოსახლეობა ირწმუნება, რომ ილია საბაძე ფიგურირებდა ნავთლუღის ცნობილ სპეცოპერაციაში და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უშიშროების თანამშრომელი იყო.

„შემდეგ გადაბარგდა „ოცნებაში“. ანუ მათი თქმით, ტიპური მედროვეა და, როგორც წალკელები ირწმუნებიან, წალკელი ბიჭების თბილისში ჩამოყვანასა და დაცხრილვაში სწორედ ილია საბაძის სახელი ფიგურირებდა“, - აცხადებს ზვიად ტომარაძე, რომელიც წალკაში შექმნილი დაძაბული სიტუაციის მიღმა რამდენიმე საეჭვო კავშირს არ გამორიცხავს. შესაძლოა, ამ მოვლენების უკან მეზობელი ქვეყნის ინტერესები იკვეთებოდეს, ან კიდევ „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდეს დესტაბილიზაცია ამ რეგიონში. არის მესამე ვერსიაც, რომელიც წალკაში ფინანსურ ინტერესს არ გამორიცხავს. კერძოდ, ქართველების უბედურების ხარჯზე შესაძლოა, მავანი ფულს შოულობს.

შეგახსენებთ, წალკაში 10-15 წლის წინ წასული ბერძნები ბრუნდებიან და ქართველებს სახლების დაცლას სთხოვენ. ექსპერტების აზრით ამ პრობლემის დასარეგულირებლად სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა. კერძოდ, წალკელების მოთხოვნაა, ხელისუფლებამ იზრუნოს მათზე, შეისყიდოს მათთვის საცხოვრებელი ფართები და დაუკანონდეთ მიწის ფართები.