„უზარმაზარი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის“ ვიზიტი

„უზარმაზარი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის“ ვიზიტი

[გეგა ბერიძე]
საქართველო 2008 წლის აგვისტოს შემდგომი იზოლაციისგან თავის დაღწევას ცდილობს. თბილისს რამდენიმე დღეში აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა, დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო მინისტრ ბერნარ კუშნერის ვიზიტიც. ქართული მხარე ახლო მომავალში ესპანეთის მეფის ჩამობრძანებასაც ელის, რაზეც მადრიდისგან წინასწარი თანხმობა უკვე მიღებულია.

ოფიციალური თბილისი ესპანეთის მეფის ხუან კარლოს პირველის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს „უზარმაზარ პოლიტიკურ და სიმბოლურ დატვირთვას“ ანიჭებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც ესპანეთის მეფეს საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა ესპანელი კოლეგის მიგელ ანხელ მორატინოსის მეშვეობით გადასცა.

“წინადადება მიღებულია და ხუან კარლოს პირველის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ვიზიტს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობა და უზარმაზარი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვა ექნება”, – აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, ესპანური მხარე მოწვევას დადებითად შეხვდა, თუმცა ვიზიტის დრო და კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ესპანეთში.

ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España), – ქვეყანა განთავსებულია ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი), სახელმწიფოს მეთაური არის – მეფე ხუან კარლოს I.

ცნობისთვის, ხუან კარლოს I (დ. 5 იანვარი, 1938, რომი, იტალია) – ესპანეთის მეფე 1975 წლის 22 ნოემბრიდან (ბურბონთა დინასტია). ესპანეთის სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. გენერალ-კაპიტანი. ალფონსო XIII შვილიშვილი. 1947 წელს ფრანსისკო ფრანკომ ესპანეთი გამოაცხადა მონარქიად, მაგრამ მეფის თანამდებობა ვაკანტური დარჩა. მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტს დაიკავებდა ბარსელონის გრაფი ხუან კარლოსი, რომელმაც 1975 წლის 22 ნოემბერს ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა.

ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.

ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება ქართულად – ესპანეთის სამეფო; ესპანურად – Reino de España. ეტიმოლოგია – სავარაუდოდ სახელს სემიტური წარმომავლობა აქვს და ნიშნავს „დამალულს“. სხვა ვერსიით იგი ფინიკიურისგან წარმოსდგება და ნიშნავს „კურდღლების სანაპიროს“.

პოლიტიკური სისტემა – კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაური - მეფე ხუან კარლოს I (Juan Carlos I,1975). მთავრობის მეთაური – პრემიერ-მინისტრი.

ადმინისტრაციული დაყოფა: ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი (Comunidad autonoma): ანდალუსია, არაგონი, ასტურია, ბალეარის კუნძულები, ბასკეთი, გალისია, ესტრემადურა, ვალენსია, კანარის კუნძულები, კანტაბრია, კასტილია-ლა მანჩა, კასტილია და ლეონი, კატალონია, ლა რიოხა, მადრიდი, მურსია, ნავარა, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი (ciudad autonoma) – სეუტა და მელილია.

დემოგრაფია: სამეფოს მოსახლეობა მრავალფეროვანია. ეროვნულ უმცირესობაში გამოირჩევიან ბასკები, გალისიელები და კატალონიელები. სიმჭიდროვე მაღალია ცენტრსა და სანაპირო ზოლში. მოსახლეობის 80% ცხოვრობს ქალაქებში. გაბატონებული რელიგია კათოლიციზმია.

მოსახლეობა - 40,2 მლნ (2003), მათ შორის 69% ესპანელები, 18% კატალონიელები, 8% გალისიელები, 2% ბასკები.
ენები – ესპანური (74%); კატალანური (17%); გალისიური (7%); ბასკური (2%).
რელიგია – კათოლიციზმი.
ქალაქები (ათ.) – მადრიდი (3.169, აგლომ. - 5.130), ბარსელონა (1.528, აგლომ. - 3.889), ვალენსია (741, აგლომ. - 1.407), სევილია (679, აგლომ. - 1.141), სარაგოსა (636), მალაგა (518, აგლომ. - 753), მურსია (394), ლას-პალმასი (348), ბილბაო (343, აგლომ. - 880).

2008 წლის მონაცემებით ესპანეთში 58,7 მილიონი ტურისტი ჩავიდა. ესპანეთი მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ესპანეთში მოგზაურობა ნიშნავს შეხვედრას მზესთან, შესანიშნავ სამზარეულოსთან, სტუმართმოყვარეობასა და სიცოცხლის სიხარულთან, ასევე შეხვდებით უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევს, თვალწარმტაც და უნიკალურ პეიზაჟებს. ესპანეთის მრავალფეროვანი ბუნება, გეოგრაფიული, კლიმატური და პეიზაჟების კონტრასტი მის ყველა რაიონში იგრძნობა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა (1936-1939). 1975 წლამდე ქვეყანას მართავდა დიქტატორი გენერალი ფრანსისკო ფრანკო, რის შემდეგაც აღდგენილ იქნა მონარქია. 1986 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა.

ფლამენგო – არის ანდალუზიური ბოშების მუსიკა და ცეკვა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხალხური სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.

რაც შეეხება სახელგანთქმულ კორიდას – იგი სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირინეის ნახევარკუნძულის მცხოვრებ იბერიელებს, რომლებიც ხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ. თავიდან ხარის მოკვლა სპეციალური რიტუალი იყო. უკვე ესპანეთის ერთიან სახელწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა. თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში. მასში მონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე, მისი წონა არ უნდა იყოს 450 კმ-ზე ნაკლები.