ლეონარდო დი კაპრიო და ქეით უინსლეტი ყველა დროისა და ყველა ერის ყველაზე რომანტიულ წყვილად დაასახელეს, ამასთან - დამსახურებულად. მსახიობებმა, რომლებმაც ჯეიმს კამერონის ფილმ ”ტიტანიკში (1997) მთავარი როლი ითამაშეს, ჯამში 125 ათასი ხმა მიიღეს, რამაც გამოკითხულთა თითქმის მეოთხედი შეადგინა. გამოკითხვა კი, ტელეკომპანია ABC TV-მ და ჟურნალმა People-მა ჩაატარეს.
მეორე ადგილი წილად ხვდათ ლეგენდარულ კლარკ გეიბლს და ვივიენ ლის, რომელთა წყალობითაც 1939 წელს მაყურებელმა პირველად იხილა წიგნის ფურცლებიდან ეკრანებზე გადატანილი ”ქარწაღებულნი”. მესამე ადგილი შედარებით თანამედროვე წყვილმა - რიჩარდ გირმა და ჯულია რობერტსმა - ირგუნეს, ფილმიდან ”ლამაზი ქალი” (1990), ხოლო მეოთხე ადგილი ჰემფრი ბოგარტს და ინგრიდ ბერგმანს მიეკუთვნათ, რომლებმაც შეყვარებული წყვილი ”კასაბლანკაში” (1942) განასახიერეს.
რაც შეეხება მეხუთე ადგილს, გამოკითხულებმა სპენსერ ტრესი და ქეთრინ ჰეპბერნი გამოარჩიეს, რომლებმაც 1941 წლიდან მოყოლებული 25 წლის განმავლობაში ერთად რვა ფილმში ითამაშეს და ყოველი მათგანი ლირიული კომედია იყო.