ინვესტორის უფლებების, თუ კულტურული ძეგლის დაცვა - საკითხი ამგვარად „რედისონში“ გამართულ დისკუსიაზე დაისვა, რომელიც „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივისა“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ოქროს მოპოვების და გადამუშავების დარგში არსებული პრობლემებზე ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრას კომპანია RMG -ის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
RMG, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში საყდრისის-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს თემით მოექცა, ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა, რაც მადანში ოქროს შემცველობის საგრძნობი კლებით და წარმოების მასშტაბის გაფართოების ხელოვნური ხელისშემშლელი ფაქტორებით აიხსნება.
კომპანია ოქროს, ვერცხლის და სპილენძის შენადნობებს აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს. RMG-ში განმარტავენ, რომ მსხვილი გადამხდელები არიან და 2009-2013 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 361 მილიონი ლარი აქვთ გადახდილი, დასაქმებული ჰყავთ 3 ათასი ადამიანი, რომელთაგან 80% რეგიონის მოსახლეობაა.
„დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - საწარმო მზად არის განახორცილოს ინვესტიციები, როგორც ტექნოლოგიური ისე სხვა ტიპის მასშტაბების განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ არის პრობლემები, ლიცენზიით განსაზღვრული არეალის ათვისების სახით. ამ პრობლემების მოგვარება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ერთია, რა პოტენციალი გააჩნია საწარმოს და მეორეა, რამდენად გამოიყენებს ამას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გადაწყვეტილებებზე, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრეციას და კომპეტენციას წარმოადგენს“,- აცხადებს „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე და აღნიშნავს, რომ თუ საზოგადოებამ და სახელმწიფომ კომპანიას და დარგს აღნიშნიული საკითხები ვერ მოუგვარა, ლოკალურ დონეზე პრობლემები შეექმნება ერთ კონკრეტულ კომპანიას, ზოგადად, კი ეს პრობლემას შექმნის, სოციალური, დასაქმების და საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით.
RMG-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ზაზა ავალიშვილი კი კომპანიისთვის საყდრისის ოქროს საბადოს მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ამ საბადოს შესწავლაში RMG-ის თავის დროზე სოლიდური თანხები აქვს გადახდილი.
„საყდრისის საბადოს შესწავლაში ჩადებულია დიდი თანხა - 10-12 წელი მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები. ეკონომიკური გათვლა-გაანგარიშება მოწმობს იმას, რომ ამ საბადოების ათვისების შედეგად შესაძლებელია კომპანიის დღევანდელი მასშტაბების შესამჩნევი ზრდა. იქ არსებობს ის მადნები, რომელიც კომპანიას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა და შემდგომში მოზიდული სახსრებით სხვა ტერიტორიებზე გააგრძელებდა მოძიებით სამუშაოებს“,- აცხადებს ზაზა ავალიშვილი.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტების ნაწილისთვის საყდრისის თემა ერთგვარ დილემად იქცა. ემზარ ჯგერენაია კი ოქროს მოპოვების საკითხზე ბოლო პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟს ოქროს მოპოვების თემის გაუმჭვირვალობასაც უკავშირებს.
„საყდრისი-ყაჩაღიანის თემა გახდა ეროვნული გმირობის ტოლფასი. მარტო რომ დავრჩებით საკუთარ თავთან ყველა ვფიქრობთ, რატომ არ ჩავედით ადგილზე და იმ ბავშვებს გვერდით არ დავუდექით, რატომ არ დავიცავით ისტორიული განძი, მეორე მხრივ, ისიც გვაწუხებს, რომ არ დავიცავით ის მეწარმე, რომელსაც ბიუჯეტში მილიონობით ლარი შეაქვს, თავადაც სარგებლობს და ქვეყანას გვერდით უდგას. ვფიქრობ, აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის თემის დახურულობა. ვერ მოვისმინე არგუმენტი, რა ხდება ყაჩაღიანზე, ან ამის გარდა სხვაგან ოქრო არ არის? რადგან ღია არ არის ეს თემა და საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის ამ ობიექტზე რამდენი ადამიანია დასაქმებული, ეს არის მიზეზი, რომ ხალხის რეაქცია არის ძალიან ცუდი. ნელ-ნელა გორდება ტალღა - ყველა ამბობს, დავდგეთ ყაჩაღიანის დასაცავად. იქ თუ ყაჩაღიანის გარდა სხვა პერსპექტივა არ არის, რა გამოდის, ის ხალხი 5 წელში მაინც უმუშევარი დარჩება?“- სვამს კითხვას ემზარ ჯგერენაია და ოქროს მოპოვების საკითხის საკითხის მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს.
ეკონომიკის საკითხთა კიდევ ერთი ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე კი აცხადებს, რომ კომუნიკაცია და ინფორმაციის გამჭვირვალობა აუცილებელია, მაგრამ, ბოლო პერიოდში იკვეთება ტენდენცია, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ხელოვნურად შეფერხებას ცდილობს.
„ეს ხელწერა არის კამპანიური, ამ ყველაფერში იგრძნობა დაინტერესებული ჯგუფების ინტერესი, ამიტომ, ვფიქრობ აქ სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია ის არის, რომ შეიტანოს სიცხადე ამ საკითხში... შესაძლოა, მე ცოტა რადიკალური ვარ ასეთ საკითხებში. ხუდონჰესის პროექტზე პოზიციის გამოთქმის გამო ბუნების მტრად უკვე გამომაცხადეს, იმედია, კულტურის მტრადაც არ გამომაცხადებენ, ამ განცხადებების შემდეგ. ვფიქრობ, ამ საკითხზე გამოსავალი არის რაციონალური მიდგომა, იმედია, ხელისუფლება რაციონალურად მიუდგება საყდრისის მაღაროს თემას, დაინახავს სოციალურ პრობლემას და სწორად შეაფასებს ეკოლოგიურ და კულტურულ რისკებს, რომელიც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
მადნეულის ძებნა-ძიების სპეციალისტი გეოლოგი, დავით არევაძე კი იმ საკითხით ინტერესდება, თუ რატომ არ იქმნება ქვეყანაში პირობები სამთო წარმოების შემდგომ განსავითარებლად და რატომ არ უწყობს სახელმწიფო ხელს ქვეყანაში ახალი ინვესტორების შემოყვანას, რომლებიც საქართველოში ოქროს სხვა ადგილებშიც მოიპოვებდნენ.
„ევროპის ეკონომიკა ფეხზე დადგა სამთო საკითხით. სპინელძი, ტყვია, ოქრო, თუთია, ვერცხლი... პრაქტიკულად, ყველა საბადო ათვისებულია, აღარაფერი დარჩა, მაგრამ ეკონომიკა ფეხზე მისი მეშვეობით დადგა... საქართველოში საყდრისისა და მარნეულის გარდა არის კიდევ 5-6 საბადო, რომლებშიც მარაგები დაძიებულია. შეიძლება, საბოლოო შედეგები არ არის, მაგრამ პროგნოზები არის. ეს არის ქვემო ბოლნისი, დავით გარეჯი, წითელი სოფელი, მადლის კლდე, ივანოვკა... ყველა ამ საბადოში არის ოქრო. მიეცეს სხვა ფირმებსაც საშუალება, მოიპოვონ. რატომ უნდა იყოს გაყინული ეს საბადოები?“,- აცხადებს დავით არევაძე და აღნიშნავს, რომ ოქროს მნიშვნელოვანი მარაგია რაჭაში, ხოლო, სვანეთი, პრაქტიკულად, „ოქროს ბუდეა“.
„ჩვენი კანონმდებლობით, საბადოს შესასწავლად ლიცენზია უნდა აიღო. ლიცენზიისთვის კი 1 ჰექტარში 500 ლარი უნდა გადაიხადო. იმისთვის რომ ფირმამ დაიწყოს ოქროს ძებნა, მხოლოდ ლიცენზიაში უნდა გადაიხადოს ასობით მილიონი, შემდეგ კი წელიწადში 1 მილიონი მაინც უნდა გადაიხადოს, რომ გაარკვიოს, არის თუ არა იქ საბადო. ის რაც ჩვენთან 500 ლარი ღირს, უცხოეთში დაახლოებით 3 აშშ დოლარია, მეწარმეებს სთავაზობენ - ოღონდ, მოდით და იმუშავეთო“,- აცხადებს დავით არევაძე. გეოლოგის თქმით, ოქროს მარაგების კუთხით, საქართველო ხელახლაა შესასწავლი, მაგრამ ქვეყანაში გეოლოგიური სამსახურიც კი არ არსებობს, ეს რომ გაეკეთებინა, უცხოელები კი მსგავსი სამუშაოების ჩატარებისგან, ლიცენზიის მაღალი ფასის გამო, თავს იკავებენ.
***
ვიდრე საქართველოში ახალი ოქროს საბადოები დაზუსტდება და მათ ათვისებას კონკრეტული კომპანიები დაიწყებენ, RMG-ის მიერ მონიშნულ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე ოქროს მოპოვების წინააღმდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოდის.
საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე ოქროს მოპოვების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ საყდრისის კულტურული ობიექტი უნიკალურია, რადგან პრეისტორიულ ხანაში, ოქროს ინდუსტრიული წესით, სწორედ, საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში მოიპოვებდნენ და ამ ფაქტის აღიარება მალე მთელ მსოფლიოს მოუწევს.