ღვინის მოყვარულები კარგად იცნობენ Petrus-ს - ის ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებულია ბორდოში წარმოებულ სასმელთაგან. Chateau Petrus-ს, სადაც ეს შესანიშნავი ღვინო მზადდება, რამდენიმე ათწლეულია კრისტიან მუექსი ხელმძღვანელობს.
ყურძენი აქ საუკუნეების წინათაც მოჰყავდათ, მაგრამ ცნობილი XX საუკუნეში გახდა. პეტრუსი ერთ-ერთი მეპატრონის სახელია, რომელმაც XIX საუკუნეში ამ ადგილას მეურნეობა შექმნა. მას შემდეგ შატომ არაერთი მფლობელი გამოიცვალა. მუექსები Petrus-შიXX საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა აქაურობა მხოლოდ 1964 წლიდან ჩაიბარეს. კრისტიანი მათი საშუალო თაობის წარმომადგენელია, რომელიც Chateau Petrus-ს ძმასთან ერთად უძღვება. ლეგენდარული ღვინის, მამულისა და ზოგადად, მევენახეობის შესახებ სწორედ მისგან შევიტყობთ.
Petrus კონკურენტგარეშეა
კრისტიან მუექსი შატოს მართვაში 1970 წლიდანაა ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ჭიქაPetrus-ისგასინჯვაზე მთელი მსოფლიოს ღვინის მოყვარულები ოცნებობენ, მაესტროსსასმელის გამორჩეულობაზე ლაპარაკი არ უყვარს - ეს არ არის ყველაზე მთავარი მის საქმიანობაში. "თუ გამუდმებით ლეგენდაზე იფიქრებ, შენი პრინციპული როლი დაგავიწყდება და ხიბლში ჩავარდები, რაც დაუშვებელია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მოკრძალება და ყურადღება გავამახვილოთ ხარისხზე" - ამბობს ის.
კრისტიანი და მისი ოჯახი არაერთ ვენახს ფლობენ, თუმცა Petrus ყოველთვის საუკეთესო იქნება. ეს ღვინო ძვირადღირებულია და მისი სტილი არ იცვლება, მაგრამ სხვა შატოებში მუექსი ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი სასმელის გამოშვებას ცდილობს. "ასეთ დროს Petrus-ს არ ვეჯიბრები, რადგან ეს უტოპიაა"– მიიჩნევს მაესტრო. "თითოეული ღვინის დაყენებისას ვცდილობ გამოვიმუშავო ახალი სტილი – კიდევ ერთი სიახლე ფერთა ჩემეულ პალიტრაზე. ადამიანების გემოვნება განსხვავდება და მე მომწონს, როდესაც ჩემს ღვინოებს შორის არჩევანი შეუძლიათ. ვიღაცა Chateau Trotanoy-ს ამჯობინებს, ვიღაცა - Chateau Magdelaine-ს, Petrusკი ყოველთვის განცალკევებით დგას თავის ოლიმპზე და გემოთა შეჯიბრში არასდროს მონაწილეობს"- ამბობს მუექსი.
კრისტიანის ყველა პომროლური ღვინო ადგილობრივი ტერუარის ნიშნებს ატარებს, მაგრამ Petrus-თან ახლოსაც ვერ მივა. ანალოგის შექმნაზე არც ფიქრობს, თუმცა ინტერესის გამო სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებდა, რომელიც სასმელს მაქსიმალურად კონცენტრირებულს და "შედედებულს" ხდის, ამასთან, ბოლომდე "გამოაქვს" ფერი და არომატი. მაგრამ ეს ბუნების საწინააღმდეგო სვლაა, ღვინო კი ბუნებრივი პროდუქტი უნდა იყოს, ისეთი, როგორსაც ნიადაგი ქმნის. ერთადერთი, ვინც კონცენტრაციის თვალსაზრისით Petrus-ს მეტნაკლებად შეედრება, Dominus-ია, რომელსაც მუექსი კალიფორნიაში აყენებს, მაგრამ მასში უკვე აღარაფერია პომროლური. ასე რომ, Petrusნებისმიერ შემთხვევაში კონკურენტგარეშეა.
ამერიკული გამოცდილება
უკვე 33 წელია მუექსიChateau Petrus-ის მმართველია და მთელი ეს პერიოდი ყოველწლიურად 10-15 სტაჟიორს მასპინძლობს, რომელთაც ენოლოგიის კლასიკური სკოლის გამოცდილებას უზიარებს. მათი მხრიდან კონკურენცია არ აშინებს, რადგან Petrus-ის "საფირმო რეცეპტს" - ტერუარს, დიდი სურვილის მიუხედავადაც კი, ვერავინ წაართმევს. თავად ენოლოგიური განათლება ამერიკაში მიიღო, კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტში, რომელიც იმ პერიოდში ძალზე პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლებოდა. აშშ-ში სწავლა დაეხმარა გაეფართოვებინა ცოდნა საერთაშორისო დონეზე.
ამერიკელები უპირატესობას ტექნოლოგიურ მეღვინეობას ანიჭებენ, იმპროვიზაციას კი გაურბიან. თავად ამ მეთოდს არასოდეს იყენებს, მაგრამ დიდი ინტერესით სწავლობდა თეორიას ყურძნის მოყვანის შესახებ, რომელიც მზის სხივების გამოყენებას ემყარება.
1983 წელს, როდესაც ნაპას ველზე საწარმო დააფუძნა, ღვინის შემჟავებაზე უარი თქვა, კალფორნიელთათვის კი ტარტარის მჟავის გამოყენება აქსიომა იყო, თუმცა Dominus-ში მუექსის მუშაობის სტილმა მათზე დიდი გავლენა მოახდინა - ნელ-ნელა შეამცირეს ტექნოლოგიების როლი. სამაგიეროდ, ამ ტენდენციამ ბორდოში გადაინაცვლა, რასაც მუექსი ძალზე განიცდიდა.
Dominus - თვითგამოხატვისთვის
Dominus-ის პირველი ვინტაჟები მთლად კარგი ვერ იყო. როგორც თავად ამბობს, კაბერნე სოვინიონთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა: "მინდოდა კალიფორნიაში ღვინის დაყენების ჩემებური მეთოდი შემემუშავებინა. ამ შემთხვევაში მედოკელთა გამოცდილება სრულიად გამოუსადეგარი იყო: კაბერნე ბორდოში და კაბერნე - კალიფორნიაში ორი სხვადასხვა ყურძენია. გარკვეული დრო დამჭირდა, რათა ახალი ვენახი უკეთ გამეცნო.ურთიერთობა მეღვინესა და ვენახს შორის ძალზე მნიშვნელოვანია. Chateau Petrus-ში ვაზის თითოეულ ძირს ვიცნობ, თითოეული ფოთლისა და მტევნის სურნელი მახსოვს. Dominus-ში ასეთივე შედეგისთვის 10 წელი დამჭირდა, ამიტომ თავდაპირველი წარუმატებლობა გასაკვირი სულაც არ არის."
მუექსს Dominus თვითგამოხატვისთვის სჭირდებოდა, როგორც ოჯახისგან განცალკევებით მყოფი შვილი. ბორდოში არსებული შატოების შეჯიბრი არ უნდოდა, ამიტომაც აირჩია კალიფორნია. "ახალი ვენახის შექმნით და ამ საქმის ნულიდან დაწყებით ჩემი ამბიციების რეალიზება მინდოდა, თუმცა ბორდოული მეღვინეობის კლასიკურ პრინციპებზე უარის თქმას არ ვაპირებდი. კალიფორნია ჩემთვის სხვა სამყაროა – სრულიად განსხვავებული ნიადაგით, მზითა და ჰაერით" - ამბობს მუექსი.
თავად ბორდოში, მისი აზრით, კონკურენციისთვის არც გარემოა, არც სურვილი და არც პირობები. თითოეულ შატოსა და ღვინოს უკვე დიდი ხნის წინათ განსაზღვრული ნიშა უჭირავს და წლიდან წლამდე მეტ-ნაკლები რყევით ამ ხაზს მიჰყვება. ეს სიმშვიდე რამდენიმე წლის წინათ Chateau Le Pin-ის გამოჩენამ დაარღვია, რომელმაც მუექსის ცხოვრებაში ინტრიგა შემოიტანა. მანამდე მოშვებული იყო, რადგან რეალური კონკურენტი არ ჰყავდა, ახალმა მოთამაშემ კი აიძულა ძალები მოეკრიბა და მთლიანად პირველობაზე კონცენტრირებულიყო. სხვათა შორის, ზოგიერთი ვინტაჟი მოწინააღმდეგეს უკეთესი გამოუვიდა, თუმცა ამ ეტაპზე ვითარება დარეგულირდა. ამჟამად ორივე შატოს მეპატრონეს მშვენიერი ურთიერთობა აქვს: ყოველწლიურად ყიდულობენ და აფასებენ ერთმანეთის ღვინოს. მუექსი ამას ჯანსაღ კონკურენციას ეძახის.
მზა რეცეპტების გარეშე
Petrus-მაბორდოს მამულთაგან ერთ-ერთმა უკანასკნელმა დაამონტაჟა ფერმენტაციის ტემპერატურის ავტომატური კონტროლის სისტემა. ეს იყო 1990 წელს. მუექსი მიიჩნევს, რომ ღვინის დაყენება ამის გარეშეც მშვენივრად შეიძლება, უბრალოდ, ადამიანები გაზარმაცდნენ, თანაც, ეს საგრძნობლად ზოგავს დროს და მუშახელს.
თავისი დამოკიდებულება აქვს კასრის მიმართაც: ზოგიერთ შატოში ახალი მუხის გამოყენებას ერიდება, მაშინ, როცა კონკრეტულ წლებში Petrus-ს მთლიანად ახალ კასრებში აძველებდა. მუექსი ფიქრობს, რომ Petrus-ს მუხა არ სჭირდება. ეს არის თვითკმარი ღვინო ტანინების ისეთი სტრუქტურით, რომელიც ხელს უწყობს რთული ბუკეტის განვითარებას ხის ტანინების დახმარების გარეშეც. "ჩვენთვის კასრი მხოლოდ ბუნებრივი ჭურჭელია ღვინის შესანახად. ძალიან კარგ წლებში ახალ კასრებში მთელს მოსავალს ვინახავთ, ცუდში – მხოლოდ ნახევარს" - ამბობს მუექსი. Petrus-ისთვის განკუთვნილი კასრები სპეციალურ თბოდამუშავებას გადის: ხეს უხეშ ტანინებს აშორებენ, რომლებიც ღვინის ბუკეტზე ზემოქმედებს. კასრებში ორთქლს უშვებენ. ორთქლი კონდენსაციას განიცდის და წყლად იქცევა. გადაღვრილი სითხე მუქი-ყავისფერი შეფერილობისაა.
"ახალი ტენდენციით ჩვეულებრივ სუფრის ღვინოებს მუხის კასრში ათავსებენ, რომელიც საფუძვლიანად არ არის დამუშავებული. წარმოიდგინეთ, რამდენი "ნაგავი" ხვდება სასმელში. თუ ყველაფერთან ერთად ღვინო სუსტიცაა, მყიდველი უბრალოდ ხის ნარეცხ წყალს სვამს. აქ უკვე არავინ უკავშირებს ახალი მუხისა და კონკერეტული ღვინის ვინტაჟის დაკავშირება უაზრობაა" – ამბობს მაესტრო. მუექსი არასწორად მიიჩნევს ყოველწლიურად ღვინის ერთიდაიმავე ტექნოლოგიით დაყენებას. "ერთი რეცეპტით შეიძლება მოამზადო ერთიდაიგივე კერძი პეკინში, პარიზსა და ნიუ-იორკში, მეღვინეობა კი სულ სხვა სფეროა. აქ არ არსებობს გამზადებული რეცეპტები" - ასეთია მისი მოსაზრება.
"გატაცება" ბიოდინამიკით
ერთი პერიოდი მუექსი ბიოდინამიკით დაინტერესდა: ცდებს სენტ-ემილიონის პატარა შატო Moulin Du Cadet-ში ატარებდა, რომელიც შემდეგ გაყიდა. რაც შეეხება Petrus-ს, აქ ბიოდინამიკაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
გაამართლა თუ არა ექსპერიმენტმა? როგორც თავად ამბობს, ამ მიმართულების მაინცდამაინც არ სჯერა. "ბიოდინამიკა კარგია თეორიაში. ძალზე ეფექტურია, თუ მზიანი წელიწადი დაემთხვა და ვაზი თავს კარგად გრნობს, მაგრამ თუ ყურძენს რაიმე დაავადება გაუჩნდა, აქ უკვე უძლურია, თუმცა მისით გატაცება დადებითად მოქმედებს მეღვინეობაზე. დღეს ნებისმიერი ჩვენგანი გაცილებით ნაკლებ ქიმიურ პრეპარატს მოიხმარს, ვიდრე 30 წლის წინათ, მაგრამ ამის სრულებით უარყოფა შეუძლებელია. ბევრი ქიმია კატასტროფაა, მაგრამ აქამდე სუფთა ბიოდინამიკამაც შეიძლება მიგვიყვანოს" - ამბობს მუექსი.
ოცნება საქართველოზე
ბოლო წლებში ბორდოში მდებარე შატოს მფლობელები საერთაშორისო იმპერიის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ - იძენენ ვენახებს საფრანგეთსა და ახალი სამყაროს ქვეყნებში. კრისტიან მუექსი ამ "მარათონში" არ ერთვება. მას სიტყვა "იმპერიაც" კი ზარავს, "მამულს" ამჯობინებს და ბევრისგან განსხვავებით, მათ შემცირებაზე ფიქრობს. ასეთივე მიდგომა აქვს სურათების კოლექციასთანაც – სიამოვნებით გაყიდდა ყველაფერს და მხოლოდ ლეონარდო და ვინჩის ყველაზე პატარა ნახატს დაიტოვებდა.
რამდენიმე წლის წინ მუექსმა მის მფლობელობაში არსებული 20 შატოდან 10 გაყიდა, მათ შორის, სენტ-ემილიონისა და სხვ. მამულები. ასე რომ, მისი მთავარი ნავსაყუდელი პომროლია, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობს და საუკეთესო ღვინოებსაც აყენებს. რასაკვირველია, შემოთავაზებები აქვს, განსაკუთრებით, ახალი სამყაროს ქვეყნებიდან, მაგრამ ეს სფერო არ აინტერესებს. მისთვის მთავარი მეღვინეობის ჰორიზონტების გაფართოება კი არა, ამ საქმიანობის ფესვებთან დაბრუნებაა და ეს საქართველოზე ოცნებას უკავშირდება. "სიამოვნებით დავწურავდი ღვინოს საქართველოში. მართალია, იქ არასოდეს ვყოფილვარ, ქართულ ღვინოზეც გადმოცემით მსმენია, მაგრამ სასმელის დაყენება მიწაზე, რომელიც მსოფლიო მეღვინეობის აკვანია, ჩემთვის ძალზე ამაღლებული და ინტელექტუალურია" - ამბობს მაესტრო. იმედი გვაქვს, ოდესმე ოცნება აუხდება.