რამდენად უსაფრთხოა პროდუქტი, რომლითაც ვიკვებებით, უნდა ვენდოთ თუ არა ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას და ლაბორატორიებს, რომელსაც პროდუქტის გენმოდიფიცირებულობის კუთხით კვლევა ევალება?
თებერვალში დიდი ზარ-ზეიმით გახსნილი „Quality Lab - ხარისხის ლაბორატორია“ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ნდობას არ იმსახურებს. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ სანდოობაზე კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ქართული და გერმანული ლაბორატორაში ერთდროულად გაგზავნილი ერთი და იმავე სინჯების შესახებ რადიკალურად განსხვავებული პასუხი მიიღო. საკითხი კონკრეტული პროდუქტის გენმოდიფიცირებულობის კუთხით კვლევას ეხებოდა. სანდოობის კუთხით პრობლემურია ინტერნეტით და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული არაერთი ინფორმაციაც, რომლის წყაროდ ხშირად „გრინფისი“ და სხვადასხვა პოპულარული ორგანიზაციებია მითითებული და რომლის თანახმად, „ნესკაფე“, „სნიკერსი“, „ლიპტონის ჩაი“, „კოკა-კოლა“ და სხვა პოპულარული პროდუქტი მავნე გენმოდიფიცირებულ პროდუქტად არის გამოცხადებული.
უსაფრთხო პროდუქტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე For.ge „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელს ლია თოდუას ესაუბრა.
ქალბატონო ლია, საქართველოში დღეს მოქმედი კანონი რა რეგულაციებს აწესებს გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოება-რეალიზაციის თვალსაზრისით?
- საუბარია ორ სხვადასხვა კანონზე. ერთი ეხება სურსათის ეტიკეტირებასა და გენმოდიფიცირებულობის მითითების ვალდებულებას. ეს კანონი 2010 წლიდან მოქმედებს, მაგრამ, აქამდე, უბრალოდ, ჯარიმები არ იყო დაწესებული და, პრაქტიკულად, არავინ იცავდა. ეტიკეტირების დარღვევაზე ჯარიმები იანვრიდან დაწესდა და ლაბორატორიებზე აკრედიტაციების გაცემაც დაიწყო. შესაძლებელი გახდა იმის შემოწმება, არის თუ არა პროდუქტი გენმოდიფიცირებული.
მოგვიანებით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ეხება და მიმართულია იქით, რომ საქართველო არ იყოს გენმოდიფიცირებული თესლის გამოყენებისთვის ღია ქვეყანა. დახურულ სივრცეში მის გამოსაყენებლად კი სპეციალური ნებართვის აღება არის საჭირო. თავად გენმოდიფიცირებული პროდუქტის, მაგალითად, სიმინდის, სოიოს თუ სხვათა მოხმარებისთვის გაყიდვა არ იკრძალება. ოღონდ, პროდუქტს აუცილებლად უნდა ახლდეს წარწერა.
სავაჭრო ობიექტებში ბევრ პროდუქტზე სავალდებულო ეტიკეტი ისეთი ფორმით არის განთავსებული, რომ მისი წაკითხვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შესაბამისად, მომხმარებლისთვის უცნობი რჩება გენმოდიფიცირებული პროდუქტი იყიდა, თუ ეკოლოგიურად სუფთა. ვის ევალება ამ საკითხის დეტალური კონტროლი?
- როგორც აღვნიშნე, სურსათის ეტიკეტირების დარღვევაზე ჯარიმები იანვრიდან მოქმედებს. დარღვევები კი მრავალგვარია. მეწარმეების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ იცავს სრულად კანონის მოთხოვნას. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როცა პროდუქტზე ინგრედიენეტები სრულად არ არის მითითებული. ასევე არ არის მითითებული საკვები დანამატები. პრობლემა არის გამოშვებისა და მოხმარების ვადების თარიღის მითითებაც. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულისგან განსხვავებულია. ჩვენი კანონმდებლობით სავალდებულოა, მითითებული იყოს არა მხოლოდ ვარგისიანობის, არამედ, გამოშვების თარიღიც. ევროპაში კი წარმოების თარიღის მითითება აუცილებელი არ არის. მაგალითად, ევროპიდან ჩამოტანილ კარაქს ან ძეხვს თუ მეწარმემ არ დააწერა წარმოების თარიღი, გამყიდველმა როგორ უნდა დააწეროს? ეს საკითხი კანონმდებელმა უნდა დაარეგულიროს. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულის შესაბამისი უნდა გახდეს.
რაც შეეხება ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის შრიფტის ზომას, ეს საკითხი საქართველოში ჯერ მოსაწესრიგებელია. ევროკავშირმა უკვე დაარეგულირა შრიფტის ზომა, იმედია, ეს რეგულაცია ჩვენთანაც დაინერგება.
საკვები დანამატები ახსენეთ. ეკოლოგიური თვალსაზრისით, რა საფრთხეებს შეიცავს საკვები დანამატები და მოქმედი კანონით, მეწარმეებს აქვთ თუ არა ეტიკეტზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების ვალდებულება?
- შესაძლოა, არ ეწეროს პროდუქტს, რომ გენმოდიფიცირებულია და რეალურად, გენმოდიფიცირებული იყოს. მაგალითად, ჩვენ აღმოვაჩინეთ სოიოს ფარში, რომელიც აშშ-იდან იყო ჩამოტანილი და არ ეწერა, რომ გენმოდიფიცირებული იყო. აშშ-ში ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. მაგრამ, რადგან პროდუქტი გენმოდიფიცირებული იყო, იმპორტიორს, რომელმაც პროდუქტი საქართველოში შემოიტანა, ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს ეტიკეტზე დაეწერა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი შემოწმების შემდეგ, კონკრეტული მეწარმე დაზარალდა. არის შემთხვევებიც, როცა აწერია პროდუქტს, რომ არ არის გენმოდიფიცირებული, მაგრამ გენმოდიფიცირებულია. კანონის და ჯარიმების ამოქმედების შემდეგ, ალბათ, უფრო ფრთხილად იქნებიან მეწარმეები. მაგრამ, ამ ეტაპზე, ნაადრევია იმის თქმა, რომ ქართული ეტიკეტები სანდო და საიმედოა.
რაც შეეხება საკვებ დანამატებს, ეს საკითხი გაცილებით რთულია. მაგალითად, ცხიმოვან ნივთიერება ლეციტინში მოდიფიცირებული გენი აღარ ფიგურირებს, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ანალიზის შედეგადაც შეიძლება ვერ აღმოვაჩინოთ, რომ ის გენმოდიფიცირებული სოიოსგან არის მიღებული. ევროკავშირში ეს საკითხიც კონტროლდება. თუ ლეციტინი გენმოდიფიცირებული სოიოსგან არის მიღებული, ეტიკეტზე უნდა ეწეროს, რომ ასეა. ევროპაში ეს საკითხი უკვე მიკვლევადობის საშუალებით მოწმდება. შეიძლება, მაკონტროლებელმა ორგანომ მოითხოვოს ყველა დოკუმენტი და გამოიძიოს, რა გზით არის მიღებული პროდუქტი. საქართველოსთვის გენმოდიფიცირებულობის კუთხით საკვები დანამატების კვლევა მხოლოდ შორეული პერსპექტივაა. ჯერ, ნეტავ, მივიდეთ იქამდე, რომ თავად სურსათს ეწეროს გენმოდიფიცირებულია თუ არა.
რა თანხით არის განსაზღვრული საქართველოში ჯარიმა ეტიკეტის წესების დარღვევისთვის? და თუ არსებობს მიახლოებითი სტატისტიკა მაინც, რამდენი მეწარმე დაჯარიმდა იანვრიდან დღემდე?
- ჯარიმა დიდი არ არის - პირველ შემთხვევაში, 400 ლარი და ერთი წლის განმავლობაში განმეორებით დარღვევისთვის 1200 ლარი. სტატისტიკური მონაცემებს რაც შეეხება, ასეთი ინფორმაცია ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს.
მომხმარებელს რომ განვუმარტოთ, რატომ არ არის სასურველი გენმოდიფიცირებული პროდუქტი და განსაკუთრებით რომელ პროდუქტის მოხმარებას უნდა ვერიდოთ?
- მთავარი პრობლემა არის ის, რომ სულ რაღაც 25 წელია გენმოდიფიცირებული პროდუქტი წარმოების ტექნოლოგიას ფლობს კაცობრიობა, მისი მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები კი გაცილებით უფრო გრძელვადიანი შეიძლება იყოს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი შეიძლება მოყვეს მოდიფიცირებული გენის მოხმარებას. ამდენად, თუ შესაძლებელია, სჯობს, ფრთხილად ვიყოთ. მაგრამ არის ის მომენტიც, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი უფრო იაფია და როცა გვიჭირს, რაღაც რისკზე წასვლა გვიწევს.
შეგიძლიათ, გვითხრათ, რომელია ქართული ბაზარზე ყველაზე ფართოდ მოხმარებადი გენმოდიფიცირებული პროდუქტი?
- სოიო. ამიტომაც შევისწავლეთ ჩვენ საბითუმო წერტილი, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის სოიო. რამდენიმე ქვეყნიდან შემოტანილი სოიო შევისწავლეთ და აშშ-იდან შემოტანილი იყო გენმოდიფიცირებული. ზოგადად, მსოფლიოში, ყველაზე მეტი გენმოდიფიცირებული პროდუქტი არის სოიო. საქართველოში შემოსული 5 ქვეყნის პროდუქციიდან მხოლოდ ერთი ქვეყნის იყო გენმოდიფიცირებული. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ის გენმოდიფიცირებულ სოიოს მიაქვს ქართული ბაზარი. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოში შემოტანილი რუსულ, ინდურ და ჩინურ არაგენმოდიფიცირებულ სოიოსთან შედარებით, აშშ-ის გენმოდიფიცირებული სოიო გაცილებით ძვირი აღმოჩნდა.
საზოგადოების შეშფოთებას ხშირად იწვევს ინტერნეტით თუ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ერთგვარი ნუსხები, სადაც ბევრი პოპულარული კომპანია და პოპულარული პროდუქტია მოყვანილი და აღნიშნულია, რომ ეს არის „გრინფისის“ ოფიციალური სია და რომ „სნიკერსი“, „ნესკაფე“, „ლიპტონის ჩაი“, „კოკა-კოლა“ და სხვა გენმოდიფიცირებული პროდუქტია და განსაკუთრებით მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რას გვეტყოდით ამის შესახებ?
- კარგი იქნება, ჟურნალისტებმა გაადმოწმონ ეს ინფორმაცია. ჩვენმა ორგანიზაციამ ოფიციალურად მისწერა „გრინფისს“ ამ საკითხზე. მედიასაშუალებებსაც შეგიძლიათ, მისწეროთ და ჰკითხოთ, მართლა მათ გაავრცელეს თუ არა მსგავსი ინფორმაცია. მიიღებთ პასუხს, რომ ეს სრულიად ტყუილია. რა უნდა იყოს გენმოდიფიცირებული „სნიკერსში“, „ნესკაფეში“ „ლიპტონში“? ჩემთვის არ არის ცნობილი გენმოდიფიცირებული ყავის ან ჩაის ფართო წარმოების შესახებ. ან შოკოლადში რა უნდა იყოს გენმოდიფიცირებული - კაკაო? რა საჭიროა ეს? ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ან შეცდომით აიხსნება, ან, შესაძლოა, მინიშნება იყო ჭარბ კალორიებზე და ვიღაცამ მიიჩნია, რომ ეს ნიშნავს გენმოდიფიცირებულს. ან კიდევ - შეგნებულად გავრცელებული ტყუილია. კარგი იქნება, თუ მიუთითებთ, რომ ეს ინფორმაცია სანდო არ არის.
ლაბორატორი კვლევების და ძიებების გარეშე მომხმარებელს რამდენად შეუძლია ჯანსაღი პროდუქციის, მაგალითად ბოსტნეულის, გენმოდიფიცირებულისგან გარჩევა?
- 1-ელი აგვისტოდან უკვე ამოქმედდა ნორმა, რომელიც პროდუქტზე „ბიოს“ და „ორგანულის“ დასაწერად ლიცენზირებას მოითხოვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი სანდო იქნება. საქართველოს ორგანული სურსათის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს და ამას გამოყენება უნდა. 1-ელ აგვისტომდე ყველას შეეძლო, დაეწერა პროდუქტზე, რომ „ორგანულია“ და „ეკოლოგიურად სუფთაა“, ასეთ პირობებში რეალურად ეკოლოგიური წარმოება წამგებიანი იყო ქვეყანაში. ახლა, როცა საკითხი რეგულირებადი გახდა, შესაძლებელი იქნება ბაზარზე ცალკე სეგმენტი გაჩნდეს და ამას ყურადღებას მიაქცევს მომხმარებელიც - გაარჩევს ერთმანეთისგან კარგს და ცუდს. ვიდრე ეტიკეტი სანდო არ გახდება, გენმოდიფიცირებულის არაგენმოდიფიცირებულისგან გარჩევა მომხმარებელს არ შეუძლია.