17 აგვისტოს, ერთ–ერთი გახმაურებული მკვლელობის ორი წლისთავზე, პროკურატურას სათქმელი არაფერი აქვს; პრესა.გე–ს მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით კი დასტურდება, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმში, აგვისტოს ომიდან ორი დღის დაბრუნებული, სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი, როინ (რომა) შავაძე ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. ჯარისკაცის ქვრივი დაზარალებულად ისევ არ უცვნიათ, რაზეც პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს:
“საკუთარ მოქალაქეს ასეთი წამებით, რომ კლავენ, ამ მთავრობისგან სხვას რას უნდა მოელოდე ადამიანი?! აბა, თავის თავს დამნაშავედ ხომ არ აღიარებენ?! – რა თქმა უნდა, სიმართლის გასარკვევად არაფერს გააკეთებენ“.
აქამდე შავაძეებს თუ ღია მუქარას უთვლიდნენ, ციცინო შავაძის თქმით, ახლა შედარებით “ცივილური“ ფორმა აირჩიეს – “ჩემზე და ჩემს სანათესაოზე ღია მუქარა და ზეწოლა ჯერჯერობით აღარ ხორციელდება. თვეში ერთხელ, ნაცნობი ადამიანების მეშვეობით გვითვლიან – “დამშვიდდით, გაჩერდით, თავი შეიკავეთ...“
დღმდე შავაძეების ინტერესების დამცველ ადვოკატთან დაკავშირებას თუ ვახერხებდით, ეს ახლა ჩვენთვის შეუძლებელი შეიქნა – რამინ პაპიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს, არც მას შემდეგ უპასუხა, რაც მივწერეთ, რომ მასთან კომენტარის ჩაწერა გვინდოდა.
ჯარისკაცის ქვრივი, ციცინო შავაძე დახმარებისთვის მიმართავს ყველას, ვისაც მისი ქმრის მკვლელობის საქმეში ნათლის მოფენა ხელეწიფება – “ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ, დამეხმაროთ, ჩემი ქმრის მკვლელობის საქმის გამოძიებაში! სიმართლე მინდა, სხვა არაფერი, თორემ, მეტი ჩემს საქმეს რა ეშველება?! მერე რა რომ ახლა, ამ წუთას ჩემთან ერთად სასაფლაოზე ათეულობით ნათესავი და ჩვენი ოჯახის ახლობელია, რომლებმაც აქ მოსვლით ჩემი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგეს?! ჩემთვის და აქ მყოფი ადამიანებისთვისაც უმთავრესია სიმართლის დადგენა“.
მკვლელობის ორი წლის თავზე, ჯარისკაცის საფლავზე, ათეულობით ნათესავთან ერთად, ჯარისკაცის მეგობრები – მოქმედი სამხედროებიც არ მოერიდნენ მისვლას; მართალია, იქ სულ 5 წუთით გაჩერდნენ, მაგრამ მაინც, რაზეც ციცინო შავაძე ამბობს:
“დღეს რომას მეგობარი სამხედროები საფლავზე მოვიდნენ, 5 წუთით გაჩერდნენ, სამსახურში ყოფნა მოიმიზეზეს და მალე წავიდნენ, მაგრამ ჩემთვის ეს გასაგებია. მადლობელი ვარ, რომ წინა წლისგან განსხვავებით, წელს თითქმის ყველა მეგობარი მოვიდა. მოქმედი სამხედროები არიან და გასაგები მიზეზების გამო, მათ სახელებსა და გვარებს ვერ ვიტყვი; არ მინდა მათ ამით რაიმე ზიანი მივაყენო“.
მთავარ პროკურატურას კითხვებით ბოლოს 12 მარტს მივმართეთ, მაგრამ პასუხებს დღემდე ვერ ვეღირსეთ. მანამდე, შავაძის საქმესთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებზე პასუხი პროკურატურიდან ორჯერ მოგვივიდა. ეს ბოლოს გასული წლის აგვისტოში მოხდა, საიდანაც შევიტყვეთ, რომ როინ შავაძე არც ბრალდებულია, არც დაზარალებული და გამომდინარე აქედან, ადვოკატს საქმის მასალების გაცნობაზე უარს ეუბნებიან, ხოლო ჯარისკაცის ქვრივს დაზარალებულად არ ცნობენ.
გასული წლის აგვისტოში მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – 108 (განზრახ მკვლელობა) და 260–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი (ნარკოტიკული დანაშაულია); საქმეზე დათვალიერდა გვამი, ავტომანქანა და შემთხვევის ადგილი; მოწმის სახით 15 პირი დაიკითხა; ჩატარებულია ჩხრეკები; აგრეთვე ჩატარდა: სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბიოლოგიური, სასამართლო-ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზები; დანიშნული იყო და იმჟამად მიმდინარეობდა დამატებითი სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზა; ასევე ხორციელდებოდა ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ როინ შავაძის მკვლელობის მოკლე ისტორიას და ასე მოვიქცევით ყოველთვის, სანამ ამ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი ნაამბობი ეფუძნება ჯარისკაცის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ, ჩვენს მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ მოკვლევას.
როინ შავაძე ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული იყო, როცა (2008 წლის 16 აგვისტოს) ბათუმის ცენტრში, შუადღეს, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ჯარისკაცის დაკავების ამბავი მისმა მეუღლემ შემთხვევით, ტელეფონით შეიტყო. ოჯახმა ჯარისკაცის ასავალ–დასავალს, რომ ვერ მიაკვლია, სახალხო დამცველის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, მაგრამ როინ შავაძის ადგილსამყოფელი ვერც მათი დაადგინეს.
გვიან საღამოს, სახლში მყოფ შავაძეებს, ქუჩიდან უბნის პოლიციის თანამშრომლებმა შესძახეს – “რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო“. საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს.
ზეწოლის ამგვარი ფორმა, რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, შავაძის მეუღლეს და მის უახლოეს ნათესავებს. მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა, ტელეეკრანიდან – “ახლებმა“, “რესპუბლიკელებმა“; ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო, შავაძეებზე ტერორი შეწყდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც წინ უძღოდა შავაძის მკვლელობას – წინა დღეს როინ შავაძეს კუდ–ის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიქოვანმა, მეტსახელად “მაიმუნამ“ (გავრცელებული ინფორმაციით, კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებელმა) მიაკითხა, აჭარის კუდ–ის შენობაში მიიყვანა და ნახევარ საათში უკან დააბრუნა.
სახლში დაბრუნებულმა როინ შავაძემ მეუღლეს უთხრა, რომ “მაიმუნა“ და მისი თანხმლები პირები მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ – “მე ეს ხალხი არ მომწონს. რაში სჭირდებოდათ ჩემთან იარაღით მოსვლა?! სამინისტროში მიმიყვანეს; ერთ-ერთ კაბინეტში ჩემთვის უცხო კაცი იჯდა. “მოვიყვანე და ჰკითხეო”, - უთხრა მას “მაიმუნამ”. “მერე და ვინ დაგავალა მისი მოყვანა, ან რა უნდა ვკითხოო?!”, - ხელები გაშალა იმ კაცმა”. გზაში “მაიმუნას” უკითხავს - “თუ იცი რამდენია მკვდარიო?” ამის გამო რომა აღელვებული იყო - “მე რა, მკვდრებს ვითვლიდი, თუ სათვალავად ვყავდი გაშვებული, ეს რატომ მკითხეს, რა უნდათ ჩემგანო?!” რომამ მითხრა - “უკან რომ წამომიყვანეს, ისინიც მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ და აღმოსავლური კილო ჰქონდათ. ნუთუ უნდა მომკლანო?!” რატომ უნდა მოგკლან-მეთქი, - ვკითხე შეშფოთებულმა, რაზეც მომიგო – “მე არაფერი არ ვიცი, მე არაფერი გამიკეთებიაო”.
2008 წლის სექტემბერში, ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ შავაძეების ოჯახის ახლობელ ექიმს, რომელმაც ჯარისკაცის ცხედარი დაკრძალვამდე დაათვალიერა. მოკლედ გთავაზობთ ექიმის ნაამბობს, მაგრამ მის ვინაობას, ჯარისკაცის ოჯახის თხოვნით, კვლავ ვერ ვასახელებთ:
“წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში “დუბინკა”, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხირულული”.
იმას, რომ ჯერ “ნაწვალებია და მერე დაცხრილული“, ადასტურებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორი“–ს ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც პრესა.გე–ს თხოვნით, გაეცნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებულ, შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც პრესა.გე–მ მოიპოვა და მასზე დაყრდნობით, 18 მაისს გამოაქვეყნა მასალა სათაურით – “პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა“.
ამ დოკუმენტებით დასტურდება, რომ ომიდან ორი დღის დაბრუნებული ჯარისკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს, რაზეც ალექსანდრე გეჯაძე ამბობს: “ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს“.
ჩვენს ხელთ არსებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით, როინ შავაძის მკვლელობის საქმით დაინტერესდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, მორენო ო კამპოს ოფისი, რომლის წარმომადგენლები საქართველოში დაახლოებით თვენახევრის წინ იმყოფებდნენ, მაგრამ აქაურობა ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებს არ შეხვედრიან. ბოლო ვიზიტის დროს, კამპოს ოფისის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ესაუბრნენ. ცნობილია, რომ პროკურორი მორენო ო კამპო, თავისი ინიციატივით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინასწარ ანალიზს აწარმოებს, მოვლენებს აკვირდება, რის გაკეთებაც მან აგვისტოს ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო.