ჩემი უფროსი კოლეგა, ბატონი არჩილ მანჯგალაძე ძირძველი თბილისელი კაცი გახლავთ. ამ ცხოვრების რთულ გზაზე არაერთი სირთულე გადაუტანია, თავის დროზე სხვადასხვა სამსახურებშიც უმუშავია და ბუნებრივია გასახსენებელიც ბევრი აქვს. რამდენიმე დღის წინ ბატონ არჩილს სტუმრად ვეწვიე და ინტერვიუ ვთხოვე. რასაკვირველია უარი არ უთქვამს, მაგრამ ერთი თხოვნით კი მომმართა: - გასაუბრებით კი გაგესაუბრები, მაგრამ ალბათ უმჯობესია რამდენიმე ისტორია თავად მოგიყვე და ეს მოგონებები ყოველგვარი ინტერვიუს გარეშე გამოაქვეყნო.
რასაკვირველია ამ თხოვნაზე უარი არ მითქვამს, მე და ჩემი რესპონდენტი საბოლოოდ შევთანხმდით და არჩილ მანჯგალაძის რამდენიმე მოგონება-ისტორიას ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ჯავაჰარლალ ნერუ თბილისში
ახალგაზრდობის წლების მოგონებების გახსენებისას კინაღამ დამავიწყდა სულ პირველი შეხვედრა - ჯავაჰარლალ ნერუსთან და მის ქალიშვილთან ინდირა განდისთან.
ინდოეთის იმდროინდელი ლიდერი და მისი მომავალი შემცვლელი საქართველოში ჩამოდიოდნენ და შეხვედრის მომწყობი კომისიის გადაწყვეტილებით, მთავრობის წევრებთან ერთად მათ უნდა დავხვედროდით პიონერები - ქალ-ვაჟი.
გოგონას სახელი აღარ მახსოვს, მე კი გახარებული გავვარდი მამაჩემთან სამსახურში, ნერუს უნდა დავხვდე და პიონერთა სასახლეში მითხრეს, ასე გაბურძგნული არ დაგინახოთ, თმა შეიკრიჭე და ისე მოდიო. მამას ასეთი „ლიპა“ ღონისძიებები არ უყვარდა. ამჯერად კი ჩამიყვანა ჟორა „პარიკმახერთან“, „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის კიბის ქვეშ რომ ჰქონდა ცნობილი სადალაქო და უბრძანა, სამართებლით გადაპარსეო თმა, იმ იმედით, რომ თავგადახოტრილს დამიწუნებდნენ - შიშველი საფეთქლების ფონზე განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო გამოშვერილი ყურები.
შეხვედრის მომწყობ კომისიაში ჯერ გული შეუწუხდათ, ასე ვინ დაგამახინჯაო და სასწრაფოდ შემცვლელს დაუწყეს ძებნა, მერე კი იფიქრეს, ჯანდაბას, რაც არის, ეგ არის, ეგებ ასე სჯობდეს კიდეც: ყრმა დალაი ლამას თუ არა, წითელყელსახვევიან ბუდისტს მაინც ჰგავსო. ნერუსთვის მოდალაილამო პიონერის დახვედრება კი გარკვეული ნაბიჯი იქნებოდა ორი ქვეყნის ბავშვთა დაახლოების გზაზე.
საბოლოოდ ყველაფერი კარგად წარიმართა. ინდოეთის ლიდერს ყვავილები საზეიმოდ მივართვი და მისგან შუბლზე ერთი კოცნაც დავიმსახურე.
მახსოვს რომ საინტერესო მოვლენები ნერუს საქართველოდან გამგზავრების შემდეგ წარიმართა. წასვლისას ნერუმ სამახსოვროდ დატოვა ინკრუსტირებული სპილოს ძვლის ჯოხი - იშვიათი სილამაზის სტეკი, ხელიდან რომ არ იშორებდა. და მერე, ერთი-ორი წლის შემდეგ, საქართველოში პოლიომიელიტი რომ გაჩნდა, ხალხში ხმა გავარდა, „დეტსკი პარალიჩის“ ბაცილები იმ ჯოხში იყო, ნერუმ რომ გვაჩუქაო.
დააბრალო ასეთი რამ მაჰათმა განდის მიმდევარს, ანუ მიაწერო ინდოელებს პირველი ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნა-გამოყენება, ისეთივე ცოდვაა, როგორც - არ უღიარო თაგორის თანამემამულეებს პირველი იდეოლოგიური ბომბის - ცრემლსადენი ინდური კინოს გამოგონება.
“დინამო” – “არარატის” დაპირისპირება
ჯავაჰარლალ ნერუს შემდეგ ნება მომეცით ფეხბურთში “დინამო” -“არარატის” დაპირისპირებების თბილისური აჟიოტაჟები გავიხსენო. ამ „ამბებს“ ჩემს მაგალითზე აგიწერთ.
სტადიონზე მეგობართან, მამამისთან და მის ძმასთან ერთად დავდიოდი. მეგობრის მამა რატომღაც “დინამოს” ბომბარდირს, კალოევს ვერ იტანდა. არ ვიცი იმიტომ რომ ოსი იყო, თუ იმიტომ, რომ მისი საფიცარი მიშა მესხის ჩაწოდებული ბურთები “მუქთად” გაჰქონდა. უშუალოდ ჩვენი ადგილების გვერდით, ქვის კიბეზე ისხდნენ კალოევის პლეხანოველი ძმის – ლეოს მეგობრები, რომლებსაც უბილეთოდ უშვებდნენ და უბატონოდ ხმას ვერავინ სცემდა. ბალერინა – ჯანდაბას, მაგრამ სულ იმის შიშში ვიყავით კალოევი არ შეეკურთხებინა – მაშინ უსიამოვნება არ აგვცდებოდა.
დაიწყებოდა თუ არა თამაში, საკმარისი იყო მოედნის ცენტრში ვინმეს მხარი გაეკრა მიშა მესხისათვის, რომ მეგობრის მამა უკვე ფეხზე იყო წამომხტარი “პენალ-პენალის” ყვირილით, ხოლო რაკი მსაჯი 11-მეტრიანს არ ნიშნავდა, მეორე იარუსიდან მოედანზე მიაწვდენდა ხმას – “სუდია-დაშნაკცუცუნ!”. ბევრჯერ გაგვიშველებია, უფრო მეტჯერ კი ჩვენც მიგვიღია მონაწილეობა დანარჩენ ათობით მაყურებელთან ერთად ლოკალური ეთნოსშორისი კონფლიქტის არაპოლიტიკურ გადაწყვეტაში, ჰაოსიანთა და ქართველოსიანთა შორის რომ ატყდებოდა ხოლმე ერთ-ერთი ცენტრალური გაზეთის (მეგობრის მამა იქ მუშაობდა) ჩხუბისთავა პარტკომის გამოისობით. არადა, ამ რუსული გაზეთის რედაქციაში, სადაც ქართველებთან ერთად სომხები, ებრაელები და ოსები მუშაობდნენ, გადაყოლილი იყო თავის არაქართველ თანამშრომლებზე, სულში იძვრენდა და ხშირად პატიჟებდა სახლში. მიდი და გაიგე რამე!
ბავშვობა და მეზობელი ლოვა არაქელოვი
გაგიკვირდებათ და ერთი პიროვნება გუშინდელი დღესავით მახსოვს. მამაჩემის უახლოესი ფრონტელი მეგობარი, ოპერის მომღერალი ლოვა არაქელოვი, სომეხი იყო და ერთი ხანობა სქელი მინის ჩარჩოში ჩასმული მისი სურათი კამოდის თავზეც კი გვედგა. ამავე დროს, როდესაც ჩვენი “დინამო” ერევნის გუნდს ეთამაშებოდა, დილიდან იწყებდა ისეთ სამზადისს, გეგონებოდა, ომში მიდისო. ექვს საათზე უკვე ჰანტელები ეჭირა ხელში და ისე ხვნეშოდა, იფიქრებდი, ცემენტის ტომრებს ეზიდებაო. მერე, ჯერ ერთი ჰანტელი დაუვარდებოდა იატაკზე, მერე – მეორე, და ეს ხნეშა და ბრახა-ბრუხი იმის ნიშანი იყო, რომ მე და ჩემი ძმაც უნდა წამოვმხტარიყავით ფეხზე. ალბათ მიხვდით, ბატონმა ლოვამ “არარატის” განსაკუთრებული “სიყვარულით” და საკუთარი ჰანტელებით ჩემს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიკავა.
ქურთი რეზო
ერთი მეზობელი მყავს, ძველი მთაწმინდელი მეკურტნეების შთამომავალი, ქურთი რეზო, მეეზოვე. თუმცა დიდი ხანია, აღარც კურტანი აქვს და აღარც ღვედები, ამ კაფანდარა კაცს შეუძლია, უმძიმესი მუხის კარადა მშრალი ხიდიდან ციმციმით ამოიტანოს მთაწმინდაზე.
ზვიად გამსახურდიას პარლამენტისა და წინა მთავრობების ნახევარი - რეზოს კლასში (ან პარალელურში) სწავლობდა. იმ უბრალო მიზეზისა გამო, რომ რეზო თავდაპირველად პირველსკოლელი იყო და 47-ე საშუალოში გადაყვანამდე ორ-ორ წელიწადს იჯდა ჩვენებური სკოლების ყოველ კლასში.
ხანდაზმული ასაკის მიუხედავად გვის, წმენდს, სიმძიმეებს ეზიდება, წვალობს, მაგრამ ცოცხალი თავით არავისთან მივა რაიმეს სათხოვნელად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს. იმიტომ კი არა, რომ უარს ეტყვიან - რა უნდა სთხოვოს ისეთი - არ მივა იმიტომ, რომ მუშა კაცის სიამაყე აქვს და უკვე დიდი ხანია აირჩია თავისი ცხოვრების წესი.
თბილისის უცნაური ომი
დიდი, 1941-1945 წლების ომი არ მახსოვს, პატარა ვიყავი. დამამახსოვრდნენ მხოლოდ გერმანელი ტყვეები, თავისი ხელით გაკეთებულ სარეცხის სამაგრებს და მოწნულ ტაშტებს - ხახალეს რომ ჰყიდდნენ, და კიდევ - უფეხო ჯარისკაცები, გორგოლაჭიან ხის ურიკებზე მიკრული რომ მათხოვრობდნენ. მეზობლებს ერთნაირად ეცოდებოდათ ორივენი, გერმანელებსაც ეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ და რუსებსაც.
რაც შეეხება თბილისის ომს, რომელსაც შეიძლება უფრო ლოკალურად მთაწმინდის ომი ეწოდოს, რადგან ქალაქის სხვა რაიონებში ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდებოდა, ხოლო დეზერტირის ბაზარში გახურებული საახალწლო ვაჭრობა იყო გაჩაღებული და უმრავლესობას ფეხებზე ეკიდა, ომი რით დამთავრდებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ იგი ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა. იმხანად დროებით უმუშევრად დარჩენილი, სახლში ვიჯექი და საბრძოლო პერიპეტიებს პირველივე დღეებიდან განუწყვეტლივ ვადევნებდი თვალს ჩემი ბინის აივნიდან, რომელიც ბესიკის ქუჩას გადაჰყურებს.
მთელი ომის პერიოდში ბინა არ დამიტოვებია. საბრძოლო მოქმედებებმა ჩემს თვალწინ ჩაიარა. საინტერესოა რომ ავტომატების განუწყვეტელი კაკანის მიუხედავად, მსხვერპლი მაინც მცირე იყო, რადგან არც ერთი მხარე არ ისროდა გამეტებით.
ბესიკის კუთხეში, პურის მაღაზიასთან სამი გვარდიელი იდგა. მერე გამოველაპარაკე. გორელები აღმოჩნდნენ. ერთი მათგანი წამით მოსცილდა კედელს, ჩაიმუხლა და ზუბალაშვილების ქუჩის კუთხიდან მთავრობის სახლის მიმართულებით გაუშვა რამდენიმე ჯერი. მოარტყი ვინმეს? - ჰკითხა მეორემ. არა, და - მადლობა ღმერთს, არც აქამდე მომირტყამსო. (კიდევ იტყვიან, ქართველები გადავგვარდითო!)
ომი, რომელმაც კარგა ხნით გადაწყვიტა საქართველოს ბედი და რომელსაც დღემდე მორცხვად იხსენიებენ თბილისის 1991-92 წლების მოვლენებად, მიმდინარეობდა სულ 2-3 კვადრატულ კილომეტრზე, ზემელიდან სოლოლაკამდე, ხოლო ქალაქის დანარჩენი რაიონების მცხოვრებთა ის მცირე ნაწილი, საახალწლო სუფრის სამზადისში კიდევ რომ შერჩენოდა ინტერესი ენახა, რა ხდებოდა, სწორედ ზემელამდე მოდიოდა. მოდიოდა სეირის, პირდაპირი მნიშვნელობით აღქმული ომის თეატრის საყურებლად.
ამათთან რა გინდა?!
„იმელში“ ვმუშაობდი, სპეციალურ საგამომცემლო ჯგუფში - ვთარგმნიდი, ვასწორებდი, ხანდახან ვწერდი. ერთხელ დევი სტურუა, „იმელის“ დირექტორი, კაცი რომელიც ანდროპოვისდროინდელ სიმკაცრის ხანაშიც კი არ წყრებოდა დაგვიანებაზე გვეუბნება, ხვალ ჯუმბერ პატიაშვილი გვეპატიჟება ზოოვეტის საცდელ მეურნეობაში, უნდა დაგვათვალიერებინოს, გავდივართ 9 საათზე, არ დააგვიანოთო.
მაშინ ჯუმბერ პატიაშვილი ცეკას მდივანი იყო სოფლის მეურნეობის დარგში. მე ინსტიტუტიდან ვიცნობდი, ოღონდ შორიდან, ჩვენი კომკავშირის მდივანი იყო და ვისაც რა საქმე ჰქონია, აქებდნენ, კაი ბიჭიაო.
წავედით, დავათვალიერეთ მეურნეობა. მეგზურობას თავად პატიაშვილი გვიწევდა. ყველა მუშას სახელით იცნობდა და ეტყობოდა, ხუთი თითივით იცოდა ყველაფერი. სადილობის დრომ რომ მოატანა, სუფრა გაიშალა. თამადად თვითონ მასპინძელი დადგა.
რომ წამოვიშალეთ, პირსაბანში შევედი. პატიაშვილი ხელს იმშრალებდა. გამოვემცნაურე. კი მაგრამ, აქ, ამ სუფრაზე საიდან მოხვდიო, მკითხა. „იმელში“ ვმუშაობ, ლენინს ვთარგმნი-მეთქი. შენ კი რა გითხარი, მოსულიყავი ბიჭო ჩემთან, გზაზე დაგაყენებდი. რა გინდა ამათთან, ხვალვე დამირეკე, ამოდი და რაღაც მოვიფიქროთ, იცოდე გელოდებიო.
მეორე დღეს მომერიდა მისვლა, მერეც ვითრიე ფეხი, ცოტა ხანში კი პირველ მდივნად დანიშნეს.
„იმელში“ დავრჩი და გაუქმებამდე იქ ვმუშაობდი. ბოლო დღეს, ოთახებს რომ ცლიდნენ და მარქსიზმის კლასიკოსთა შრომები - მათ შორის, ჩემი თარგმანები - ვესტიბიულში გამოყარეს, რამდენიმე კაცი მუხლამდე ლენინის ტომებში ჩავდექით და ამ საისტორიო საწნეხელში სამახსოვრო სურათი გადავიღეთ.
ახალი ეპოქა იწყებოდა - ძველი კერპების მსხვრევის და ახლების გაკერპებისა...