„კოლმეურნის ქორწინება“

„კოლმეურნის ქორწინება“

რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე ერთ ისტორიას არაერთხელ იგონებდა:

„ერთხელ თბილისში ჩამოსული ცნობილი რუსი მსახიობი ალექსანდრე პოპოვი ესწრებოდა სპექტაკლს „კოლმეურნის ქორწინება“.

სპექტაკლი რომ დამთავრდა, მთხოვა, გამეცნო ხარიტონის როლის შემსრულებელი მსახიობი. რა თქმა უნდა, წავიყვანე გიორგი შავგულიძის ოთახისკენ. სანამ მასთან ავედით, უკვე გრიმი მოეხსნა და წელამდე შიშველი ონკანს შედგომოდა. იბანდა.

პოპოვს დავანახე გიორგი. მან შეხედა ამ ათლეტური აღნაგობის ულამაზეს მამაკაცს, საერთო რომ არაფერი ჰქონდა ხარიტონთან. გაოცებული მომიბრუნდა და მითხრა: - ხარიტონის ნახვა მინდა, ხარიტონისო. მეც ვუთხარი: ეს გახლავთ-მეთქი ხარიტონი.

პოპოვის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მივიდა გიორგისთან, მოეხვია და სველი გულმკერდი დაუკოცნა. შემდეგ კი უთხრა: - ან თქვენ უნდა ჩაგიყვანოთ მოსკოვში, ან ჩვენი თეატრი უნდა ჩამოვიყვანო თბილისში, რომ გავაგებინო, რას ნიშნავს კომედიური მსახიობი“.