რატომ კბენს ძაღლი ადამიანს

რატომ კბენს ძაღლი ადამიანს

დასავლეთ ევროპაში ყოველი სამი ოჯახიდან ორს შინაური ცხოველი ჰყავს. მაგალითად, საფრანგეთში, შინაური ცხოველების მიახლოებითი რაოდენობა 35 მილიონია, მათგან 18 მილიონი კი ძაღლია.

მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტია, რომ შინაურ ძაღლს ბავშვისთვის მორალური, შემეცნებითი და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის განმამტკიცებელი ეფექტი გააჩნია. ძაღლის ნაკბენი ან ნაკაწრი ამ ურთიერთობის მუდმივი ატრიბუტია, ამ ფაქტს კი შესაძლებელია, გარკვეული გართულებები მოჰყვეს. ამიტომ ურიგო არ იქნება თუ დავეუფლებით გარკვეულ ინფორმაციას ამ მიმართულებით.

ევროპულ ქვეყნებში ძაღლის დაკბენილ ბავშვთა ყოველწლიური რაოდენობა, რომელთაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, მერყეობს 50 000-დან 100 000-მდე. დაზარალებულთა უმრავლესობის ასაკი 1-დან 15 წლამდე მერყეობს. ამერიკელი ბავშვების 40 პროცენტისთვის კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უკბენია ძაღლს.

საინტერესო ფაქტია, რომ კბენის ადგილი კანონზომიერ კორელაციაშია დაზარალებულის ასაკთან. ბავშვებს ყველაზე ხშირად უზიანდებათ სახე და კისერი, ზრდასრულებს კი კიდურები. ხშირად აღინიშნება კომბინირებული ნაკბენი, რისი მიზეზიც ხანგრძლივი თავდასხმა ან ორი აგრესიული ძაღლია. ნაკბენთა უმრავლესობა კეთილსაიმედოა, მაგრამ კანისა და კუნთის ფართო დანაკარგის გამო, ყველა შემთხვევაში არაესთეტიკური ნაწიბური რჩება შეხორცების შემდეგ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კბენის ფაქტთა უმრავლესობა სახლის პირობებში ხდება, უფრო ხშირად მეგობართან. დასაბუთებული ფაქტია, რომ თავდასხმათა უმრავლესობა თავად დაზარალებულების მიერაა პროვოცირებული. გამოყოფენ ძაღლის თავდასხმის ოთხ მიზეზს.

პირველის მიზეზი შიშის გამო განვითარებული აგრესიაა. ინციდენტს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ძაღლისთვის უცხო პიროვნება ცდილობს მოეფეროს ან ეთამაშოს მას, მოქაჩოს ბალანი, ჩაეხუტოს ან ხელში აიყვანოს. ძაღლის შიში იზრდება თუ ის დაბმულია. მეორე მიზეზი უყურადღებობაა. ძაღლი ყოველთვის ცდილობს მოერიდოს ადამიანთან კონტაქტს. უყურადღებო ადამიანი შეიძლება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღიზიანებდეს ცხოველს, ან სულაც ფეხი დააბიჯოს მას. მესამე მიზეზის მიხედვით, არ უნდა ვინერვიულოთ. თუ ადამიანს პანიკურად ეშინია ძაღლის, ძაღლს ჰგონია, რაღაც კარგი არ ხდება, ჰგონია, რომ ქურდს ან ბოროტი განზრახვის მქონე პიროვნებას აკვირდება. ეს პასუხად იწვევს ყეფას და შესაძლებელია, საქმე კონტაქტამდეც მივიდეს.

ბოლო მიზეზი გაბრაზებაა. ჯოხის ან ქვის ხელში აღება ყოველთვის იწვევს საპასუხო აგრესიას. ამ დროს სიმშვიდეა აუცილებელი, დაე, ძაღლს ეგონოს რომ თქვენი სიმშვიდე სიძლიერის ნიშანია. იმოძრავეთ ნელა, არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეთ. ასევე, არ შეიძლება ცხოველისთვის თვალებში შეხედვა, ეს პირდაპირი გამოწვევა იქნება თქვენი მხრიდან.