ქართული ოცეული სწავლებაში „Rapid Trident 2014“ ჩაერთო

ქართული ოცეული სწავლებაში „Rapid Trident 2014“ ჩაერთო

უკრაინაში, იავორივის საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში ბატალიონის დონის მრავალეროვნული საველე სწავლება „Rapid Trident 2014“ მიმდინარეობს. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეული მონაწილეობს.

საერთაშორისო საველე სწავლების მიზანი NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა. სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით უწევს მოქმედება.

„Rapid Trident 2014“-ის პირველი კვირა სიტუაციურ სწავლებას ეთმობა, რომელიც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენასა და გაუვნებელყოფას, კონვოის ოპერაციებსა და პატრულირებას მოიცავს. სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით იმართება. წვრთნაში 15 ქვეყნის ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, ბრიტანელი, გერმანელი, ლატვიელი, ლიტველი, მოლდოველი, ნორვეგიელი, პოლონელი, ბულგარელი, კანადელი, რუმინელი და ესპანელი 1300-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. მრავალეროვნული საერთაშორისო საველე სწავლება „Rapid Trident 2014“ 26 სექტემბერს დასრულდება.