პოლონეთის სამხედრო ჟანდარმერიის უფროსის ვიზიტი საქართველოში

პოლონეთის სამხედრო ჟანდარმერიის უფროსის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის სამხედრო ჟანდარმერიის უფროსი, გენერალ-მაიორი მიროსლავ როზმუსი ეწვია. პოლონელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა უმასპინძლა.

დღეს, პოლონეთის სამხედრო ჟანდარმერიის დელეგაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებებზე ისაუბრეს და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთანაც გამართა შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა პოლონეთის სამხედრო ჟანდარმერიის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საქართველოში მსგავსი ვიზიტი პირველად განხორციელდა. დაისახა სამომავლო გეგმები, სადაც მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული სამხედრო პოლიციის განვითარებას ეთმობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ასევე, გაჟღერდა იდეა, ქართული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულის პოლონეთში დისლოცირებულ საერთაშორისო პოლიციური ბატალიონის შემადგენლობაში ჩართვის შესახებ“. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის სამხედრო ჟანდარმერიის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“, ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადასა და  დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. გენერალ-მაიორმა მიროსლავ როზმუსმა შეხვედრები გამართა ხელმძღვანელ პირებთან და  ადგილზე მიმდინარე პროცესებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.