ლიტვის გენერალური ინსპექციის დელეგაციის ვიზიტი

ლიტვის გენერალური ინსპექციის დელეგაციის ვიზიტი

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის  წარმომადგენლები იმყოფებიან.  ვიზიტი საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი  თანამშრომლობის ფორმატში განხორციელდა.

დღეს, დელეგაციის წევრები, გენერალური ინსპექტორის, პოლკოვნიკ ოვიდიუს ეიტმინიავიჩუსის ხელმძღვანელობით,  საქარველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს კახაბერ  ჩიქოვანს შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  გენერალური ინსპექციის სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ქართულმა მხარემ ლიტველი კოლეგების რეკომენდაციებიც მოისმინა. კახაბერ ჩიქოვანმა ლიტველ სტუმრებს  თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში  მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე   პრეზენტაცია  წარუდგინა. საუბარი შეეხო, ასევე, სამომავლო  თანამშრომლობის გეგმებს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს, პოლკოვნიკ არსენ ცუხიშვილთან და გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან.

საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები, პოლკოვნიკ ოვიდიუს ეიტმინიავიჩუსის მიწვევით,  სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდნენ.