საერთაშორისო სწავლება „Sea Breeze 2014“

საერთაშორისო სწავლება „Sea Breeze 2014“

უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2014“ ჩატარდა. აშშ-უკრაინულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის ოფიცრები მონაწილეობდნენ.

ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლების მიზანს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, შავი ზღვის აუზისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა. ქართველი ოფიცრები, უცხოელ კოლეგებთან ერთად, ოდესის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მდებარე მრავალეროვნული ადმინისტრაციული შტაბიდან ხმელეთსა და ხომალდებს შორის  კოორდინირებას, ძალთა მართვასა და კონტროლს ახორციელებდნენ.

სწავლებაში უკრაინული საშტაბო ხომალდი ,,H.SAHAIDACHNIY” მონაწილეობდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი,  უცხოელ სამხედროებთან ერთად,  საძიებო-სამაშველო, ერთობლივი საზღვაო მანევრების, წყალქვეშა ნავის ძებნის, დამრღვევი ხომალდების აღმოჩენის, თვალთვალის, დადევნებისა და დაკავების ოპერაციების დაგეგმვის პროცესში იყო ჩართული.

სწავლების დასასრულს, კოორდინატორი ოფიცრის მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სწავლების დირექტორატიდან  შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

აშშ-უკრაინული მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „Sea Breeze 2014“ ყოველწლიურად იმართება. წელს, ქართველ ოფიცრებთან ერთად, საზღვაო წვრთნაში უკრაინის, აშშ-ს, კანადის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, შვედეთის, თურქეთისა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. წვრთნაში ასევე, მონაწილეობდა გამანადგურებელი ხომალდი - ,,ROSS” (აშშ), ფრეგატი - ,,TORONTO” (კანადა),  ფრეგატი - ,,ADM DE BORBON” (ესპანეთი), კორვეტი - ,,BUYUKADA” (თურქეთი), ფრეგატები - ,,E.SEBASTIAN” და  ,,R.FERDINAND” (რუმინეთი), ასევე, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვის ხომალდი ,,H.SAHAIDACHNIY” და სხვადასხვა კლასის სარაკეტო, საპატრულო და დამხმარე კატარღები.