იაფ საკვებთან ერთად იაფი კრედიტების ეპოქაც დასრულდა

იაფ საკვებთან ერთად იაფი კრედიტების ეპოქაც დასრულდა

[ეკა ბაქრაძე]

ბანკებმა კრედიტების გაძვირება უკვე დაიწყეს. რეალურად კი ამას დეპოზიტების გააქტიურების პროცესს ეძახიან. საქმე ისაა, რომ ქართული ბანკები საზღვარგარეთ „იაფ ფულს“ ვეღარ შოულობენ და ამიტომ, შიდა რესურსებით აპირებენ თანხების მოზიდვას. ასეთი პოლიტიკა კი მხოლოდ ანაბრებზე სარგებლის გაზრდითაა შესაძლებელი. თუკი ანაბრებზე პროცენტი გაიზარდა, ავტომატურად მოიმატებს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთიც.

არსებული მონაცემებით, წლის დასაწყისიდან სესხები 1,5-2%-ით არის გაძვირებული. ეს მაშინ ხდება, როდესაც იანვრამდე კრედიტებზე განაკვეთი მცირდებოდა. ორმა უმსხვილესმა ბანკმა სპეციალურად დაბალი საპროცენტო განაკვეთებიც კი შეუმუშავეს და საკრედიტო ბაზრის წახალისება მოახდინეს.

2010 წლის ბოლოს კრედიტებზე საშუალო საბაზრო განაკვეთი 13-15%-მდე ჩამოვიდა. ერთი წლის განმავლობაში ბანკების საკრედიტო პორტფელი 1,162 მილიარდი ლარით გაიზარდა და თებერვლისთვის ისტორიულ მაქსიმუმს - 6,415 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მოიმატა იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების მოცულობამაც. თავისთავად ბანკების მოგებაც გაიზარდა.

საბანკო ექსპერტის ირაკლი კოვზანაძის თქმით, ლარის კურსის გამყარების გამო, ბანკებს შემოსავალი შემოაკლდათ და არ არის გამორიცხული, მათ საპროცენტო განაკვეთებში კორექტირება მოახდინონ. არსებული ინფლაცია ყველაფერზე იმოქმედებს. გარკვეულ პერიოდებში, მისი გავლენა მოსალოდნელია დეპოზიტებზეც.

„პირველ ეტაპზე უნდა დაისვას საკითხი, ეროვნული ვალუტის გამყარება გავლენას რა მიმართულებით მოახდენს. ცხადია, საბანკო სისტემის შემოსავლებს შეამცირებს, რადგან დოლარიზაცია საბანკო აქტივების 75 პროცენტია. სესხების მოცულობა, რაც გაცემულია უცხოურ ვალუტაში, ეროვნული ვალუტის შესაბამსაობაში შემცირდება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ კურსის გამყარების მიუხედავად, ნავთობსა და პირველადი მოხმარების სხვა საგნებზე ფასები დაბლა არ იწევს. არის თემები, რაც ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. მართალია, ვცდილობთ ინფლაციის დათრგუნვას, მაგრამ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, კურსის გამყარება ნეგატიური პროცესია. ამიტომ ეს არის უაღრესად მგრძნობიარე ფაქტორი, პირველ რიგში, ბანკებისთვის, რადგან მათი შემოსავალი რეალურად მცირდება“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდას ბანკებმა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების გამო მიმართეს. ეს პროცესი, სავარაუდოდ, ბანკებს კიდევ უფრო დაასუსტებს.

„ბანკების მომსახურებაზე ცუდი გავლენა რეფინასირების (საპროცენტო განაკვეთი, საიდანაც ეროვნული ბანკი სესხს აძლევს კომენრციულ ბანკებს) განაკვეთმა იქონია. ამის გამო ბანკები საპროცენტო განაკვეთების ზრდას ცდილობენ, რაც აშკარად შესამჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ რეფინასირების განაკვეთი შვიდდღიანია, ბანკები მაინც ზრდიან განაკვეთებს.

კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის გაძვირება შესამჩნევი ტენდენციაა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა ისეთი მექანიზმები, როგორიცაა რეფინასირების განაკვეთი, თანხების 15-პროცენტიანი დარეზერვება და ა.შ. ეროვნული ბანკი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი თანხა ამოიღოს ქვეყნის ეკონომიკიდან ბანკების მეშვეობით. შედეგად, ბანკებს ოპერირებისთვის ნაკლები თანხა შერჩებათ.

საბანკო სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ გაძვირებასთან ერთად, ბანკები უახლოეს მომავალში კრედიტების გაცემასაც შეზღუდავენ.