მგრძნობიარე ჩარლი

მგრძნობიარე ჩარლი

ერთხელ ამერიკაში ბოშამ მას უწინასწარმეტყველა, რომ ის წარმატებული, მდიდარი ადამიანი იქნებოდა, სამჯერ იქორწინებდა და სამი შვილის მამა გახდებოდა. ხელის გულზე ”სიცოცხლის ხაზები” ქალმა ყურადღებით ათვალიერა და ბოლოს ისიც დაამატა, რომ მესამე ქორწინება ხანგრძლივი აღმოჩნდებოდა და სრულ სიმშვიდეში ის 82 წლამდე იცოცხლებდა.

გავიდა მრავალი წელი და ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი მართლაც გამდიდრდა, მიიღო სერის ტიტული და გახდა მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი მსახიობი. თუმცა, დაქორწინდა იგი არა სამჯერ, არამედ ოთხჯერ და იმაზე ხუთი ბავშვით მეტი ეყოლა, ვიდრე მას მკითხავმა უწინასწარმეტყველა. რაც ზუსტად ახდა იყო, ის რომ ჩაპლინს მართლაც 82 წლის ასაკში გამოემშვიდობნენ. 

არ არის სავალდებულო, პირველი სიყვარული ყოველთვის ოჯახის შექმნით მთავრდებოდეს, ეს ყველამ ვიცით, თუმცა ისიც ვიცით, რომ იგი ადამიანს მაინც მთელი სიცოცხლე ამახსოვრდება. ჩაპლინის ცხოვრებაშიც სწორედ ასე მოხდა. ახალგაზრდა ბალერინას, რომელიც მას თავდავიწყებით შეუყვარდა, ჰეტი კელი ერქვა. გოგონა ანსამბლში ცეკვავდა, სახელად ”იანკი დიდს გერლ”. გამხდარი, დაბალი, ხუჭუჭთმიანი ჩარლი ყოველდღე აკითხავდა შეყვარებულს, საცეკვაო სტუდიაში და შემდეგ სახლში აცილებდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ გოგონამ მას უარი უთხრა და 11-დღიანი რომანიც უეცრად დასრულდა.

საოცარი ის არის, რომ ამ დღიდან სამოცი წლის შემდეგ, ჩაპლინს არა მარტო სიფრიფანა მოცეკვავე და მისი პირველი პაემანი ახსოვდა, არამედ საპნის სუნიც კი, რომლითაც პატარა ბალერინა ხელებს იბანდა.