1956 წელს კანის კინიფესტივალს ალენ დელონი მეგობარ ჟან ბრიალთან ერთად ესწრებოდა. აქ იგი ”MGM“-ის სტუდიის წარმომადგენლებმა შენიშნეს და საცდელ გადაღებებში მონაწილეობა შესთავაზეს.
მოგვიანებით სტუდიის მესვეურებმა აიძულეს მას ინგლისურის კურსები გაევლო და ჰოლივუდში რამდენიმე წლით დარჩენაც სთხოვეს. თუმცა ზუსტად ამ პერიოდში, მას რეჟისორი ივა ალეგრე შეხვდა და მან დაარწმუნა, რომ კარიერის გაკეთება საფრანგეთში აჯობებდა. 1957 წელს ალენ დელონის დებიუტი შედგა ამ რეჟისორის ფილმში ”როდესაც ქალი ერევა”. დამწყებმა მსახიობმა განგსტერის როლი ითამაშა.
ალენ დელონი და რომი შნაიდერი - ეს წყვილი ერთმანეთს პირველად ფილმ ”კრისტინას” გადაღებებზე შეხვდა. გოგონა სულ რაღაც 20 წლის იყო, თუმცა, როგორც მსახიობი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1959 წელს ახალგაზრდები დაინიშნენ, მაგრამ რომანი, სავსე ტანჯვითა და უდიდესი ვნებით, ქორწინებით მაინც არ დასრულებულა.
”კრისტინას” შემდეგ მსახიობს ისეთმა რეჟისორებმა მიაქციეს ყურადღება, როგორებიც იყვნენ რენე კლემანი და ლუკინო ვისკონტი. კლემანმა იგი პატრიცია ჰაისმიტის რომანის ეკრანიზაციის გადაღებებში მიიწვია, ფილმს ერქვა - ”ნიჭიერი მისტერ რიპლი”, ვისკონტიმ კი სურათში ”როკო და მისი ძმები” მიაღებინა მონაწილეობა. სხვათა შორის, ამ კინოსურათმა ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
1960 წელს ალენ დელონი კინოს ვარსკვლავად იქცა. 1962 წელს, მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარა, რადგან, ასევე ვისკონტის ფილმისათვის ”ლეოპარდი”, კანის ფესტივალზე ”ოქროს პალმის რტო” დაიმსახურა. ამ დროს ალენმა ვინმე ნატალი ბარტელემი გაიცნო. როდესაც მსახიობი ”შავი ტიტას” გადაღებისთვის ესპანეთში გაემგზავრა, ქალი მას თან გაჰყვა, ნატალი მსახიობისაგან ბავშვს ელოდებოდა. 1964 წლის 13 აგვისტოს ისინი დაქორწინდნენ.
1964 წელს ალენ დელონმა საკუთარი კინოკომპანია დააარსა და პროდიუსერობაც თავად იკისრა. მას შემდეგ 26 ფილმის პროდიუსერი გახდა, ხოლო 1976 წელს სცენარისტობასაც მიყო ხელი. რა დარჩა?! - მხოლოდ რეჟისორის სავარძლის მორგება! მსახიობმა აქაც სცადა ბედი და მისი პირმშო გახდა ფილმი - ”პოლიციელის ტყავისათვის”.