სახელმწიფოს პროგრამებით დაზღვეულთა პრობლემებს ყველა აღიარებს

სახელმწიფოს პროგრამებით დაზღვეულთა პრობლემებს ყველა აღიარებს

[ლელა კობერიძე]

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო სამედიცინო პროგამების განხორციელებისთვის 300 მილიონზე მეტს ხარჯავს. თუმცა, ძალიან ბევრი სპეციალისტი, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პროგრამის განხორციელებას უამრავი ხარვეზი ახლავს და დაზღვეულები ვერ იღებენ, გამოყოფილი თანხის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. შესაბამისად, სახელმწიფო თანხის გარკვეული ნაწილი არაეფექტურად იხარჯება.

აღსანიშნავია, რომ „ჟურნალისტთა კვლევის ცენტრი“ და გაზეთი „რეზონანსი“ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და შვედეთის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ პროგრამას, რომლის მიზანი დაზღვეულთა ინფორმირების დონის გაზრდაა.

სამშაბათს ჟურნალისტური კვლევის ცენტრის ორგანიზებით პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დეპუტატები, სადაზღვევო კაოპანიებისა, ჯანდაცვის სამინისტროს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მასმედიის წარმომადგენლები.

იმისთვის, რომ პროგრამა ეფექტური გახდეს და მასში მონაწილეპირებმა სათანადო მომსახურება მიიღონ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, როგორც საკანონმდებლო სრულყოფის, ისე რეგულირების გამკაცრების კუთხით.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილის ელისო ჩაფიძის ინფორმაციით, რედაქციას უმწეოთა პროგრამით დაზღვეულები მიმართავენ. მათ აინტერესებთ ბევრი საკითხი, მაგალითად, შედის თუ არა ქრონიკული დაავადებების მკურნალობა მათ სადაზღვევო პოლისებში, ვის უნდა მიმართონ დავის წარმოქმნის შემთხვევაში და ა.შ.

პროექტის იურისტი ირაკლი გუნიავა აღნიშნავს, რომ დაზღვეულსა და დამზღვევის ურთიეთრობების რეგულირება მნიშვნლოვანი პრობლემაა, რომელიც სახელმწიფოებრივ მიდგომას მოითხოვს. მისი თქმით, არსებული კანონი ე.წ. ეკონომიკური მხარის რეგულირებას ახდენს, ანუ რეგულირდება დამზღვევის ფინანსური მხარე, მაგრამ კანონში ძალიან ცოტა წერია დაზღვეულისა და დამზღვევის ურთიეთრობების რეგულირებაზე.

„როდესაც დაზღვეულები მომმართავენ ამა თუ იმ შეკითხვით, იმის მაგიერ, რომ გამოვიყენო დაზღვევის შესახებ კანონი პასუხის გაცემა სამოქალაქო კოდექსიდან მიხდება. სადაზღვევო კანონი ორაზროვანია, ასევე გაუგებრად არის შედგენილი ხელშეკრულებები.  არ არსებობს ამ სისტემის რეგულირების რეალური მექანიზმი.  ჩემთვის ასევე გაუგებარია რის მიხედვით ხდება სოციალურად დაუცველი პირებისთვის სპეციალური ქულების მინიჭება. არ არის მოქნილი სტრუქტურა, სადაც დაზღვეულთა პრეტენზიები სათანადო დონეზე იქნება განხილული. აღსანიშნავია ისიც, რომ საკუთარი უფლებების დაცვის თვალსაზრისით პედაგოგები უფრო აქტიურები არიან“, - ამბობს ირაკლი გუნიავა.

მსგავს პრობლემებზე საუბრობს კონტროლის პალატის წარმომადგენელი გიორგი ალასანია. შეგახსენებთ, რომ პალატამ სადაზღვევო კომპანიებში აუდიტი ჩაატარა და წინასწარი დასკვნაცწარმოადგინა. დასკვნა იმდენად მძიმე იყო, რომ მას კომპანიებისა და სამინისტროს წარმომადგენლების დაპატიმრებაც მოჰყვა.

„არ გაკეთებულა ანალიზი ამ პროგრამის განხორციელებით რა ხარჯი აირიდა მოსახლეობამ. ასევე უგულებელყოფილია ანგარიშგების სისტემა, ანგარიშგების ერთი ფორმა ყველა სადაზღვევო კომპანისთვის არ არსებობს, რაც პროგრამის ეფექტიანობასა დახარვეზებს უფრო ცხადყოფდა. მოსახლეობის მხოლოდ 20% სარგებლობს იმ მომსახურებით, რომელსაც სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფს. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.

სუსტია სახელმწიფო რეგულირება, საკანონმდებლო ბაზა არ ითვალისწინებს ანგარიშგების სისტემას. ასეთი შეფასებების გაკეთება აუცილებელია, რათა გავიგოთ ხომ არ შევცვალოთ სადაზღვევო პირობები, პრემიალური სისტემა რის მიხედვით უნდა შეფასდეს“, - ამბობს გიორგი ალასანია.

ქრისტიან-დემოკრატების წევრი მაგდა ანიკაშვილი მიიჩნევს, განცხადებით, მართალია ამ პროგრამას მნიშვნელოვანი ხარვეზები ახლავს, მაგრამ კონტროლის პალატის დასკვნამ სადაზღვევო კომპანიებს სერიოზული დარტყმა მიაყენა და მოსახლეობის უნდობლობა ამ კომპანიების მიმართ უფრო გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ანიკაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემები ისე უნდა გადაიჭრას, რომ სადაზღვევო კომპანიებს იმიჯი არ შეელახოს.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით მოსახლეობას და პროგრამის ირგვლივ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მიჩნდება ეჭვი ხელოვნურად ხომ არ უქმნიან დაზღვეულებს პრობლემებს, რათა მათ ვერ მიიღონ საჭირო სამედიცინო ანაზღაურება და ამით თანხა დაზოგონ. არსებული ბარიერების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია უარი თქვას სამედიცინო მომსახურებაზე, ვინაიდან ქართული მენტალობიდან გამომდინარე, სასამართლოს არავინ მიმართავს. შესაბამისად, კიდევ უფრო იზრდება კომპანიების მიმართ უნდობლობა. მიმაჩნია, რომ ძალიან მგიშვნელოვანია მედიაციის სამსახური გაძლიერება. ასევე უნდა განვითხილოთ სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნა“, - ამბობს მაგდა ანიკაშვილი.

სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის შექმნას პარლამენტარი გიგი წერეთელი უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, მისი თქმით, თავის დროზე ამ სისტემამ მაღალი კორუმპირებულობის გამო ვერ გაამართლა. «ასეთი ღონისძიება, სადაც სადაზღვევო საკითხში ჩართული ყველა მხარე მონაწილეობს, კარგა ხანია არ გამართულა. ასევე მიხარია, რომ ჩვენი ოპონენტები სადაზღვევო საკითხებში უკეთესად ერკვევიან.

რაც შეეხება ინფორმირებულობას ამ თვალსაზრისით სიმეტრია ყოველთვის დარღვეული იქნება, პროდუქტის შემქმნელმა ამ პროდუქტის შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე მომხმარებელმა. თუ ამ დისბალანს კომპანია არაკეთილსინდისიერად იყენებს ეს ბუნებრივია ცუდია.

თუმცა, ყველამ უნდა აღიაროს, რომ სამედიცინო დაზღვევის განვითარების კუთხით სახელმწიფომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო. ძველ სისტემას იმიტომ არ ვუბრუნდებით, რომ მან არ გაამართლა. არ უარვყოფ, რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ კულტურა გაცილებით გაიზარდა, უფრო მეტი ადამიანი კითხულობს კონტრაქტს და ერკვევა საკუთარ უფლებებში. მეტადაც დავობენ“, - ამბობს გიგი წერეთელი.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის რუსუდან რუხაძის განცხადებით, სამინისტრო ამ პრობლემების შესახებ მუშაობს.  იქმნება სტრატეგია, რომელის ფარგლებშიც მოსახლეობას სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება. მისი განცხადებით, სახელმწიფომ სოციალური მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისთვის ბევრი რამ გააკეთა და ამ საკითხის მხოლოდ ნეგატიურად შეფასება დაუშვებელია.