„ხუდონჰესისთვის შესაძლოა, 10 წლის შემდეგ წყალი აღარ იყოს“

„ხუდონჰესისთვის შესაძლოა, 10 წლის შემდეგ წყალი აღარ იყოს“

მწვანეთა მოძრაობის - „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, 10 წლის შემდეგ ხუდონჰესს ენგურის წყალი აღარ ეყოს.

როგორც For.ge-სთან საუბარში ნინო ჩხობაძე განმარტავს, დიდი ალბათობაა, წყლის ჩამონადენი შემცირდეს, რადგან მიმდინარეობს ინტენსიური დნობა და ის, რომ დღეს „ენგურს“ წყალი აქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ 10 წლის შემდეგ იქ წყალი ისევ იქნება.

„ტემპერატურა აწეულია მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგნოზი მტკნარი წყლის შემცირებაა. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილებების პირველი ინდიკატორი მყინვარების დნობაა. ენგური არის მდინარე, რომელიც იკვებება მყინვარებით და თუ მყინვარი დადნა, შესაბამისად, წყალი აღარ გვექნება. ჩვენ ვითხოვთ გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რომელზეც აცხადებენ, რომ ეს ანგარიში მზად აქვთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი და უნდა იყოს მკაფიოდ კომპენსირებული. პირველ რიგში, გათვლილი უნდა ჰქონდეთ, მტკნარი წყლის რამდენი მარაგია მყინვარზე. რა პერსპექტივა გვაქვს, ანუ რამდენ წელიწადში აღარ გვექნება მყინვარი, რადგან ძალზე ინტენსიური დნობაა დაწყებული. ენგური და ალაზანი საკმაოდ წყალუხვია წელს, ტემპერატურა მაღალია და მიდის სერიოზული დნობა. ორივე მდინარე ძირითადად დამოკიდებულია მყინვარზე. ეს არ არის მდინარეები, რომლებიც იკვებებიან წვიმით, თუმცა წვიმასაც არ ვყავართ განებივრებული. აქედან გამომდინარე, ყველა ნიშანია იმისა, რომ გლობალური ცვლილებები დაწყებულია“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

მისი თქმით, წყლის ნაკლებობა სერიოზულ პრობლემას უქმნის არა მარტო ხუდონის მომავალ მშენებლობას, არამედ ენგურს. კერძოდ, თუ ხუდონი უნდა აშენდეს თაღოვანი კაშხლით, მაშინ რისკები გაზრდილია, ხოლო, თუ ხუდონი არ იქნება თაღოვანი და იქნება სხვა ტიპის (ანუ იქნება სხვა ჰიდრო ელექტროსადგური, ცოტა უფრო ზემოთ და იქნება ნაყარით გაკეთებული), მაშინ ის პრობლემა, რომელიც გვაქვს ენგურთან მიმართებით, მოიხსნება. თუ წყალი არ იქნება ენგურში, მაშინ მდინარის ზედა ნაწილში უნდა იყოს რაღაც დაგუბება, ექსტრემალური სიტუაციის დროს წყლით უნდა შეივსოს ენგური, ჯვრის კაშხალი, რომ არ მოხდეს ტრაგედია.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ნინო ჩხობაძე ასკვნის, რომ არ შეიძლება ჩვენს რეგიონში ორი დიდი საფრთხე არსებობდეს. ერთი საფრთხეა ენგური, ანუ ჯვრის კაშხალი და მეორე საფრთხე - ხუდონი, რადგან ერთია თაღოვანი კაშხლით და მეორის აშენებასაც ისევ თაღოვანი კაშხლით აპირებენ. ამდენად, ორი დიდი მონსტრის არსებობა ამ ხეობას და, ზოგადად, დასავლეთ საქართველოს დიდ საფრთხეს შეუქმნის.

„ჩვენმა ენერგეტიკოსებმა იციან და ხმას არ იღებენ, რომ ჩვენი მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალი სულ ბოლოს 70-80-იან წლებში შეფასდა, მას შემდეგ შეფასება არ მომხდარა. ეს გასაკეთებელია. როგორც ვიცი, ამზადებენ კიდეც საფუძველს, რომ თავიდან შეფასდეს ქვეყნის ენერგეტიკული პროცესები“,-აცხადებს ნინო ჩხობაძე.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ იქნება თუ არა ხუდონჰესისთვის წყალი 10 წლის შემდეგ, საამისო პროგნოზის გაკეთება ძალზე დიდ მეცნიერებსაც არ შეუძლიათ. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„მსოფლიოში არსებობს მეცნიერთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გლობალური დათბობის პროგნოზებს და ამბობენ, რომ გლობალური დათბობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სულაც არაა ადამიანის ტექნოლოგიური ქმედებით გამოწვეული, არამედ ეს არის ციკლები, რომლებიც დედამიწას პერიოდულოად ემართება. მაგალითად, ცნობილია, რომ რამდენიმე საუკუნის წინაც იყო ბევრად მეტი დათბობა, მაგრამ მაშინ არავითარი ტექნოგენური გავლენა მოსახლეობას გარემოზე არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, 10 წლის შემდეგ ნაკლები იქნება თუ მეტი ჰიდროლოგია, ანუ წყლის ჩამონადენი მდინარეში, ვარაუდის დონეზეა. თუ დადასტურდება, რომ წყალი არ იქნება ენგურში, მაშინ, რა თქმა უნდა, არავითარი აზრი არ აქვს მშენებლობას არც ენგურზე, არც რომელიმე სხვა მდინარეზე. აქ არის სიმართლე, ამიტომ მონიტორინგი და დაკვირვება ჰიდროლოგიაზე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. ადრე თითქმის ყველა მდინარეზე მუდმივად იყო სპეციალური პოსტები დაყენებული, რომლებიც დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს. ენერგეტიკის აკადემიამ ეს საკითხი წამოჭრა სამინისტროს წინაშე, რომ აუცილებელია ჰიდროლოგიის დაზუსტება“, - აცხადებს რევაზ არველაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გლობალური დათბობის პრობლემა მხოლოდ ენგურის და საქართველოს მდინარეების პრობლემაა, შემცდარია. დღეს მსოფლიოს დიდ მდინარეებზე, როგორიცაა იანძი, ხუანხე, კონგო, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს. პრაქტიკულად, ყველა დიდი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები შენდება და იქაური მოსახლეობა ამას ბრმად არ აკეთებს, ისინი ანგარიშობენ, ათი წლის მერე იქნება თუ არა წყალი.