დაკავებული გოგი ნანეიშვილი ალასანიას პარტიის წევრია

დაკავებული გოგი ნანეიშვილი ალასანიას პარტიის წევრია

[ნინო მიქიაშვილი]
დაკავებული ფსიქიატრებიდან ერთ–ერთი, გოგი ნანეიშვილი ირაკლი ალასანიას პარტიის წევრია, ხოლო კიდევ ერთი დაკავებულის, “ელიზი–ჯგუფის“ პრეზიდენტის უფლებებს, გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატი, დავით ხაჟალია დაიცავს. ეს და სხვა საინტერესო ინფორმაციები, პრესა.გე–მ მოიპოვა.

ოთხშაბათს გახდება ცნობილი, დაკავებული ფსიქიატრები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებენ, თუ თავიანთი უფლებების დამცველ ადვოკატთან ერთად იბრძოლებენ.

სააგენტოებით გავრცელებული ცნობით, 4 ფსიქიატრი ყალბი საექსპერტო დასკვნის გაცემის ბრალდებით დააკავეს. პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ–ერთი, გოგი ნანეიშვილი ირაკლი ალასანიას პარტიის წევრია. ეს ინფორმაცია პრესა.გე–ს ამავე პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ დაუდასტურა. როგორც მან გვითხრა, ნანეიშვილის ბრალეულობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მხოლოდ ის იცის, რომ დაკავებულია.

აბაშიძემ შალვა შავგულიძესთან გადაგვამისამართა, რომელთანაც დაკავშირება, სამწუხაროდ, ვერ შევძელით, მაგრამ მისი კოლეგებისგან – ადვოკატებისგან გავიგეთ ინფორმაცია, რომელიც უტყუარია, მაგრამ პრესა.გე ინფორმაციის წყაროს, მისივე თხოვნის საფუძველზე ვერ ასახელებს, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს უხდის; ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული ფსიქიატრის, გოგი ნანეიშვილის უფლებებს ადვოკატი შალვა შავგულიძე იმ შემთხვევაში დაიცავს, თუ ნანეიშვილი პროკურატურასთან არ ითანამშრომლებს, თავს უდანაშაულოდ სცნობს და თავისი უფლებებისათვის იბრძოლებს.

სააგენტო ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ოთხი ექსპერტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს . მათ შორის ერთ-ერთია ფსიქიატრ-ექსპერტი გოგი ნანეიშვილი. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ დაუდასტურა. ამასთან, “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფსიქიატრები ეჭვმიტანილები არიანი ყალბი დასკვნის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღებაში. მათ ყალბი დასკვნა გასცეს შპს “ელიზის“ დირექტორის, თამაზ ელიზბარაშვილის შვილის, მკვლელობაში მსჯავრდებულ გურამ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მათ დასკვნაში მიუთითეს, რომ გურამ ელიზბარაშვილი შეურაცხადი იყო“.

პრესა.გე–მ კიდევ ორი დაკავებული ფსიქიატრის ვინაობის დაზუსტება შეძლო; ესენი არიან თემურ სილაგაძე და ზურაბ ბერია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ფსიქიატრების დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დევს და არც ტელევიზიით უჩვენებიათ მათ ხელზე ბორკილები როგორ დაადეს. გამომდინარე აქედან, მათი დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ საჯარო არ არის.

შსს–ს საიტზე არც “ელიზი’ჯგუფის“ პრეზიდენტის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების შესახებ არის რაიმე ნათქვამი. სააგენტო “პირველის“ ცნობით, ბიზნესმენი ორშაბათს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

“ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად დაკავებულები არიან მისი ოჯახის წევრები - შვილის მეუღლე სალომე ივანიშვილი, მისი მამა და კიდევ რამდენიმე პირი. აფციაურის თქმით, დაკავების ოფიციალური მიზეზები მისთვის, ისევე, როგორც ელიზბარაშვილის ოჯახის წევრებისთვის გაურკვეველია“, – ასეთია სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობა.

ლალი აფციაურს პრესა.გე–ც ესაუბრა. მან ჩვენთვის მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ “ელიზაბარაშვილი ამჟამად ქალაქის მთავარ სამმართველოში ჰყავთ; დანარჩენი არაფერი ვიცი, მე მის უფლებებს არ ვიცავ“.

“პირველის“ ხელთ არსებული ინფორმაციით კი, “ელიზბარაშვილისა და დანარჩენი პირების დაკავება ბიზნესმენის შვილს გურამ ელიზბარაშვილს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე წელია, პატიმრობაში იმყოფება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპატიმროში მყოფ გურამ ელიზბარაშვილს ციხის ადმინისტრაციასთან დაპირისპირება მოუვიდა, რის გამოც მას კიდევ რამდენიმე წელი დაუმატეს. ოჯახმა ეს უკანონოდ მიიჩნია და გააპროტესტა, გაპროტესტებას კი მათი დაპატიმრება მოჰყვა.

“პირველი“ შეეცადა, აღნიშნული პირების დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი ვანო მერაბიშვილის უწყებაში გაერკვია, თუმცა სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისგან ამ დრომდე თავს იკავებენ“.

პრესა.გე შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ელიზბარაშვილის დაკავების შესახებ არაფერი იცის. მან შსს–ს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, სადაც ჟურნალისტების ზარებს ტრადიციულად არ პასუხობენ. ამის შესხებ უტიაშვილსაც შევჩივლეთ, მაგრამ “აბა მე რა ვქნა?! მე ვერაფერს გეტყვითო“, – მოგვიგო.

პრესა.გე–მ ადვოკატებისგან იმის გაგება შეძლო, რომ დაკავებული ბიზნესმენის უფლებებს დაიცავს ადვოკატი დავით ხაჟალია, ყოფილი პროკურორი, რომელსაც ადვოკატები პროკურატურასთან დაახლოებულ პირად თვლიან. ხაჟალია ასევე იცავს ახლახანს დაკავებული ბიზნესმენის, გენო მალაზონიას უფლებებს, ხოლო მანამდე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების უფლებებს იცავდა. გამომდინარე აქედან, ძნელი სავარაუდო არ არის, რომ თამაზ ელიზბარაშვილი თავის დაცვას და ბრძოლას არ აპირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის უფლებებს არა ხაჟალია, არამედ ბრძოლითა და შეუპოვრობით ცნობილი რომელიმე ადვოკატი დაიცავდა.