ამხანაგური მატჩი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაჭრილ სამხედროებთან (ვიდეო)

ამხანაგური მატჩი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაჭრილ სამხედროებთან (ვიდეო)

დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებითა და ცნობილი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა. სპორტული შეჯიბრება  „ძლიერთა თამაშების“ (“Invictus Games”) პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზში „ორბი“ ჩატარდა.

თითოეული გუნდი ექვსი მონაწილისგან დაკომპლექტდა. 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ ქართველ სამხედროებთან ერთად „ძლიერთა თამაშებში“ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი მონაწილეობდა. ასპარეზობაში ჩაერთვნენ ასევე, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი, ჯომარდობის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა, ვეტერანი რაგბისტი გიორგი ბიძინაშვილი და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები. მატჩს მსაჯობა ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა გაუწია.

შეჯიბრებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

“Invictus Games” ლონდონში 10-14 სექტემბერს გაიმართება. თამაშები პრინც ჰარის, ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით იმართება. „ძლიერთა თამაშებში“  მონაწილეობისთვის დაჭრილი ქართველი სამხედროები  სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიურ მომზადებას უკვე გადიან. საერთაშორისო ასპარეზობისთვის მათ პროფესიონალი მწვრთნელები მძლეოსნობაში, მშვილდით სროლაში, ცურვაში, ფრენბურთში, ველორბოლასა და ბირთვის კვრაში ინტენსიურად ავარჯიშებენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ექვსი ჯარისკაცები 14 ქვეყნის 400-მდე დაშავებულ სამხედროსთან ერთად იასპარეზებს. ლონდონში "ძლიერთა თამაშები" დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად და მათივე მონაწილეობით პირველად იმართება.

ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და  მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშები“ შესაძლებლობას იძლევა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებიც  სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავდნენ.