დღეს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ბიო ანუ ორგანული ღვინო და მის წარმოებასაც, მომხმარებლის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მეღვინეები მეტ ყურადღებას აქცევენ. პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების გარეშე მოყვანილი ყურძნისაგან ორგანული ღვინის დაყენება მარტივი პროცესი არ გახლავთ – ამგვარ ღვინოში არათუ ბიოწარმოებაში დაშვებულ პრეპარატებსა და დანამატებს, საერთოდ არანაირ დანამატს არ იყენებენ. მეტიც, იმ ტერიტორიაზე, სადაც ინახება ორგანული წარმოების პროდუქცია, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ჰიგიენური მიზნებითაც კი, დაუშვებელია. ორგანული ღვინის წარმოების ამგვარი პრინციპები მევენახისა და მეღვინის შრომას, რა თქმა უნდა, აასკეცებს, თუმცა შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი და შესანიშნავია, რომ მსოფლიოს მრავალი მეურნეობა და ღვინის საწარმო დღეს უკვე არჩევანს სწორედ ბიოღვინის წარმოებაზე აკეთებს.
ორგანული მეთოდით მოყვანილი ყურძენი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ მუშავდება პესტიციდებით, ჰერბიციდებით და სხვა ქიმიური საშუალებებით. მევენახეთა ყურადღების კონცენტრირება ხდება ბუნებრივ გარემოზე - ვენახის რიგთაშორის ბილიკებში ითესება ისეთი მცენარეები, რომლებიც იცავენ ნიადაგს ეროზიისგან და ამარაგებენ მას არასინთეზური აზოტით. ეს მცენარეები კი, თავის მხრივ, იზიდავენ სასარგებლო მწერებს, რომლებიც ვაზისა და ყურძნის პარაზიტებს ანადგურებენ. ყურძნის მოყვანის ამგვარი მეთოდი ხელს უწყობს ბარაქიან მოსავალს და ამასთან, ნიადაგის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნების შესანიშნავი საშუალებაცაა.
მეტად საინტერესო საკითხია ორგანული ღვინის სერთიფიკაცია, რაც მწარმოებლისთვის ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცედურაა. ორგანული ღვინის სერთიფიკატის მისაღებად მეურნეობამ თავდაპირველად ერთ-ერთ საერთაშორისო სასერთიფიკაციო ინსტიტუტს უნდა მიმართოს.
ამის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, აღნიშნული ინსტიტუტის ინსპექტორები რეგულარულად იღებენ ღვინისა და ვენახის ნიადაგის სინჯებს. სერთიფიკატი ორგანულ ღვინოზე გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღებული სინჯები სავსებით დააკმაყოფილებს ბიოღვინისადმი წაყენებულ მკაცრ მოთხოვნებს. ამით პროცედურა არ მთავრდება - სერთიფიკატის მიღების შემდგომ ბიოღვინის წარმოება აღნიშნული ინსპექტირებით წელიწადში ოთხჯერ მოწმდება.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მსოფლიო ბიოღვინის წარმოებით რამდენიმე ქვეყანა გამოირჩევა: საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ავსტრალია, ჩილე. მსოფლიოს წამყვანმა ღვინის ჟურნალმა Decanter–მა ათი საუკეთესო ბიოღვინის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა, რომელსაც დღეს ჩვენს გაზეთშიც გაეცნობით. მაშ, ასე, მსოფლიოს საუკეთესო ბიოღვინოთა ათეული ასე გამოიყურება:
1. Battle of Bosworth Wines, Shiraz, McLaren Vale, South Australia, 2008 Vintage Roots Ltd, £14.99 ტკბილი, სხეულიანი, დაბალანსებული ღვინო გამოკვეთილი ხილის არომატით. 2. Domaine Albert Mann, Riesling, Grand Cru Schlossberg, Alsace, 2008 Les Caves de Pyrene, £27.49 გრეიპფრუტის, ციტრუსის, მცენარეების არომატით ხასიათდება. ღრმა, ინტენსიური ღვინოა, ხანგრძლივ დაბოლოებაში მინერალური ნოტები ჭარბობს. Decanter-ის რეგიონალური ჯილდოს მფლობელი. 3. Cullen, Kevin John Chardonnay, Margaret River, Western Australia, 2007 Liberty Wines, £39.95 ლიმონის, გრეიპფრუტისა და ატმის არომატით გამორჩეული შესანიშნავი შარდონე, ხასიათდება მსუბუქი მჟავიანობითა და დაბალანსებული მინერალობით. Decanter-ის რეგიონალური ჯილდოს მფლობელი. 4. Domaine Jean Bousquet, Malbec, Tupungato, Mendoza, 2008 Vintage Roots Ltd, £7.99 მწიფე, ტკბილი ხილის, კენკრის, ყვავილებისა და თამბაქოს არომატით გამოირჩევა. 5. Domaine la Fourmente, Nature Rouge, Côtes du Rhône Villages Visan, Rhone, 2009 £9.90 ამ ღვინისთვის დამახასიათებელი ქლიავისა და მაყვლის მდიდარი არომატი ბოლოსკენ შავი მოცხარის სპეციფიკურ გემოს ტოვებს. Decanter-ის რეგიონალური ჯილდოს მფლობელი. 6. Bonterra, Chardonnay, Mendocino County, USA 2008, Waitrose,£9.99 ლაიმის ცედრისთვის დამახასიათებელი ცოცხალი არომატითა და ხილის ნოტებით გამორჩეული ღვინო. Decanter-ის რეგიონალური ჯილდოს მფლობელი. 7. Matetic Vineyards, Corralillo Syrah, San Antonio, Chile, 2008, Genesis Wines, £9.85 შავი პილპილის, სანელებლების არომატით გამორჩეული სხეულიანი ღვინო, ხილის მსუბუქი მჟავიანობით და შესანიშნავი ტექსტურით ხასიათდება. 8. Matetic Vineyards, Eq Syrah, San Antonio, Chile, 2008, Genesis Wines, £17.50 ქლიავის, ყვავილებისა და წიწაკის არომატით გამორჩეული ღრმა ღვინოა, შესანიშნავი სტრუქტურითა და მსუბუქი მჟავიანობით. 9. Roncolato, Carnera, Amarone della Valpolicella, Veneto, 2006, £22 ქლიავის, შოკოლადისა და სანელებლების არომატით გაჯერებული ღრმა ღვინოა ტკბილი ხილის დამახასიათებელი ნოტებით და საკმაოდ მშრალი დაბოლოებით. Decanter-ის რეგიონალური ჯილდოს მფლობელი. 10. Heaven On Earth Organic Sweet Wine, Western Cape, South Africa, Vintage Roots Ltd NV, £8.99 მუსკატისა და ჟასმინის მათრობელა არომატით გამორჩეული ღვინოა კარამელიზებული მანგოს დაბოლოებით. vinoge.com