სად გაქრა საჭმელი?

სად გაქრა საჭმელი?

ქართულ მხატვრულ ფილმ „გიორგი სააკაძეს“ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იღებდნენ. ერთხელ თურმე მეფე ლუარსაბის დიდ მოურავთან სტუმრობის სცენის გადასაღებად ემზადებოდნენ.

პავილიონში ნაგებ დეკორაციაში, რომელიც სააკაძის სადარბაზოს წარმოადგენდა, რამდენიმე რიგად გაშლილ მაგიდებს „თავად-აზნაურობა“ და „მეფის ამალის“ წევრები უსხდნენ.

შემწვარ-მოხრაკული ფრინველი, გოჭები თუ ინდაურები უხვად ეყარა სუფრაზე. ეს იმ დროს, როცა მსახიობების დღიური ნორმა ბარათებით მიღებული პურისა 300-400 გრამი იყო. ბაზარში კი მსახიობის თვიური ხელფასით ერთ კილოგრამ ხახვსაც ვერ იყიდდი.

მიხეილ ჭიაურელმა აკაკი ხორავასთან რეპეტიცია დაამთავრა და ის-ის იყო გადაღება უნდა დაწყებულიყო, რომ მთელი საჭმელი გაქრა. „მეფის ამალის“ მშიერ წევრებსა და „თავად-აზნაურობას“ სუფრა მთლიანად მოესუფთავებინათ.  

არც ჭიაურელსა და არც ფილმის დირექტორს ერთი საყვედურიც კი არ დასცდენიათ. მაგრამ მეორე დღეს, როცა კვლაც სანაქებო სუფრა გაიშალა, არც ერთ მსახიობს ერთი ლუკმაც კი არ აუღია. საქმე ის გახლდათ, რომ მთელი საჭმლისთვის თურმე ნავთი გადაესხათ. ეს მიხეილ ჭიაურელის ხრიკი გახლდათ.