ქართველი სპორტსმენი პოლიციელები ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტული თამაშებიდან 21 მედლით დაბრუნდნენ

ქართველი სპორტსმენი პოლიციელები ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტული თამაშებიდან 21 მედლით დაბრუნდნენ

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტული თამაშები დასრულდა. ქართველი სპორტსმენი პოლიციელები თამაშებიდან 21 მედლით დაბრუნდნენ.

სპორტულ თამაშებში, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 სპორტსმენმა პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა. შსს-ს თანამშრომლებმა სპორტის ორ სახეობაში - ძიუდოსა და ცურვაში 21 მედალი მოიპოვეს: 3 ოქროს, 11 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი.

თამაშები ძიუდოისტებმა გახსნეს. პირველივე დღეს შსს-ს ნაკრების ძიუდოისტებმა 10 მედალი აიღეს. 66 კგ წონით კატეგორიაში უშანგი კუზანაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა. 73 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება მიხეილ ხომიზურმა მოიპოვა და ოქროს მედალოსანი გახდა.

60 კგ წონით კატეგორიაში გელა ბარათაშვილმა 30-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში – ვერცხლის მედალი, ხოლო საერთო ასაკობრივ ჯგუფში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 81 კგ წონით კატეგორიაში ნოდარ მჭედლიშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა. 90 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე გვენეტაძემ 21-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვერცხლის, ხოლო საერთო ასაკობრივ ჯგუფში ბრინჯაოს მედალი აიღო. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ბოლოთაშვილმა ვერცხლის მედალი მიიღო. ხოლო + 100 კგ წონით კატეგორიაში (მძიმე წონაში) ზვიად ჩინჩალაძემ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, თავის ასაკობრივ ჯგუფში – 30-დან 39 წლამდე და საერთო ასაკობრივ ჯგუფში.

მოცურავეებმა პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის სპორტულ თამაშებზე ორი დღე იასპარეზეს და 11 მედალი მოიპოვეს. გიორგი ბერძენიშვილმა სხვადასხვა სტილით ცურვაში 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

გიორგი სამარღანიშვილმა 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო, ხოლო მესამე მოცურავე ლევან ვარამაშვილმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 11 მონაწილისგან შემდგარ გუნდს 32 ქვეყნის უძლიერეს, მოქმედ და ყოფილ სპორტსმენებთან მოუწია პაექრობა. ამის მიუხედავად, მათ წარმატების მოპოვება შეძლეს და სამშობლოში 21 მედლით დაბრუნდნენ.