ლენონის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები

ლენონის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები

ექიმი სტივენ ლინი, რომელიც ნიუ იორკის რუზველტის სახელობის ჰოსპიტალში 1980 წლის დეკემბერში მორიგე გახლდათ, ლეგენდარული ჯონ ლენონის სიცოცხლის ბოლო წუთების შესახებ ჟურნალისტებს უამბობს.

იმ საზარელ საღამოს ექიმმა მორიგეობა დაამთავრა და სახლში წასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ უცებ სასწრაფოდ კვლავ საოპერაციოში იხმეს. ექიმის თქმით, მან არ იცოდა, ვინ მიიყვანეს ჰოსპიტალში. ლინმა მხოლოდ ის დაინახა, როგორ შემოიყვანა ორმა პოლიციელმა გრძნობადაკარგული ადამიანი, მაგრამ ვინ იყო ის, არავინ იცოდა.

ლენონის სხეული მაშინვე საოპერაციო მაგიდაზე მოათავსეს. გული არ მუშაობდა. პაციენტი არ სუნთქავდა. რამდენიმე წამის შემდეგ ოთახში იოკო ონო შევარდა. ექიმი ლინი იხსენებს, რომ სისხლი ლენონს ყველა მხრიდან სდიოდა. ლინმა მომღერალს მაშინვე დაუწყო გულის მასაჟი, მაგრამ მალე ნათელი გახდა, რომ არაფერს აზრი აღარ ჰქონდა. ექიმმა სიკვდილის კონსტატაცია მოახდინა და იოკოს დამშვიდებას შეეცადა, რომელსაც ისტერიკული შოკი განუვითარდა.

მთელი საოპერაციო სისხლით იყო მოსვრილი. რამდენიმე წუთის შემდეგ ლენონს თითიდან ქორწინების ბეჭედი მოხსნეს და მის მეუღლეს გადასცეს. და მაშინ ყველამ გაიაზრა, რაც მოხდა - დიდი მუსიკოსი გარდაიცვალა.