დაბრუნება ჩარდილოეთში... დროებით

დაბრუნება ჩარდილოეთში... დროებით

[ეკა ბაქრაძე]

იმისათვის, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევიდეს, კრემლში ათასგვარ მაქინაციას მიმართავენ. პირველ რიგში, საუბარი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვების შესაძლებლობაზე. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქართული პროდუქტი, შეიძლება, ცივ ჩრდილოეთში დროებით მოხვდეს.

რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს მტკიცებით, ის მოსკოვში ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ონიშენკოს განცხადებით, ქართველი ბიზნესმენები მზად არიან, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების თაობაზე საქართველოს ოფიციალური ხაზის გვერდის ავლით ითანამშრომლონ.

რომელ ბიზნესმენებს შეხვდა ონიშენკო, არ კონკრეტდება, თუმცა რუსეთის მთავარი სანიტარი აცხადებს, რომ ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის საჭიროა საკონტროლო პროცედურების გავლა.

„იქნება ხარისხი, იქნება ნებართვა“, - განაცხადა ონიშენკომ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველი მეღვინეებისა და რუსეთის მთავარი სანიტარის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გიორგი ჩადუნელმა განაცხადა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონიშჩენკოს უწყებისგან ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე შესაძლო დაბრუნებისა და ქართველი მეღვინეების რუსეთში ვიზიტის შესახებ არანაირი შეტყობინება არ მიუღია. 

კომპანია „თელიანი ველის“ ხელმძღვანელის შოთა ხობელიას თქმით, მათი კომპანიისთვის ამ ეტაპზე არა რუსული, არამედ ევროპული და აზიური ბაზარია პრიორიტეტული.

„ჩვენ სხვა სტრატეგია გვაქვს. „თელიანი ველისთვის“ რუსული ბაზარი პრიორიტეტული არასდროს ყოფილა. ჩვენ გათვლას ევროპულ და აზიურ ბაზარზე ვაკეთებთ“, - აღნიშნა შოთა ხობელიამ. 

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი კი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანების სანაცლოდ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება დროებითი აღმოჩნდეს. მოლოდინის აზრით, „ისეთი არაპროგნოზირებადი  ქვეყნის მსო-ში გაწევრიანება, როგორც რუსეთია, საქართველოს ინტერესებშია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არბიტრი გაჩნდება, თუმცა ძნელი სათქმელია, რა არის ის „გონივრული ფასი“, რომელიც საქართველომ შეიძლება, მიმდინარე პროცესიდან მიიღოს“. 

„პირველ რიგში, რუსეთსა და აშშ-ს შორის ჯექსონ-ვენიკის შესწორების საკითხია გასარკვევი. მართალია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი ამ შესწორების გაუქმებისთვის მზად არიან, თუმცა ეს გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, რაც დროს მოითხოვს. ვეჭვობ, რომ ეს წელს ვერ მოხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხი რამდენიმე თვეში მოგვარდა, აშშ და დასავლეთ ევროპა შეეცდებიან, საქართველო საკუთარი პირობების შეცვლის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.

ასეთი „რჩევების“ შემთხვევაში ძნელად წარმოსადგენია, საქართველომ ყველას წინააღმდეგ წასვლა შეძლოს. ასე, რომ, ძნელია იმის თქმა, თუ რა არის ის „გონივრული ფასი“, რაც საქართველომ შეიძლება, რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისთვის მიიღოს. ღვინისა და ბორჯომის რუსულ ბაზარზე დაბრუნება ჩვენთვის გარკვეული შედეგი შეიძლება, იყოს, რომელიც მძიმე სოციალურ ფონზე საზოგადოებას კარგად მიეყიდება. თუმცა, არ ვართ დაზღვეული, რომ მომავალში, ნებისმიერ დროს რუსული მხარე ქართულ პროდუქციაში „ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს“ არ აღმოაჩენს“, - აღნიშნა მოლოდინმა. 

რაც შეეხება კიდევ ერთ ვერსიას, რომლის თანახმად, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გვერდის ავლით შეიძლება, შევიდეს, რუსეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი აღნიშნავს, რომ „მოვლენების ასე განვითარება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ეს პირველი პრეცედენტი იქნება, რომელიც სხვა მრავალ პრეცედენტს გააჩენს და მაზე ყველა მხარეს დაფიქრება მართებს“. 

„ქართული მხარისთვის საკუთარი პრინციპული პოლიტიკის გატარება და ამ პრეცედენტის დაშვება შეიძლება, უფრო კარგი იყოს, ვიდრე ის, რომ საკუთარი პოზიციის დაცვა ვერ მოახერხა, ვინაიდან ეს უფრო ცუდად გამოჩნდება“, - განუცხადა „პირველს“ მოლოდინმა. 

რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გასულ კვირას შვეიცარიის ქალაქ ბერნში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ქართული მხარე ფსოუსა და როკის გვირაბთან არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზებას კვლავ დაჟინებით მოითხოვს. 

რაც შეეხება ჯექსონ-ვენიკის შესწორებას, რომელიც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისთვის ასევე ერთ-ერთ ბარიერს წარმოადგენს, მოსკოვში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია აღნიშნული შესწორების საფუძველზე მოქმედი სავაჭრო შეზღუდვების გააუქმებას აპირებს. 

1974 წელს სენატორებმა ჯექსონმა და ვენიკმა შეიმუშავეს კანონი, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციას უკრძალავდა, ნორმალურად ევაჭრა იმ ქვეყნებთან, სადაც ემიგრაციის თავისუფლება არ არსებობდა. აღნიშნული შეზღუდვა საბჭოთა კავშირზე ზეწოლის მიზნით ამოქმედდა, რათა მას ებრაული იმიგრაცია დაეშვა.