„მოწონებულია“ - მთავარი დამნაშავე

„მოწონებულია“ - მთავარი დამნაშავე

[თეონა ხრაბაძე]

მთავრობამ ქართულ ღვინის ექსპორტის შემაფერხებელი დამნაშავე აღმოაჩინა და დასაჯა კიდეც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ ღვინოებზე ჰოლოგრამა „მოწონებულია“ აღარ იქნება. არგუმენტად კი სწორედ ის სახელდება, რომ ამ წარწერის გამო უეტიკეტო ღვინოების ექსპორტი ვეღარ ხერხდებოდა.

ამის შემაფერხებელი ნამდვილად ეს ჰოლოგრამა იყო თუ არა, ძალიან მალე გამოჩნდება, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ექსპორტის პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ამის გაკეთება არათუ საკმარისი არ არის, არამედ საკმარისთან მიახლოებულადაც კი ვერ ჩაითვლება.

არადა, გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც მთავრობის მიერ არის მომზადებული.

კანონპროექტის თანახმად, „სამტრესტთან“ შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დადებითად შეფასებისას, პროდუქციის ეტიკეტზე „სამტრესტის“ მიერ სპეციალური ჰოლოგრამა „მოწონებულია“ აღარ დაიტანება.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ჰოლოგრამების გამოყენების პროცესში გამოიკვეთა გარკვეული უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტზე ნეგატიურად აისახა. კერძოდ, ღვინის მწარმოებლებისა და ექსპორტიორების ინფორმაციით, ჰოლოგრამების შემოღებამ განაპირობა არაჰოლოგრამიანი, მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის რეალიზების შეფერხება, ვინაიდან მომხმარებელმა უპირატესობა მიანიჭა მხოლოდ ჰოლოგრამიან პროდუქციას. ასევე, აღნიშნულმა შესაძლებელია, რეალური პრობლემა შეუქმნას ქართული ღვინის ექსპორტსაც.

შესაბამისად, კანონპროექტის მიზნად ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობა სახელდება. ეს ინიციატივა კი ოპოზიციასაც და ექსპერტებსაც არასაკმარისად მიაჩნიათ იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს.

„სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ეს რა ინიციატივაა. მე პირადად მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შემიძლია, რომ ის ორგანო, რომელიც ამ წარწერას აკეთებდა, ან ძალიან შეუვალი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელისუფლებას თავისი ინეტერესები გაეტარებინა, რაშიც, სიმართლე გითხრათ, დიდი ეჭვი მეპარება ან პირიქით, იმდენად უუნარო, რომ მათთვის ფულის გადახდაც კი ენანებათ,“ -აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

თუმცა, მისივე თქმით, „ამ საკითხის ასე არაფრად ჩაგდებაც არ შეიძლება“.

„თუკი ეს წარწერა იმდენად სანდო იყო, რომ მოსახლეობა უპირატესობას ამის გამო ანიჭებდა, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა აიკრძალოს. თუ არადა, მაშინ პასუხი უნდა მოეთხოვოთ. მაგრამ, აქ ნათლად სწერია, რომ სანდო იყოო. გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველა იმ ორგანოს აუქმებს, რაც პროდუქციის ხარისხის რაღაც კონტროლს აწესებს,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ეს კი, მისივე თქმით, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისითაც არის საშიში, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დგება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების საკითხში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებიდან ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში ყველაზე მნიშვნელოვნად სამ საკითხს მიიჩნევენ. ეს არის ახალი შრომის კოდექსის შექმნა, ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

ამ მოთხოვნების შესრულებას კი, ცხადია, თავისი საფუძველი გააჩნია და ექსპერტები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ამის გარეშე საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს უბრალოდ ვერ დაამყარებს.

რეფორმა კი დღემდე არცერთი მიმართულებით არ ხორციელდება. ამ სამი საკითხიდან „შრომის კოდექსზე“ ხელისუფლება საერთოდ არაფერს ამბობს, ხოლო სურსათის უვნებლობის საკითხი 2013 წლისთვის გადადო. რაც შეეხება მესამე საკითხს - ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას, დღემდე ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სწორედ ამიტომ ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „მთავრობა რაღაცების გამოგონებით ყურადღების გადატანას ცდილობს და საბოლოო ჯამში რა გამოვა, კაცმა არ იცის“.