„აფხაზეთის რესპუბლიკაში“ საარსებო მინიმუმი ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან

„აფხაზეთის რესპუბლიკაში“ საარსებო მინიმუმი ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან

[ეკა ბაქრაძე]

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სეპარატისტები თავიანთი „მოქალაქეების“ საარსებო მინიმუმს უფრო სამართლიანად ითვლიან, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. დე–ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში ერთი შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 306 ლარია, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური განახევრებულ მონაცემს - 152 ლარს - აქვეყნებს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ჯაბა სამუშია ხელისუფლებას მოსახლეობის დაცინვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ერთი თვის განმავლობაში „სამომხმარებლო კალათის“ შესაძენად ხელისუფლების მიერ დადგენილი 135-ლარიანი საარსებო მინიმუმი საკმარისი არ არის (სავარუდოდ, ჯაბა სამუშიას უნდოდა ეთქვა 152 ლარი, რადგან ბოლო მონაცემებით, საარსებო მინიმუმი სწორედ 152 ლარია).

იმისათვის, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს თავისი სიტყვები დაედასტურებინა, მან ერთ-ერთ სუპერმარკეტში სოციალურად დაუცველი პირისთვის ერთი კვირის სამყოფი პროდუქტი შეიძინა. პროდუქტის შესაძენად სამუშიას 80 ლარი დასჭირდა.

ამიტომაც დეპუტატი მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე სულ ცოტა 300 ლარს უნდა შეადგენდეს. ეს თანხა ჰიგიენურ საშუალებებს, წამლებსა და სხვა საგადასახადო ხარჯებს არ მოიცავს.

„როდესაც ადამიანს 300 ლარი მხოლოდ საკვები პროდუქტებისთვის სჭირდება, 30-ლარიან ვაუჩერზე და 100-ლარიან პენსიაზე საუბარი ეს უკვე ადამიანების დაცინვაა. ჩევნი დაანგარიშებით, დღეისათვის საარსებო მინიმუმი 300 ლარზე მეტია“, - განაცხადა სამუშიამ.

საკრებულოს ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, თვალი გაუსწოროს არსებულ მდოგმარეობას და ამის შემდეგ განსაზღვროს, თუ რა თანხა სჭირდება ერთ ადამიანს ერთი თვის განმავლობაში პროდუქტის შესაძენად. 

სხვათა შორის, ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიაროთ, რომ სეპარატისტები თავიანთ საარსებო მინიმუმს გაცილებით სამართლიანად ითვლიან. ამაზე ციფრები მეტყველებენ. აფხაზეთში ერთი შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 4384 რუბლს, ანუ დაახლოებით 306 ლარს შეადგენს. ეს თითქმის ის მონაცემია, რომლის „დაკანონებსაც“ სამუშია საქართველოს მთავრობისაგან მოითხოვს.

სეპარატისტული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ლი მარტის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი საკვებ პროდუქტებზე - 2998,4 რუბლს (209 ლარს), არასაკვებ პროდუქტებზე - 859,2 რუბლს (60,13 ლარს), ფასიან მომსახურებაზე, გადასახადებსა და სავალდებულო გადასახადებზე კი 526,0 რუბლს (36,82 ლარს) შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში სამომხმარებლო ფასებისა და ტარიფების ჯამურმა ინდექსმა 101,9% შეადგინა, მათ შორის საკვებ პროდუქტზე - 102,1%, არასაკვებ პროდუქტზე - 102,1%, მოსახლეობის ფასიან მომსახურეობაზე კი - 102%.

სამომხმარებლო ფასებისა და ტარიფების ინდექსმა 2011 წლის თებერვალში გასული წლის თებერვალთან შედარებით, 109,2% შეადგინა, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე - 107,9%, არასაკვებ პროდუქტებზე - 105,4%, მოსახლეობის ფასიან მომსახურებაზე კი - 111,5%.

საარსებო მინიმუმის სიდიდე, 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10,1%-ით გაიზარდა.