გლობალური კრიზისი ჩინელების, რუსების და ისლამისტების ბრალი ყოფილა

გლობალური კრიზისი ჩინელების, რუსების და ისლამისტების ბრალი ყოფილა

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

პენტაგონის ანალიტიკოსების აზრით, 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის მთავარი გამომწვევი “ფინანსური ტერორისტების” მოქმედება იყო. კერძოდ, მათი აზრით, ამერიკიდან დაწყებული კრიზისი განაპირობა აშშ-ს მიმართ წარმოებულმა ეკონომიკურმა ომმა, რომელსაც რუსეთი, ჩინეთი და ისლამისტური დაჯგუფებები ახორციელებდნენ.

 

აღნიშნული გასაიდუმლოებული კვლევა “ეკონომიკური ომი: საფრთხეები და საპასუხო ზომები” გაზეთმა “ვაშინგტონ თაიმსმა” გამოაქვეყნა. იგი პენტაგონის დაკვეთით მოამზადა ფინანსურ ანალიტიკოსთა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში განთქმული ექსპერტი კევინ ფრიმანი ედგა. კვლევის მიხედვით გაბათილებულია ის ვერსიები, რომელიც ადრე ამერიკის სამთავრობო კომისიამ გამოაქვეყნა.

 

კერძოდ, ფრომანის ჯგუფი ირწმუნება, რომ ამერიკის ეკონომიკას პრობლემები, რამაც კრახის პირას გლობალური ფინანსური სისტემა დააყენა, გამოიწვია მტრულად განწყობილი დაჯგუფებების მოქმედებამ. ხოლო აშშ-სათვის პრობლემების შექმნაში პირველ რიგში დაინტერესებული იყვნენ ისლამური დაჯგუფებები და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების არაკეთილმოსურნე მთავრობები. გარდა ამისა, კვლევაში მოხსენიებულია ჩინეთი, როგორც ამერიკის ეკონომიკური ჰეგემონიეს დამხობის უპირველესი მსურველი და რუსეთი, რომლის სპეცსამსახურები და პოლიტიკოსები ეკონომიკურ ომს ცივი ომის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევენ.

 

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ აშშ-ს ყოფილი ფინანსთა მინისტრის ჰენრი პოლსონის ავტობიოგრაფიულ წიგნზე. პოლსონი წერს, რომ 2008 წლის დასაწყისში რუსეთი ჩინეთს მოუწოდებდა ამერიკის წინააღმდეგ ფინანსური ომი დაეწყო, კერძოდ კი ბაზარზე გაეტანა ამერიკული კომპანიების Fannie Mae-ის და FFreddie Mac-ის ფასიანი ქაღალდების მსხვილი პაკეტები. ამგვარად, რუსეთი ჩინეთის მეშვეობით აპირებდა ამერიკის იძულებას ფინანსურ გასაჭირში ჩავარდნილი იპოთეკური გიგანტების დასახმარებლად დიდძალი საბიუჯეტო სახსრები დაეხარჯა.

 

გარდა ამისა, ფრიმანის ჯგუფის კვლევაში მოხსენიებულია 1999 წელს ორი ჩინელი პოლკოვნიკის მიერ დაწერილი გახმაურებული წიგნი Unrestricted Warfare. მასში აღწერილია სამხედრო სტრატეგია, რომელიც ჩინეთს საშუალებას მისცემს ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული მოწინააღმდეგე დაამარცხოს. წიგნში მოცემული სტრატეგია დაფუძნებულია არა მარტო სამხედრო მოქმედებებზე, არამედ სხვა საშუალებებზე, მათ შორის, ეკონომიკურ მეთოდებზე, როგორც მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენების საშუალებებზე.

 

ფრიმანის ჯგუფის დასკვნაში დაწვრილებითაა აღწერილი ის გეგმა, რომელიც აშშ-ს მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს. მისი პირველი ეტაპი ნავთობის ფასის მომატება იყო, რომელიც 2007-2008 წლებში გრძელდებოდა და იპოთეკურ კრიზისს დაემთხვა. მეორე ეტაპი გალდათ Lehman Brothers-ზე და უოლ სთრითის სხვა ფირმებზე ე.წ. “დათვების თავდასხმა”. ბოლო ნაბიჯი კი ის გახლდათ, რომ ამერიკის მთავრობა იძულებული გახდა სამამულო ვალების დიდი ნაწილი საკუთარ თავზე აეღო, რითაც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სარეზერვო ვალუტა და მთელი ამერიკული ეკონომიკური სასტემა.

 

აღსანიშნავია, რომ “ვაშინგტონ თაიმსში” ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ფრიმანის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ მოყვანილი ფაქტები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ფედერალურმა მთავრობამ გამოძიება დაიწყოს და ადრე გამოქვეყნებულ სამთავრობო დასკვნას არ ენდოს. ასე რომ, თუ მართლა ჩატარდება აღნიშნული გამოძიება, იქნებ ცნობილი გახდეს, ვინ დაანგრია ამერიკის და შემდეგ მსოფლიოს ფინანსური სისტემა, ჩინეთმა, რუსეთმა თუ ისლამისტებმა. იქამდე კი ამაზე ამერიკულ მედიაში მსჯელობენ და იმის აღნიშვნაც არ ავიწყდებათ, რომ ფინანსური ტერორიზმი პენტაგონის გამოსაძიებელი არ არის.