შრომის კოდექსი ნაწილ-ნაწილ კი არა, მთლიანად შესაცვლელია

შრომის კოდექსი ნაწილ-ნაწილ კი არა, მთლიანად შესაცვლელია

[გიორგი ბექაური]

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ შრომის კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით ისევ ალაპარაკდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მოთხოვნა ოპოზიციამ დააყენა და მანაც არა კოდექსის მთლიანად შეცვლა, არამედ მასში დეკრეტული შვებულებებზე არსებულ ჩანაწერში კორექტირების შეტანა მოითხოვა. როგორც ექსპერტები მიუთითებენ, საქართველოს შრომის კოდექსი მთლიანად შესაცვლელია და საკითხიც სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაისვას.

 

დეკრეტული შვებულებების გახანგრძლივებას და შრომის კოდექსში შესაბაიმსი ცვლილების შეტანა დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ანიკაშვილის განცხადებით, ფრაქციამ უკვე შეიტანა პარლამენტში ინიციატივა შრომის კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომელიც დეკრეტის 126 დღის ნაცვლად, 180 დღემდე გაზრდას გულისხმობს.

 

“საკანონმდებლო ინიციატივა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების პროპორციულად გაზრდასაც ითვალისწინებს”, - განაცხადა ანიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს შრომითი კანონმდებლობა ორსული ქალების მიმართ დისკრიმინაციულია, რადგან დასაქმებული ორსულები იძულებულნი არიან მშობიარობამდე შეასრულონ სამსახურეობრივი მოვალეობა, რითაც საფრთხე ექმნება დედის და ნაყოფის ჯანმრთელობას.

 

“ხანმოკლე დეკრეტული შვებულება ჩვილისთვის ბუნებრივი კვების შეწყვეტის მთავარი მიზეზიცაა, რაც პედიატრების მოსაზრებით, ხელს არ უწყობს ჯანსაღი თაობის გაზრდას.  შესაბამისად, კანონდებლობა დედასა და ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება და დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს», - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.

 

თუმცა დისკრიმინაციული არა მარტო დეკრეტული შვებულებებზე არსებული ჩანაწერი, არამედ მთლიანად შრომის კოდექსია. მის შეცვლაზე კი პროფკავშირები და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე წლებია იბრძვიან, მაგრამ ამაოდ, მთავრობა ყურს ისევ არ იბერტყავს. მიუხედავად სპეციალურად შექმნილი სამმხრივი კომისიისა, სადაც მთავრობაც და პროფკავშირებით შედიოდნენ, დისკუსიამ შედეგი მაინც არ გამოიღო. საქართველოს ისევ ის კოდექსი აქვს, რასაც მთავრობა “პროგრესულს” უწოდებს, ოპოზიცია, პროფკავშირები და საერთაშორისო ორგანიზაციები კი “დისკრიმინაციულს”.

 

აღსანიშნავია, რომ რევოლუციური მთავრობის მიერ შექმნილი შრომის კოდექსი კრიტიკის ქარცეცხლში ჯერ კიდევ მაშინ გაეხვია, როდესაც კანონპროექტი საჯაროდ გამოქვეყნდა. დღის სინათლეზე გამოსულ კოდექსის პირვანდელ ვარიანტს, რომელიც შემდგომ თითქმის უცვლელად დაამტკიცეს კანონმდებლებმა, არაერთი უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

 

ექსპერტები მაშინაც და დღესაც აცხადებენ, რომ კოდექსი დისკრიმინაციულია და ის მთლიანად თუ არა ნაწილობრივ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. განსაკუთრებულ კრიტიკას კი ის მუხლი იმსახურებს, რომლის თანახმად დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია.

 

ქართული შრომის კოდექსი ნოვაციური აღმოჩნდა საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომელიც ხელისუფლებას ამჯერად თითქმის უკვე უპირობოდ ურჩევს მის შეცვლას. მაგალითად, იყო და არის საუბარი იმაზეც, რომ საქართველოს, შესაძლოა, GSP პლუსის სავაჭრო რეჟიმიდან გარიცხონ. თანაც არა სავაჭრო დარღვევების, არამედ დისკრიმინაციული შრომითი კოდექსის გამო.

 

ცნობისათვის, GSP პლუსის საშეღავათო სისტემა მოიცავს, დაახლოებით, 6 500 სასქონლო ჯგუფს, რომელთა ექსპორტის დროსაც მოქმედებს ნულოვანი ან მიზერული საბაჟო გადასახადი. ასეთი შეღავათი ენიჭება განვითარებად ან სუსტად განვითარებულ ქვეყნებს. მაგრამ სიტემაში შესვლის უმნიშვნელოვანესი პირობაა გაეროს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 27 კონვენციის რატიფიკაცია და გამოყენება.

 

შეიცვლება თუ არა დისკრიმინაციულ კანონად აღიარებული შრომის კოდექსი და წაიღებს თუ არა უკან ხელისუფლება “ამაყად მიღებულ” კანონს, დღეს ამაზე პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, პროფკავშირებში უჭირთ. თუ ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის ურუშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გავითვალისწინებთ, სადაც ის კოდექსის დადებით მხარეებზე საუბრობდა, გამორიცხული არ არის, რომ კოდექსში “დისკრიმინაციულად” წოდებული მუხლები კიდევ დიდ ხანს დარჩეს. 

 

შესაბამისად, ოპოზიციის მოთხოვნაც, რომ დეკრეტული შვებულებების ვადის გახანგრძლივება მოხდეს, აღარავის გაახსენდება.