მოთხრობების კრებული

მოთხრობების კრებული

როდესაც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების პირველი კრებული გამოვიდა, იმ დროს საქართველოში კარგი წიგნები დეფიციტს წარმოადგენდა და სწრაფად გაიყიდა. ბატონმა გურამმა საკუთარი „მარაგი” სულ დაარიგა, მაგრამ ნაცნობები მაინც სთხოვდნენ ამ კრებულის ჩუქებას.

მწერალმა გადაწყვიტა, რომ თავად შეეძინა მაღაზიებში, მაგრამ ყველგან გაყიდული დახვდა. საწყობშიც აღარ დარჩენილიყო. ურჩიეს, აეროპორტის დასახლებაში მდებარე წიგნის მაღაზიაში მისულიყო. მოძებნა მაღაზია:

- გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებული თუ გაქვთ?

- ბოლო ეგზემპლარი ერთი საათის წინ გავყიდე, - უპასუხა გამყიდველმა.

გამყიდველმა იმედგადაწურულ და დაღონებულ მწერალს რომ შეხედა, მისი დამშვიდება სცადა: - ბატონო ჩემო, დიდად ნუ ინაღვლებთ, გული არ დაგწყდეთ, სწორედ გუშინ დავამთავრე მაგ წიგნის კითხვა და, გულწრფელად რომ გითხრათ, დიდი არაფერია. სისულელეა!