იური ლუჟკოვი უცხოელ მუშახელს ემუქრება

იური ლუჟკოვი უცხოელ მუშახელს ემუქრება

[გეგა ბერიძე ]
მოსკოვი უმუშევრობასთან ბრძოლას უცხოელი მუშახელის შევიწროებით გეგმავს.

რუსეთის და საბერძნეთის შემდეგ პრობლემები ესპანეთში სამუშოდ წასულ საქართველოს მოქალაქეებსაც ემუქრებათ. იქ მცხოვრებ 30 ათას ქართველს უმუშევრად და სარჩოს გარეშე დარჩენა მოელის. მიგრანტების დიდი ნაწილი სამსახურის საშოვნელად მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პორტუგალიაში გადადის, ნაწილი კი იძულებით სამშობლოში ბრუნდება.

უმუშევრობის პერსპექტივამ შეაშფოთა ბრიტანელებიც, სადაც სამსახურის დაკარგვა მილიონ ადამიანს მოელის. ბრიტანული პროფკავშირები ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. თუმცა ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი სტაბილურ ნიშნულზე დგას.

სხვა ვითარებაა რუსეთში, სადაც უცხოელ მუშახელს გაგდების მუქარას არ აკლებენ. მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი უცხოელი მუშახელისთვის განკუთვნილი სამუშაო ადგილების შემცირების ღია ინიციატივით გამოდის. როგორც ლუჟკოვმა ტელეკომპანია „Россия-1“–ის ეთერში განაცხადა, მოსკოვს „100 000-ზე მეტი დასაქმებული მიგრანტი არ სჭირდება“.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენს მიერ უცხოელი სამუშაო ძალისთვის განკუთვნილი კვოტა 500 000 ადამიანზე იყო გათვლილი. დღეს – 250 000-ზეა. ჩვენს ეკონომიკური სისტემას და ქალაქს ამდენი უცხოელი მუშახელი არ სჭირდება,“ – აცხადებს ლუჟკოვი და დასძენს, რომ მათი რაოდენობა 100 000-მდე უნდა შემცირდეს.

რუსეთის და საბერძნეთის შემდეგ პრობლემები ესპანეთში სამუშაოდ წასულ საქართველოს მოქალაქეებსაც ემუქრება. ესპანეთში მცხოვრებ 30 ათას ქართველს უმუშევრად დარჩენა მოელის. კრიზისის გამო ქვეყანაში მრავალწლიანი სამშენებლო ბუმი დასრულდა და ოფიციალურმა მადრიდმა მიგრაციის რეჟიმი გაამკაცრა.

გამკაცრებულია უცხოელი მუშახელის დაქირავების პროგრამები და ქვეყანაში შესვლა მათი ოჯახებისთვის. გაძლიერებულია სანქციები იმ დამსაქმებლების მიმართ, რომლებიც არალეგალ მიგრანტებს ქირაობენ. აქვე შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის გამო საწარმოები დაიხურა და იქ დასაქმებული ქართველები უმუშევრები რჩებიან.

სიტუაცია ისედაც გართულებული იყო რუსეთშიც, სადაც ახალი კანონით თანახმად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან უვიზოდ ჩასულებმა სამუშაოზე სპეციალური ყოველთვიური პატენტი უნდა შეიძინონ, რაც თვეში დაახლოებით 60 ლარი ჯდება.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის განცხადებით, ესპანეთში საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს და მათი დიდი უმეტესობა არალეგალია. ნიკა ავალიანის თქმით, კრიზისმა ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად ესპანეთი დააზარალა. ამიტომ იქ სამსახურს არა მარტო მიგრანტები, ადგილობრივებიც მასობრივად კარგავენ.

მისივე განცხადებით, ესპანეთში საქართველოს საელჩოს და იქაური სათვისტომოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქართველი მიგრანტების დიდი ნაწილი სამსახურის საძებნელად მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პორტუგალიაში გადადის, ნაწილი კი სამშობლოში ბრუნდება.

უმუშევრობის პერსპექტივა მეტად აშფოთებს ბრიტანელებსაც, სადაც გავრცელებული ონფორმაციით, სამსახურიდან მილიონ ადამიანს გაათავისუფლებენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამინისტროებს თვის ბოლომდე ხარჯების 20% და 40%–ით შემცირების გეგმის მომზადება დაავალა – იუწყება რადიო კომერსანტი.

შეღავათები დევიდ ქემერონის კაბინეტმა მხოლოდ ორი უწყებისთვის – განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებისთვის დაუშვა, რომლებსაც 10 და 20%–იანი შემცირებები დაევალათ.

ანალიტიკოსების გათვლებით, სახელმწიფო უწყებების ხარჯების 40%–ით შემცირება დაახლოებით მილიონი ადამიანის გათავისუფლებას გამოიწვევს. ბრიტანულმა პროფკავშირებმა უკვე დადეს პირობა, რომ თუ ხელისუფლება აღნიშნულ ზომებზე წავა, ისინი ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

სამინისტროების ხარჯების შემცირებით ქემერონის კაბინეტს 156 მილიარდი გირვანქა სტერლინგის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება სურს. საბიუჯეტო კრიზისთან ბრძოლის პროგრამაში არის ასევე დღგ–ს დაზრდა 17,5–დან 20%–მდე და ხელფასების „გაყინვა“ სახელმწიფო სექტორის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც 21 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტს გამოიმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch–მა გააფრთხილა ბრიტანეთის მთავრობა იმ „უზარმაზარი“ გამოწვევის შესახებ, რომლის წინაშეც საბიუჯეტო პოლიტიკა და ქვეყნის სახელმწიფო ფინანსები დგას.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ახალმა კოალიციურმა მთავრობამ აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა.

თუმცა ანალიტიკოსები აქვე აღნიშნავენ, რომ ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი შედარებით დასტაბილურდა. მაისში ევროზონაში უმუშევრობის დონემ 10 % შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებელს შეესაბამება. ამის შესახებ Eurostat–ის პრეს–სამსახური აცხადებს.

წლიურ გამოხატულებაში რეგიონში უმუშევრობა 0,6%–ით გაიზარდა, რაც ექსპერტების მონაცემებზე ოდნავ დაბალი მაჩვენებელია. მთელ ევროკავშირში კი უმუშევრობამ მაისში 9,6%–ს მიაღწია, რაც აპრილთან შედარებით ასევე უცვლელი ციფრია.

უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ლატვიაშია (პირველი კვარტლის მონაცემებით 20%), მას მოსდევს ესპანეთი (19,9%) და ესტონეთი (19%). ყველაზე ნაკლები დაუსაქმებელი მოქალაქე კი ავსტრიას (4%) და ნიდერლანდებს (4,3%) ჰყავს.