ყველა ტიპის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება

ყველა ტიპის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება

[ეკა ბაქრაძე]

სატრანსპორტო სისტემაში გაძვირების ტალღა დაიწყო და ამ პროცესს, სავარაუდოდ, ვერც ვერაფერი შეაჩერებს. თბილისში 70-თეთრიანი “მარშრუტკები” უკვე იშვიათობა აღარ არის. ფასების ზრდა დაიწყო საქალაქთაშორისო მარშრუტებზეც. გაძვირებისთვის ემზადება “საქართველოს რკინიგზაც”.

N221, N167ა და N141 - სამარშრუტო ხაზებზე მგზავრობა გაძვირდა. მძღოლები ჩივიან, რომ მათი შემოსავლის დიდი ნაწილი საწვავის ხარჯზე მოდიოდა, ამიტომაც მგზავრობაც 20 თეთრით გააძვირეს.

“საწვავზე ფასებმა მოიმატა, თან ძალიან გრძელ მარშრუტს ვასრულებთ - 57 კმ მანძილს გავდივართ. ამ მდგომარეობაში მგზავრობის ფასი იგივე რომ დაგვეტოვებინა, ფაქტობრივად, ტყუილად უნდა გვევლო. მგზავრებიც, როგორც ხედავთ, ბევრი არ გვყავს”, - განაცხადა N221-ის მძღოლმა ამირან ნოზაძემ.

სამარშრუტო გადაადგილებაზე გაძვირების პირველ ტალღას ვაგზლის მოედანი-ლილოს დასახლებაზე მოძრავმა “მარშრუტკის” მძღოლებმა დაუდეს სათავე. წინა კვირას, პირველ რიგში, სწორედ ეს მარშრუტი გაძვირდა და მას შემდეგ ყოველდღიურად თითო ხაზზე მაინც იზრდება მგზავრობის საფასური.

ის კი არა, უკვე დაიწყო საქალაქთაშორისო მარშრუტების გაძვირებაც. რამდენიმე დღის წინ 10 თეთრით მოიმატა რუსთავი-თბილისის ხაზზე სამგზავრო ტარიფმა. გუშინ კი კახეთიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება ერთი ლარით გაძვირდა. გურჯაანი-თბილისი 5 ლარის ნაცვლად, 6 ლარი გახდა; თელავი-თბილისი 6 ლარის ნაცვლად - 7 ლარი; საგარეჯო-თბილისი კი 2 ლარის ნაცვლად, 3 ლარი გახდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულების გაზრდა საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. იმ შემთხვევაში, თუ დიზელის ფასი კიდევ გაიზარდა, მგზავრობის ღირებულებაც მოიმატებს.

შენარჩუნდება თუ არა გაძვირების ტენდენცია მომავალში, ძნელი სათქმელია. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილს ამის პროგნოზირება უჭირს.

მთვრალაშვილის აზრით, ეს ყველაფერი საწვავის ფასზეა დამოკიდებული, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან უშუალო კავშირშია. არაბულ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს ჯერ დასასრული არ უჩანს. მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე არსებული კრიზისული მდგომარეობაც საწვავზე ფასის კლების იმედს არ იძლევა.  საქართველოში იმპორტირებული 1ტონა დიზელის ფასი უკვე მიუახლოვდა 1000-დოლარიან ნიშნულს, ხოლო ბენზინის ფასმა ოთხნიშნა რიცხვს უკვე გადააჭარბა.

მართალია, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი არ შეცვლილა, მაგრამ მგზავრობის გაძვირების საერთო ტენდენციას, შესაძლოა, რკინიგზაც “გამოეხმაუროს”. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დღის მატარებლით გადაადგილება 100%-ით გაძვირდება.

“მალე დღის მატარებლებით მგზავრობა გაძვირდება. ამასთან დაკავშირებით უკვე გვითხრეს, მაგრამ როდის მოხდება ფასის მატება, ზუსტად არ ვიცით. კონკრეტულად არც ის ვიცით, რამდენი ლარი გახდება მგზავრობა, ამბობენ, რომ გაორმაგდებაო. მაგალითად, თუ დღეს თბილისი-ბათუმის დღის მატარებელი 4 ლარი ღირს, 8 ლარი გახდება, თბილისი-ზუგდიდის კი 12 ლარი”, - აცხადებენ პირად საუბარში დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მატარებლის გამცილებლები.

ჯერჯერობით მგზავრობის შესაძლო გაძვირებას კატეგორიულად უარყოფენ “საქართველოს რკინიგზაში”. ეზუგბაიას უწყებაში ირწმუნებიან, რომ “ბოლო 5 წლის განმავლობაში მგზავრობის საფასური არც ერთი მიმართულებით მოძრავ მატარებელზე არ გაზრდილა და ეს არც მომავალში მოხდება”.