კლინტონი და პოზიციები

კლინტონი და პოზიციები

[როზი ჯღამაია]
ჰილარი კლინტონის ტურნე მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრშია. ერთი რამ ნათლად გამოიკვეთა – ამერიკა გავლენის სფეროებზე უარს ამბობს. ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებას, სადაც ამ ტურნეს ფარგლებში კლინტონი ჩავიდა, შეუძლია, ჯერჯერობით, მშვიდად იგრძნოს თავი, რადგან შერთებულმა შტატებმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი რუსეთის პირისპირ არ მიუტოვებია.

ამერიკის ამ გზავნილს, შეიძლება ითქვას, რუსეთიც მშვიდად შეხვდა, რადგან, როგორც ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პრესა.გე–სთან საუბარში აღნიშნავდა, რუსეთისთვის წინასწარვე ცნობილი იყო კლინტონის ვიზიტების მიზეზი. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ, თუმცა, რას მიიღებს ან ერთი ან მეორე ამ თანხმობის სანაცვლოდ, ჯერ მაინც უცნობია.

ისიც უნდა ითქვს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის გარკვეულ საკითხებში თანხმობის მიუხედავად, დაძაბულობა მაინც შეიმჩნევა. ჯერ იყო და მედვედევის ამერიკაში ვიზიტის დროს, ჯაშუშების სკანდალმა „გადატვირთვის“ პოლიტიკაში შეიტანა პატარა ბზარი. თუმცა, ამერიკაც და რუსეთიც იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მათ სამომავლო თანამშრომლობაზე გავლენას არ მოახდენს.

„ჩვენ ვაფორმებთ ბირთვულ ხელშეკრულებას, რუსეთი ავღანეთში გვეხმარება, თანამშრობლობს აშშ-სთან ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხში. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ პროგრესს. რაც შეეხება აშშ-ში რუსი ჯაშუშების დაკავებას, რასაკვირველია, ჩვენი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ. რუსეთთან ურთიერთობას პრობლემების ფართო სპექტრში ვცდილობთ, მაგრამ ჯაშუშების შემთხვევამ აჩვენა, რომ როცა პრობლემა არსებობს – ისმოითხოვს გადაწყვეტას“, – ეს იყო პირველი კომენტარი, რომელიც ჰილარი კლინტონმა პოლონურ მედიასთან გააკეთა.

ამას დაემთხვა მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, რომლის გამოც რუსმა დიპლომატებმა ამერიკელი კოლეგები მკაცრად გაკრიტიკეს და ვაშინგტონი ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში და „დარიგებებისა და მორალის სწავლების“ ენით საუბრის მცდელობაში დაადანაშაულეს.

მოხსენების ავტორები ხაზს უსვამდნენ, რომ რუსეთის მთავარობა პრობლემებს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელ პრესის მუშაობას.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას საფუძვლად უდევს მანკიერი პრინციპი – „ვინც ჩვენთან არ არის, ის დემოკრატი არ არის“. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებებს ირჩევენ ამა თუ იმ ქვეყნის ხალხები და არა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც მოხსენებაზე მუშაობენ, აშშ-სა და რუსეთს შორის დაწყებული გადატვირთვის პოლიტიკა არ შეხებიათ“, - ნათქვმია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაში.

ასე რომ, თუ კლინტონის ტურნეს მიმართ რუსეთმა დუმილის უფლება გამოიყენა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებამ რუსეთს ეს დუმილი დაარღვევინა და აშშ-საგან „არაკეთილსინდისიერ მეთოდებზე“ უარის თქმა მოსთხოვა. იქცევა თუ არა „გადატვირთვის“ პოლიტიკაში გაჩენილი ეს პატარა ბზარი ნაპრალად, ამის თქმა რთულია, მაგრამ გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთს მოუწევს თამაშის ახალ წესებს შეეგუოს.

ამის პირველ ნიშნებს ანალიტიკოსები უკვე ამჩნევენ. ფილოსოფოსი კახა კაციტაძე ამბობს, რომ სწორედ ახლა იწყება გადატვირთვის პოლიტიკის რეალური ქმედებების დემონსტრირების პროცესი და ლოგიკურია, რომ ამერიკელებმა სწორედ ახლა დააფიქსირეს – „გადატვირთვის“ პოლიტიკა გავლენის სფეროებად დაყოფის ტოლფასი ვერ იქნება.

„ისეც არ არის, რომ ამერიკელები რუსებს უბრალოდ ნათქვამზე ენდობიან. არის მთელი რიგი ინდიკატორები იმისა, რომ ვთქვათ, რუსეთი რიტორიკულად კი არა რეალურად მიდის „გადატვირთვაზე“. ეს არის გაეროში თეირანის საწინააღმდეგო რეზოლუციის მხარდაჭერა; ის, რომ ყირგიზეთის საქმეებში არ ჩაერივნენ, ხოლო ბელორუსთან კი იმდენად გააფუჭეს ურთიერთობა, რომ რუსეთ–ბელორუსიის გაერთიანებაზე და შესაბამისად, ჰიპოთეტურადაც, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ლაპარაკიც აღარ არის და ა.შ.

მაისის ბოლოს ბზეჟინსკის ძალიან საყურადღებო ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ლაპარაკია, რომ პოლონეთის და რუსეთის ურთიერთობა პრინციპულად უნდა შეიცვალოს, წყენა წარსულს უნდა ჩაბარდეს და ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა გერმანია–პოლონეთის ურთიერთობის მსგავსი უნდა გახდეს. ეს ერთგვარ მიჯნად რომ ავიღოთ, ჩვენ აღმოსავლეთ ევროპას ვებმებით, რაც დადებითი მომენტია. ბზეჟინსკის ამ ინტერვიუდან დღემდე შეიძლება 20–მდე ისეთი განცხადება გამოიძებნოს, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი ნელ–ნელა, ძალიან არ უნდა, მაგრამ – მაინც მიდის ამერიკელების მიერ დაწესებულ თამაშის წესებზე“.

ქართული ინტერესები
ეს არის ის, რაც მსოფლიო პოლიტიკის დასხასითებლად შეიძლება გამოდგეს, მაგრამ ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს მეორე დატვირთვაც ჰქონდა და ეს საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს უკავშირდება, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ტერმინ „ოკუპაციაზე“. ზოგადად, ამ ტურნეს ფარგლებში კლინტონის ვიზიტებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოს ვერ ვუწოდებთ, თუმცა, თუ ვინმეს ამ ვიზიტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭებინა, ეს აზერბაიჯანია, რომელსაც ჯერ, ამერიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობდა და შემდეგ – სახელმწიფო მდივანი. მოკლედ, ასე თუ ისე, მთავარი ისაა, რა დასკვნა გავაკეთეთ ამ ვიზიტის შემდეგ და რამდენად შეესაბამება იგი იმ პროპაგანდას, რომელსაც ხელისუფლება თავში გვიტენის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ხელისუფლებისთვის ტერმინმა „ოკუპაციამ“ შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს ბუნებრივია – ქვეყნის ტერიტორია ოკუპანტების მიერაა დაპყრობილი და აქ საკამათო არაფერია. ისიც სასიამოვნოა, რომ ამერიკამ 2008 წლის შემდეგ, საქართველოსთან მიმართებში პირველად ახსენა სიტყვა „ოკუპაცია“. თუმცა, რას გულისხმობდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ტერმინის ქვეშ, რუსეთს, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ექსპერტებს სხვადასხვა ახსნა აქვთ.

ვლადიმერ პუტინმა ჯერ – ბარაქ ობამას, ხოლო შემდეგ – კლინტონის მიერ ნახმარ ტერმინთან დაკავშირებით უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და განმარტა, რომ ვიღაცისთვის ეს ოკუპაცია იყო, ხოლო ვიღაცისთვის – გათავისუფლება.

ამას მოყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ „საერთაშორისო სამართალით ტერმინი „ოკუპაცია“ აღნიშნავს ვითარებას, როცა ომის მდგომარეობაში მყოფი ერთი სახელმწიფოს სამხედრო კონტინგენტი მეორე ქვეყანაში დროებით არის განლაგებული. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხელისუფლებას საოკუპაციო ძალების ხელმძღვანელობა ახორციელებს.

ამის გათვალისწინებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ტერმინ „ოკუპაციის“ აღნიშნულ კონტექსტში გამოყენებას არანაირი საფუძველი არა აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ იმყოფება.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო კონტინგენტი სააკაშვილის მიერ დაწყებული აგრესიული ომის შემდეგ განლაგდა. ამასთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ფუნქციონირებენ დემოკრატიული გზით არჩეული საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ორგანოები და აქტიურად საქმიანობენ პოლიტიკური პარტიები. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში რუსეთის სამხედრო პირები და სამხედრო ბაზები ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე იმყოფებიან, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს“.

ტერმინ “ოკუპაციას”, თავის მხრივ ბაღაფშიც გამოეხმაურა: „რუსულ ჯარებს აფხაზეთის ოკუპაცია არ მოუხდენიათ და ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე არიან“.

რუსეთისგან და აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტისგან სხვა განმარტება არც იყო მოსალოდნელი, მაგრამ მთავარია, რა თქვა კლინტონმა და საერთოდ, რას გულისხმობს ამ ტერმინში ამერიკის ადმინისტრაცია. საქართველოს ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ზედმეტად აჟიტირებულია.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, უკვე საერთაშორისოდ აღიარებულ ტერმინ „ოკუპაციას“ ის დატვირთვა აქვს, რომ „ყველამ უნდა გაიაზროს რუსეთის პასუხისმგებლობა, როგორც იმ ძალის, რომელიც დღეს ახდენს ოკუპაციას. ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრება ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ მოახერხებს პასუხისმგებლობის აცილებას, პასუხისმგებლობის ქართველებზე, ოსებზე ან აფხაზებზე გადატანას“.

თუმცა, ქართველი ექსპერტები საკითხს სხვაგვარად აფასებენ. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადების კონტექსტში სიტყვა „ოკუპანტი“ სხვაგვარად იკითხებოდა:

„კონტექსტი ასეთი იყო: ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით რუსეთს და საკმაოდ შეშფოთებულები ვიყავით, როდესაც საქართველოს ოკუპაცია ხდებოდა. ანუ, ეს სიტყვა, მომეჩვენა, რომ წარსულის კონტექსტში იყო ნათქვამი, როცა აგრესია ხდებოდა. გვახსოვს, რომ მაშინ რუსები იგოეთამდე იყვნენ მოსულები. ეს იყო ოკუპაციის ცხელი ფაზა. არ მინდა დავაკნინო ეს ყველაფერი, მაგრამ კონტექსტი ოდნავ განსხვავებული იყო იმისგან, რასაც ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება. როდესაც ხელისუფლება სიტყვა “ოკუპაციას” სამართლებრივ საფუძველს უდებს, მე მეჩვენება, რომ კლინტონის გამონათქვამებში სამართლებრივი ასპექტი არ შეიმჩნეოდა და ეს იყო პოლიტიკური განცხადება. მე მასში სამართლებრივი დეფინიცია ვერ ვიგრძენი“.

მაგრამ, ამის მიუხედავად, ექსპერტი აღნიშნავს, რომ კლინტონის ვიზიტი უადვოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველამ ვიცით, როგორიც არის შეერთებული შტატების მნიშვნელობა გლობალურ წესრიგში.

„ამერიკა ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული ავტორიტეტი და გავლენა, მაგრამ ბუშის პრეზიდენტობისგან განსხვავებით, რიტორიკა იყო, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთთან და ვთანამშრობლობთ თქვენთანაც, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, ჩემთვის ღიმილისმომგვრელი და სევდიანი იყო, რომ დემოკრატიაზე ერთნაირად იყო საუბარი აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოში. ანუ, სამივე ქვეყნის დემოკრატია ერთ კონტექსტში იქნა განხილული“.

ექსპერტებისთვის თვლშისაცემია ისიც, რომ ამ ვიზიტისას საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა და ბევრად უფრო შესუსტებულია ინტერესი ჩვენი შიდაპოლიტიკის მიმართ, ვიდრე ეს ბუშის პოლიტიკის დროს იყო.

„ჩემდა სამწუხაროდ, რაც ამ ვიზიტისას დავინახე, ჩვენთან და ბევრ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებების მიღება რუსეთთან კონსულტაციების შედეგად მოხდება. როგორც ჩანს, გავლენის სფეროებს არ დაუშვებენ, მაგრამ რუსეთის აზრი ამ რეგიონში სერიოზულად იქნება გათვალისწინებული“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

კახა კაციტაძე კი ფიქრობს, რომ საქართველოში ამ ვიზიტის შემდეგაც სწრაფად არაფერი შეიცვლება, რადგან საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული:

„ეს პროცესია და ნებისმიერი ცვლილებები გლობალურ დონეზე იწყება და შემდეგ დადის ლოკალურ და რეგიონალურ დონეზე. ჯერჯერობით, გადატვირთვა მიდის გლობალური დონის პრობლემებთან დაკავშირებით. საქართველოს როლზე და შიდაპოლიტიკურ კონფიგურაციაზე და რა იქნება შიგნით, ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. თანაც, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ის ადგილი ვერ ექნება, რასაც ვიღაცეები მიუჩენენ. არსებობს ქართული საზოგადოება და ბუნებრივია, მისი რეაქციაც იქნება გათვალისწინებული“.

ვიზიტის ქართული ინტერპრეტაცია
საქართველოს ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ კლინტონის საქართველოში ვიზიტს, ხელისუფლება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებს. ხელისუფლებამ ამ ვიზიტით ოპოზიციას უკვე გამოაცალა არგუმენტი, რომ საერთაშრისო იზოლაციაშია მოქცეული, მაგრამ გასცდება თუ არა ხელისუფლების მოქმედება ფიარის ფარგლებს, ამაზე სკეპტიციზმი უკვე შეიმჩნევა.

გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას არცერთი მიმართულებით საკუთარი გეგმა არ აქვს და საკუთარი ფიარისთვის რაღაც რომ გველაპარაკოს, მუდმივად, ასეთი ვიზიტების, ან უცხოელების განცხადებების შემდეგ, ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს: „საზღვარგარეთი დაგვეხმარება“.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს მარტივი რამ, ჩვენ შიგნიდან უნდა გავძლიერდეთ, დემოკრატია იმიტომ კი არ უნდა ვაშენოთ, რომ ამას გვეუბნება ჰილარი კლინტონი, არამედ დემოკრატია უნდა ვაშენოთ იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს. ევროკავშირთან და ნატოსთან ჰილარი კლინტონის მხარდაჭერა კი არ გვაახლოებს, გვაახლოებს ჩვენი წესიერი საქციელი.

ჩვენ კი ჩვენს პრობლემას მუდმივად სხვას ვაბარებთ, სინამდვილეში საკითხი დგას სხვაგვარად, და ეს კლინტონის გამონათქვამებშიც იგრძნობოდა. თუმცა, ჩვენს ხელისუფლებაშიც არიან საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც იციან ამ ვიზიტის ფასი და მნიშვნელობა. ის, რასაც ხელისუფლება გვეუბნება, არის პროპაგანდა, რომელიც გამოხატავს იმ განწყობას, რომელიც ხელისუფლებას უნდა, რომ ჩვენ შეგვიქმნას. კლინტონს რაც არ უნდა ეთქვა, ხელისუფლება ამას იმ პრიზმაში დაგვანახებდა, რაც მას აწყობდა, რადგან ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი და ჩვენ დიდ ზეიმს მაინც ვნახავდით“.

ოპოზიციის განწყობა
ხელისუფლებაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ არანაკლებმნიშვნელოვანია ოპოზიცის დამოკიდებულება კლინტონის ვიზიტთან დაკავშირებით. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც კლინტონთან შეხვედრის პატივი არ ხვდა წილად, მაინცდამაინც არ დანაღვლიანებულა, მაგრამ ის მაინც აღნიშნეს, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ იზრუნა კლინტონი „ნამდვილ ოპოზიციას“ არ შეხვედროდა.

რაც შეეხება „არანამდვილ ოპოზიციას“ მოკრძალებით, მაგრამ საკუთარი პარტიის როლს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ერთხელ თავმომწონედ აღნიშნავენ.

ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ დასავლეთმა აქცენტი ისევ „იმ პოლიტიკურ ძალებზე გააკეთა, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართულები და პოლიტიკური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოებას კომბლებით რევოლუციისკენ მოუწოდებენ, ბუნებრივად აყენებენ საკუთარ თავს დემოკრატიული პროცესების მიღმა“.

თითქმის ანალოგიური განცხადება გააკეთა „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც იმ განსხვავებით, რომ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილის შეფასება არ გაუკეთებია. თუმცა, ალასანიამ დაგვაიმედა, რომ ამერიკა სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას ჰპირდება საქართველოს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის.

მართალია ხელისუფლება ირწმუნება, რომ კლინტონთან ოპოზიციის შეხვედრა–არშეხვედრაში მას ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამერიკული მხრიდან, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი იყო, მაგრამ ხელისუფლებაში მიანიშნეს, რომ ამ აზრს მაინცდამაინც არ მიესალმებოდნენ და ეს დღის წესრიგიდან მოიხსნა.

„ხელისუფლებას კლინტონთან ირაკლი ალასანიას შეხვედერა მაინცდამაინც არ მოეწონა, მაგრამ არგუმენტი ჰქონდა წართმეული, რადგან ეს იყო პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გარკვეული შედეგი დადო. რაც შეეხება გიორგი თარგამაძეს, ეს ცალკე მოვლენაა და მასზე, როგორც ოპოზიციური ფრთის წარმომადგენეზე გამიჭირდება ლაპარაკი. საერთოდ, მას და მის მერობის კანდიდატს, რომელიც სხვათა შორის, სადღაც აორთქლდა, მინდა ვუთხრა, რომ ტარიფებს მიხედონ. 5 და 10 თეთრით რომ გაგვიბურღეს ტვინები და სასამართლო პროცესებს გვპირდებოდენ, ახლა იქ არიან და საქმეს მიხედონ.

არჩევნების მეორე დღიდან ამ თემაზე ხმა რომ არ ამოუღიათ, თუ ჰგონიათ, რომ თვითონაც დაივიწყებენ ტარიფების თემას და სხვებსაც დაავიწყებენ, ეს ასე არ იქნება, კვირაში ერთხელ მე მათ ამისთვის მოვთხოვ პასუხს. მიხედონ ამ საკითხს, რაღაც იფაფხურონ და მსგავს თემებს ტვინების გამორეცხვისთვის ნუ იყენებენ“.

ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი, უფრო სწორად – „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი კი საქართველოში კლინტონის ვიზიტის დროს მოსკოვს სტუმრობდა, მაგრამ ვერ გავიგეთ – რისთვის.

კახა კაციტძე ფიქრობს, რომ მოსკოვური ვიზიტები ჩვენი ოპოზიციის მხრიდან სიმულაციის მცდელობაა.

„მე ადრე ჩვენს ოპოზიციას ბატიტვინები ვუწოდე და მგონი, უკვე ჭუკისტვინობისკენ მიდიან. ვერ გაიგეს, რომ იმ კატრეგორიებით აზროვნება – მე პრორუსული ვიქნები და რუსი მომიყვანს ხელისუფლებაში, ან პროამერიკელი ვიქნები და ამერიკელი მომიყვანს ხელისუფლებაში, ეს მიდგომები ისევე უიმედოდ არის მოძველებული, როგორც კომუნიზმზე ნოსტალგია. მოდის სრულიად სხვა ეპოქა, როცა საქართველოზე გავლენას მოახდენს, არა გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა, არამედ, კულტურა და ინტერესების ბალანსი.

პოლიტიკოსების ნაწილი, რომელიც პოზიორობას ახდენს იმით, რომ იძახის პრორუსული ან – პროამერიკული, ეს მიდგომა იმის ნიშანია, რომ მათ ჯერაც არ ესმით რა პროცესები მიდის მსოფლიოში. აქ მარტო ამერიკა–რუსეთის „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, აქ გაცილებით გლობალურ პროცესებზეა საუბარი“.

ბოლოს, უნდა ვთქვათ, რომ ამ ვიზიტს უფრო სხვა მიმართულბა ჰქონდა, ვიდრე ქართულ პოლიტიურ სპექტრს (როგორც ხელისუფლებას, ისე – ოპოზიციას) უნდა რომ წარმოაჩინოს. კლინტონის ოპოზიციასთან შეხვედრას სხვა ფორმატში რომ მომხდარიყო, შეგვეძლო გვეთქვა, რომ ამერიკის პოლიტიკაში რაღაც ფუნდამენტალური ცვლილებები ხდება. მაგრამ, რახან ეს არ მოხდა, შეიძლება დავასკვნათ: ამერიკა საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის მკვეთრ გადასინჯვას არ აპირებს, მაგრამ რა იქნება რამდენიმე თვეში, ეს არავინ იცის.