ანეკდოტები მიშაზე

ანეკდოტები მიშაზე

ბოლო პერიოდია კვირაობით, ცნობილი ქართველი ხელოვანების სახალისო მოგონებებს გთავაზობთ. დღეს გადავწყვიტე რომ ეს ტრადიცია ერთგვარად დამერღვია და  ეს “ნაშრომი” საქართველოში მოარული ანეკდოტებისათვის დამეთმო.

 

ჩვენს ქვეყანაში მრავალი ანეკდოტია გავრცელებული. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები თანამემამულეებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს ეძღვნება. ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, დღეს კი ერთი ექსპერიმენტის ჩატარება მსურს. ბოლო პერიოდის ქართული მასმედიის საშუალებებს საგულდაგულოდ გავეცანი და პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული ანეკდოტები შევაგროვე. მიუხედავად დიდი სურვილისა, მათი რაოდენობა შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა.

 

ნამდვილად არ მინდა დღეს ქვეყნის პირველი პირი კრიტიკის ქარცეცხლში გავატარო, ან პირიქით, ქებათა – ქება მივუძღვნა. მკითხველის წინაშე მის შესახებ შეთხზული რამდენიმე ანეკდოტი მინდა რომ გამოვიტანო. როგორც ვხვდები ანალოგიური სახის “ნაშრომი” ქართული მასმედიის საშუალებებში ჯერ არ დაფიქსირებულა, ამიტომ ქვემოთ მოყვანილი მაგალითების გამო ავტორს სასტიკად ნუ განსჯით. პირიქით, თუ მკითხველი ამ ნუსხას გაამდიდრებს, ძალზე მადლიერი დაგრჩებით.

 

1. 5 იანვრის საღამოა. მიშა რეკავს სახლში:

- დედა, შეგიძლია მომილოცო, მე გავიმარჯვე საპრეზიდენტო არჩევნებში!

  დედა ( გახარებული ):

- მართლაა?

- რა მართლა, დე, შენც ეჭვი გეპარება?!

 

2. – მზია მასწ. ლექსი დავწერე პოლიტიკაზე.

- მითხარი.

- რა კარგია პოლიტიკა,

- ხან კენჭს იყრი,

ხან ქვას ისვრი,  

როცა დიდი გავიზრდები,

ძია მიშას გვერდით ვივლი.

 

3. წამყვანმა ტოპ – მენეჯერებმა გამოითვალეს, რომ მხოლოდ კაბინეტურ ფოტოებზე 100 ათასი ლარი დაიზოგება, თუ კვლავ იმავე პრეზიდენტს ავირჩევთ.

 

4. – აბა, ბავშვებო, ვინ მეტყვის რა განსხვავებაა ჩვენს პრეზიდენტსა და ცხონებულ რეიგანს შორის?

- რეიგანი, მასწ, დიდი ამერიკის პრეზიდენტი იყო, ჩვენი პრეზიდენტი კი პატარა საქართველოს პრეზიდენტია.

- კი-ი-ი-დო?

- რეიგანმა ქართული არ იცოდა, მასწ, მიხეილ სააკაშვილმა კი ქართულიც იცის და ინგლისურიც.

- კი-ი-ი-დო?

პაუზა. ამ დროს ბოლო მერხზე ნელ-ნელა იწევა პატარა ბიჭუნას ხელი.

- აბა, ბიჭო, მთელი წელიწადი ხმა რომ არ ამოგიღია, რას იტყვი?

- მასწ, რეიგანი ჯერ არტისტი იყო და მერე გახდა პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ჯერ პრეზიდენტი გახდა და მერე გახდა არტისტი!

 

5. ბუში და სააკაშვილი დანაძლევდნენ, ვის უფრო მაგარი ჯარისკაცები ჰყავთ. გაიყვანა ბუშმა პოლიგონზე სააკაშვილი, მიადგა საზღვაო – სადესანტო ჯარების ყველაზე გამორჩეულ რიგითს და მთელი ძალით სახეში გლიჯა.

- გეტკინა? – ჰკითხა ბუშმა.

- მისტერ პრეზიდენტო, ამერიკელი ჯარისკაცები ფლობენ ტკივილის გაძლების ნებისყოფას!

  ბუშმა ამაყად გადმოხედა სააკაშვილს.

  ჩავიდნენ თბილისში. ახლა მიშამ გაიყვანა პოლიგონზე ბუში. მივიდა ერთ ქართველ ჯარისკაცთან, “სტეჩკინი” იძრო და   პირდაპირ ფეხის თითებში დაახალა ტყვია.

- გეტკინა? – ჰკითხა სააკაშვილმა.

- არა, ბატონო პრეზიდენტო! – წარბიც არ შეიხარა ჯარისკაცმა.

გადმოხედა მიშამ ამაყად განცვიფრებულ ბუშს და იმანაც წაგებულად ცნო თავი. სტუმარი რომ გააცილა, მიშა მობრუნდა, ის ჯარისკაცი მონახა და უთხრა:

- ორდენს ჩამოგკიდებ მამაცობისთვის და ჩინსაც მოგანიჭებ, ყოჩაღ!

- გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, ოღონდ ორდენთან ერთად ეგებ დაავალოთ, რომ 40 ზომის “ბატინკები” მომიტანონ, თორემ საწყობში არ არის და ერთი კვირა 45 ზომის “ბატინკებით” დავდივარ, დამაწყდა ფეხები.

 

6. სააკაშვილი, ნათელაშვილი და პატარკაციშვილი მიფრინავენ. თვითმფრინავი ვარდება, პარაშუტი კი ერთია. მოდით, ფარული კენჭისყრა ჩავატაროთ, ამბობს ნათელაშვილი. სააკაშვილმა გაიმარჯვა, გაიკეთა პარაშუტი და გადახტა.

ნათელაშვილი: - რას იზამ, დემოკრატია დემოკრატიაა.

პატარკაციშვილი: - ხო, მაგრამ ის ვერ გამიგია, 1500 ხმით როგორ გაგვისწრო?

 

7. მასწავლებელი პატარა კახელს ეკითხება:

- აბა, მითხარი, რა ჰქვია რუსულად თაგვს?

- “მიშკა”, მასწ.

- ვირთხას?

- ნაღდად, “მიხეილი” ერქმევა, მასწ.

 

8. სადარბაზოს შესასვლელთან, სადაც მიხო მზესუმზირას ყიდის, გურულმა ჩაიარა.

- გიცანი ძამა, მგონი შენ იყავი, ვარდების რევოლუციის დროს შევარდნაძეს ცხვირწინ ხუთჯვრიან დროშას რომ უფრიალებდი და გადადექი, გადადექიო, ყვიროდი.

- მე ვიყავი, მაშ სხვა ვინ იქნებოდა? – თავი მოიწონა მიხომ.

- მერე, ი კაცი გიშლიდა მზესუმზირის გაყიდვას?