ჯოზეფ ბამფორდის არატრადიციული სტრატეგია

ჯოზეფ ბამფორდის არატრადიციული სტრატეგია

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

კომპანია JCB სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გახლავთ. იგი შექმნა ჯოზეფ სირილ ბამფორდმა, კაცმა, რომელიც არასოდეს არაფრად აგდებდა დიდი ბიზნესისათვის დამახასიათებელ სტრატეგიას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უდიდეს წარმატებას მიაღწია.

 

ელემენტარული ბიზნეს-ფილოსოფია

ერთხელ, ჯოზეფ ბამფორდს ჰკითხეს, რამ განაპირობა მისი ორიგინალური ბიზნეს-სტრატეგიის ჩამოყალიბება. მან უპასუხა, რომ ღმერთს უმადლის თავის დროზე მომხდარ ორ მცირე კაზუსს და ერთ დიდ უსიამოვნებას.

 

უსიამოვნება 1945 წელს მოხდა, როცა 29 წლის ჯოზეფ სირილ ბამფორდი უმუშევარი დარჩა. გასაკვირია, მაგრამ იგი სამუშაოდან ალალმა ბიძამ გააგდო. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი მისი მცირე საწარმო შავ დღეში იყო და მდგომარეობის გამოსწორება სხვებთან ერთად უახლოესი ნათესავის შემცირებით გადაწყვიტა.

 

ბამფორდი შავ დღეში ჩავარდა, მშობლიურ უტოკსეტერში სამუშაოს შოვნა შეუძლებელი იყო. მისი ცოლ-შვილი უკვე შიმშილობდა. ჰოდა, გადაწყვიტა გაერისკა, უკანასკნელი 1 ფუნტით ხელსაწყოები იყიდა და სახელოსნო გახსნა. მან ჯართისაგან ტრაქტორის მისაბმელი გააკეთა და 45 ფუნტად გაყიდა, რაც იმ დროს გვარიანი ფული იყო.

 

ბამფორდი მიხვდა, რომ სწორ გზას ადგა და გადაწყვიტა ბიძამისის საწარმოსათვის გაესწრო. ამისათვის მან ბანკიდან კრედიტი აიღო, მაგრამ ცოტა ხანში აცნობეს, რომ ფული ერთი კვირის განმავლობაში უკან უნდა დაებრუნებინა. ამ კაზუსის შემდეგ ბამფორდმა თავისი ბიზნეს-ფილოსოფიის მთავარი პოსტულატი ჩამოაყალიბა: არასოდეს კრედიტი არ აიღო.

 

გარეშე ინვესტიციების მოზიდვის გარეშე განვითარების გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა წარმოების, მარკეტინგის და ბრენდინგის თავისებურ სისტემას, რამაც ბამფორდს საშუალება მისცა თავისი კომპანია JCB (Joseph Cyrill Bamford) სამშენებლო ტექნიკის მსოფლიო ბაზრის ლიდერად ექცია.

 

მეორე კაზუსი ბამფორდს დილერთან სტუმრობისას შეემთხვა. იქ მან ნახა გენერატორი, რომელშიც ჩიტს ბუდე გაეკეთებინა. ბამფორდი შეწუხდა, რომ გენერატორის გაყიდვისას ფრინველის ბუდის დანგრევა საჭირო გახდებოდა. მაგრამ დილერმა უპასუხა, რომ გენერატორის გაყიდვას სულაც არ ჩქარობდა, რადგან მწარმოებლისათვის მისი საფასური მხოლოდ რეალიზაციის შემდეგ უნდა გადაეხადა. ჰოდა, ბამფორდმა გადაწყვიტა თავისი ფირმისათვის ამგვარი ფუფუნების უფლება არ მიეცა.

 

საკუთარი თავის და დისტრიბიუტორების მძიმე ვითარებაში ჩაგდების შემდეგ ბამფორდი იძულებული იყო მოეფიქრებინა ის ერთადერთი სქემა, რომელიც კონკურენტებთან უპირატესობას მოაპოვებინებდა. JCB-ის მიერ წარმოებული პროდუქცია სხვებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფი უნდა ყოფილიყო. ვინც კონვეიერულ წარმოებას იცნობს, კარგად იცის, რომ ეს პრაქტიკულად

შეუძლებელია. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: JCB-იმ ეს შეძლო.

 

“ეს რთული როდია, - ამბობდა ბამფორდი, - ჩემი ბიზნეს-ფილოსოფია ელემენტარულია. მაგალითად: წარმოებული მანქანა რომ კონკურენტებზე იაფი იყოს, არ უნდა გამოვიყენოთ ორი დეტალი იქ, სადაც შეიძლება ერთი იყოს საკმარისი. ასეც არის, როგორც წესი, ჩვენს ნაწარმის მექანიზმში ყოველთვის ცოტა დეტალია”.

 

მარტივი და ლოგიკური

სულით ხორცამდე ინჟინერმა ჯოზეფ სირილ ბამფორდმა ის კი არ აღნიშნა, რომ მის მანქანებში არა მარტო ცოტა დეტალია, არამედ ისინი სხვაგვარადაა დამზადებული. უნდა ითქვას, რომ არანაირი რევოლუციური აღმოჩენა მას არ გაუკეთებია, უბრალოდ, არსებული მიგნებების სინთეზირება მოახდინა და სტერეოტიპები დაამსხვრია. JCB-ის ყველა «ჰიტი» ამგვარი მარტივი და ლოგიკური იდეის ხორცშესხმა გახლავთ.

 

პირველივე მისაბმელი, რომელიც ბამფორდმა 1945 წელს შექმნა, აღჭურვილი იყო ხელის დამცლელი მექანიზმით. თვითმცლელი მისაბმელი ფერმერთა შორის ძლიერ პოპულარული გახდა. ორი წლის შემდეგ მან თვითმცლელის სრულყოფა მოახდინა და იგი უკვე ჰიდრავლიკური მექანიზმით აღჭურვა.

 

შემდეგი ნაბიჯი უკვე თვითდამტვირთავი მექანიზმის შექმნა გახლდათ. იგი ძალიან დიდი მოთხოვნიდებით სარგებლობდა და JCB-ის გვარიანი შემოსავალი მოუტანა. ამის შემდეგ ბამფორდმა შემდგომი სრულყოფისათვის კიდევ ძალიან ბევრი იმუშავა და 1953 წელს უნივერსალური ექსკავატორი-მტვირთავი Mk-1 შექმნა.

 

ამის შემდეგ JCB-იმ აქცენტი სამშენებლო ტექნიკის წარმოებაზე გააკეთა, რაც სწორი სვლა აღმოჩნდა. 50-იანი წლების ბოლოს კომპანიის ბრუნვამ 3 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიაღწია. თითქმის მთელ შემოსავალს ბამფორდი წარმოების გაფართოვებასა და სიახლეთა დანერგვაში აბანდებდა.

 

ბამფორდის კიდევ ერთი პოსტულატი მეტად უცნაურად ჟღერს: «მხიარულად უნდა ივაჭრო, ეს მარკეტინგულ დანახარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. იუმორის გრძნობა ბიზნესმენისათვის ძალზე მნიშვნელოვანია». ამასთან, იგი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწორ და ორიგინალურ სარეკლამო კამპანიას. იგი ზოგჯერ ისეთ აქციებს ანხორციელებდა, რომ კონკურენტები მასხარას ეძახოდნენ. მაგალითად, ერთხელ განთქმული ექსკავატორის JCB 4-ის მექანიკური ნიჩაბი ასფალტში ჩაარჭეს და მასზე დაყრდნობით მანქანა იმოდენაზე ასწიეს, მის ქვემოთ კადილაკმა გაიარა. ერთხლ კიდევ ბამფორდის ინიციატივით უზარმაზარ მოედანზე რამდენიმე ტრაქტორს ჯგუფური ცეკვა შეასრულებინეს.

 

ჯოზეფ ბამფორდს არასოდეს მოსვლია აზრად მისი კომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა. იგი ხომ გარეშე ინვესტიციებს არ სცნობს. ამიტომაც, JCB დღემდე მხოლოდ მისი ოჯახის კუთვნილებად რჩება. მართალია, თავად კარგა ხანია საქმეს ჩამოშორდა და კომპანიის ხელმძღვანელობა უფროს ვაჟ ენტონის გადააბარა, მაგრამ მისთვის ძვირფას რჩევებს არ იშურებს.

 

JCB თანდათანობით სულ უფრო და უფრო იფურჩქნება. იგი მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე 50-მდე ქარხანას ფლობს, მისი წლიური ბრუნვა 10 მილიარდ ფუნტ სტერლინგს აღწევს და, როგორც აღვნიშნეთ, თავისი სფეროს ერთ-ერთ ლიდერად რჩება. ყველაფერი ეს კი ერთადერთი ადამიანის, ჯოზეფ სირილ ბამფორდის დამსახურებაა.