საკრებულოს უმცირესობა ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება

საკრებულოს უმცირესობა ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება

საკრებულოს უმცირესობა ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრი თემურ გრიგალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილს პახუსობს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ირაკლი შიხიაშვილს სურვილი აქვს, ეკლესია-მონასტრების დაფინანსების ინიციატივის ექსკლუზიურ ავტორად საკუთარი თავი წარმოაჩინოს, მაშინ როცა, ამ საკითხის წამოწყება 2008 წლიდან დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ეკუთვნის.

თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის თანხები გამგეობების ბიუჯეტში 6 წლის წინ ჩაიდო და ფული უკვე 22 ტაძრის მშენებლობის ფონდს გადაერიცხა.

"რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ბატონმა თავჯდომარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა შეხვედრა საპატრიარქოსთან და ეს საკითხი სრულად იყო შეთანხმებული სასულიერო პირებთან. თუმცა, მეორე დღეს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს საკითხი საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი ტაძრების მშენებლობაში, თუმცა კარგი იქნებოდა ბატონი შიხიაშვილი უფრო ინფორმირებული ყოფილიყო და უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მოეწოდებინა საკრებულოს წევრებისთვის",- განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა დღეს ბრფინგი გამართა. შიხიაშვილი საკრებულოს მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება და მას "ბინძური პიარკამპანიის აგორებაში" ადანაშაულებს.

"საერთოდ არ ვფიქრობდი და არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, რომ არა საარჩევნო ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელის, მიხეილ მაჭავარიანის მიერ რამდენიმე სახელმწიფო უწყებისთვის, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწერილი გაუგებარი საჩივარი, რომლითაც ის თბილისის საკრებულოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საკრებულომ 14 აპრილს ეკლესია – მონასტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყო თანხები ბიუჯეტში და თითქოს ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ერთი მხრივ, მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ საკრებულო თანხებს არ განკარგავს. ეს მერიის პრეროგატივაა. მეორეს მხრივ, თბილისის საკრებულომ, რომელმაც ბიუჯეტი ახალი რეგულაციებით არა 14 აპრილს, არამედ 7 მარტს დაამტკიცა, კეთილმოწყობის მუხლში თბილისის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია – მონასტრებისთვის დასახმარებელი თანხა გაითვალისწინა. იმისათვის, რომ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას და მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას" ამ თემით სპეკულირების და მანიპულირების საშუალება არ მისცემოდა, საკრებულოს ბიურომ მერიას რეკომენდაციის სახით შესთავაზა ბიუჯეტში უკვე არსებული ფულადი სახსრების თანაბარი და სამართლიანი განაწილების წესი ტაძრების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, მაქსიმალური ზღვრული ოდენობით 10 000 ლარი", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს ბიუროს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც დაუჭირა მხარი.

"ამის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი ცდილობს მისთვის ჩვეული, ბინძური პიარკამპანიის აგორებას და ამ თემის პოლემიკის საგნად ქცევას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ "ნაიონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავი მებრძოლ – ათეისტად. ამ სექტანტური აზროვნების მქონე ლიდერები მიხეილ მაჭავარიანის მეთაურობით ერთმანეთში შეგნებულად ურევენ ეკლესიებისთვის დახმარებას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში. ამასთანავე, ისინი ვერ ერკვევიან კანონში, ვინაიდან საკრებულოს 14 აპრილის სხდომაზე ამ თემაზე არ უმსჯელია, რადგანაც ვიმეორებ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 7 მარტს იქნა დამტკიცებული. ჩვენ ყველა ტაძარს 16 აპრილს მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ და განვუმარტეთ, რომ აღნიშნული თანხის მიღება შეუძლიათ რაიონული გამგეობების ბიუჯეტიდან შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საპატრიარქოსთან", - აღნიშნა შიხიაშვილმა.