დაამონტაჟა თუ არა "რუსთავი 2-ის" შენობაში სათვალთვალო კამერები მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურმა - მთავარი პროკურატურა შუალედური გამოძიების დეტალებს ასაჯაროებს.
ქვეყნდება ტელეკომპანიის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ჩვენება. თეიმურაზ კოვზიაშვილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ტელევიზიაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების კვალი ექსპრეზიდენტის სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ვიზიტის შემდეგ გაჩნდა და ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ინფორმირებული იყო.
ვრცელდება 2012 წლის 21 დეკემბრით დათარიღებული კადრებიც, რომელიც ტელევიზიის შენობაში დაცვის სამსახურის ვიზიტს ასახავს.
კიდევ ერთი დეტალი - კოვზიაშვილი "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობამ ფარული თვალთვალის ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლა. გამოძიების მიერ ცოტა ხნის წინ გასაჯაროებულ მასალებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი უნდობლობას უცხადებს და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.