მთავრობა საინვესტიციო პროგნოზებში კვლავ მილიარდს ეთამაშება

მთავრობა საინვესტიციო პროგნოზებში კვლავ მილიარდს ეთამაშება

[ეკა ბაქრაძე]

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო წელს მილიარდამდე ინვესტიციას ელოდება. მართალია, მათ კონკრეტული ციფირი არ დაუსახელებიათ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ წლევანდელი უცხოური ინვესტიციები შარშანდელზე, დაახლოებით, 1/3-ით მეტი იქნება.  რადგანც სააგენტოში დარწმუნებულნი არიან, რომ შარშან საქართველოში 700 მლნ დოლარის კაპიტალი დააბანდეს, გამოდის, რომ 2011 წლის ბოლოს 1 მილიარდამდე უცხოურ ინვესტიცია უნდა მივითვალოთ.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, წლეულს პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ტურიზმი იქნება. 2010 წელთან შედარებით კი ბოჭორიშვილი 30%-ით მეტ უცხოურ ინვესტიციას ელოდება.

„2011 წელს ინვესტიციების მოზიდვის სფეროების კუთხით კონკრეტული პრიორიტეტები უკვე გამოკვეთილია, თუმცა, ბუნებრივია, ინვესტიციების შემოსვლას სხვა დანარჩენ სფეროებშიც მივესალმებით. ამასთან, საინვესტიციო სააგენტო აქტიურად მუშაობას აპირებს, რათა ინვესტორები მაქსიმალურად დავაინტერესოთ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინების ტემპი გავზარდოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, შარშან ქვეყანაში, დაახლოებით, 700 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. თუმცა, სხვა მონაცემები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ფონდის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების მოცულობა დაგეგმილზე ნაკლებია და დაახლოებით 600 მილიონ დოლარს შეადგენს.  ჯერჯერობით საერთოდ არანაირ მონაცემს არ აქვეყნებს სტატისტიკის დეპარტამენტი. ისინი დაზუსტებული ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის დროს ითხოვენ.

სავალუტო ფონდის დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ მომდევნო რამდენიმე წელი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი გამოწვევა სოლიდური ზრდის უზრუნველყოფაა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობის შემთხვევაშიც კი. სსფ-ს აზრით, საგარეო მდგომარეობა ისევ არამდგრადია, ამიტომ ინვესტიციების საქართველოში დიდი ოდენობით „დაბრუნება“ ნაკლებ სავარაუდოა.

მთავრობა 2010 წელს მილიარდი დოლარის ინვესტიციას ელოდა, თუმცა „საქტსატის“ მონაცემებით, გასული წლის სამ კვარტალში მხოლოდ 433 მილიონი დოლარის ინვესტიცია იყო შემოსული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის ინფორმაციით, 2010 წელს შემოსულ ინვესტიციებთან დაკავშირებით წინასწარ მონაცემებს, დაახლოებით, ორ კვირაში გამოაქვეყნებენ.

„ეს არის მხოლოდ პროგნოზები. სტატისტიკის ეროვნულ სამსახური კი პროგნოზებს არ აკეთებს. რაც შეეხება ინვესტიციებთან დაკავშირებულ წინასწარ მონაცემებს იგი, გრაფიკის მიხედვით, დაახლოებით, ორ კვირაში იქნება მზად“, - განაცხადა ზაზა ჭელიძემ.

სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაშიც ადასტურებენ, რომ, 600-მილიონიანი საინვესტიციო მონაცემები წინასწარია. ფონდის წარმომადგელობა ეროვნული ბანკისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და აღნიშნული პროგნოზი მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციების შესაბამისად გააკეთა. 

„ინვესტიციებთან დაკავშირებით, სანამ ზუსტი მონაცემები გამოქვეყნდება, აუცილებელია პროგნოზის გაკეთება, რათა შემდგომ ფონდმა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვროს“, - აღნიშნეს წარმომადგენლობაში. ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ ფონდის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და საბოლოო მონაცემებს შორის ცდომილება, როგორც ყოველთვის მინიმალურია. ასე რომ, შესაძლოა, ბოლოს სსფ-ს პროგნოზი გამართლდეს.