საქართველოს ინფრასტრუქტურა და რუსულ–ირანული გეგმები (წერილი მეორე)

საქართველოს ინფრასტრუქტურა და რუსულ–ირანული გეგმები (წერილი მეორე)

ირანში ბევრი ანალიტიკოსი ერთმანეთს უკავშირებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსა და სპარსეთის ყურეში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მობილიზაციას. მათი აზრით, კავკასიის მოვლენები ირანზე თავდასხმის პრელუდია იყო. ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება ირანში აღიქვეს საქართველოს, როგორც ირანის საწინააღმდეგო სამხედრო პლაცდარმის დასუსტება და შესაბამისად, ირანის საწინააღმდეგო ოპერაციის გადადების მიზეზი. ამასთან, ირანმა ომის შემდეგ დაიწყო ევროპის ენერგობაზრებზე თავისი პოზიციების გამყარების ახალი შესაძლებლობების ძიება. საომარი მოქმედებები ჯერ ისევ მიმდინარეობდა, როდესაც ირანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, რომ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” საქართველოს სეგმენტს არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე თურქულ სეგმენტს და შესაბამისად, მისი ფუნქციონირების შეჩერებაა ის მიზეზი, რამაც უნდა გამოიწვიოს პროექტის უსაფრთხოების თავიდან გადაფასება. ირანში მიაჩნიათ, რომ “ნეკა-ჯასკის” (კასპია–სპარსეთის ყურე) ირანული საექსპორტო ნავთობსადენი შესაძლოა გამოდგეს “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ალტერნატივად. უფრო მეტიც, ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ნავთობსადენის შესაძლებლობების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მიმდინრეობს და რუსეთი და ყაზახეთი მზად არიან ჩაერთონ მასში.

საქართველოს გავლით ენერგომატარებლების ტრანზიტის მარშრუტის უსაფრთხოების პრობლემების გამო, რუსეთ–საქართველოს ომის დამთავრებისთანავე, - 2008 წლის 26 აგვისტოს, აზერბაიჯანმა დაიწყო თავისი ნავთობის ირანში გადატვირთვა, ხოლო 2009 წლიდან ირანს და რუსეთს მიეწოდება აზერბაიჯანული გაზიც. ეს ქვეყანა აქტიუარდ იყენებს ევროპაზე ზეწოლის ფორმულას: “პოლიტიკური მხარდაჭერა ენერგიისათვის”. ევროპელი ექსპერტების აზრით, მარკეტინგული კვლევა გვიჩვენებს, რომ ევროპას მთლიანად სჭირდება აზერბაიჯანის, ერაყის, ირანის და თურქმენეთის გაზი. ამასთან, თეირანში ამტკიცებენ, რომ კასპიის სტატუსის პრობლემის არსებობის პირობებში, ირანის რესურსების გარეშე “დერეფნის“ პროექტების გაზით შევსება წარმოუდგენელია.

საერთაშორისო სანქციების მოქმედების მიუხედავად, კასპიის ნახშირწყალბადების ათვისებაში ირანსაც სერიოზული წარმატებები აქვს. საყურადღებოა, რომ ბოლო სამ წელში მსოფლიოში განხორციელებული 5 უმსხვილესი გეოლოგიური აღმოჩენის სიაში სწორედ ირანი ლიდერობს. ქვეყანა, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება, კვლავ „ნავთობდოლარების“ იმედათაა. 2012 წლის დეკემბერში ირანის ნავთობის ექსპორტმა, წინა წლის ივლისში ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ამოქმედების შემდეგ, უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნულს ანალიტიკოსები, ჩინეთის მხრივ მოთხოვნის სწრაფ ზრდას უკავშირებენ. როგორც ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ჩინეთში კვლავაც შეეცდებიან გაზარდონ ირანული ენერგორესურსების იმპორტი, ვინაიდან მისი სიტყვებით, „...ამის გამო არავინ არაფერს გააკეთებს – როგორც ჩანს ობამამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ირანთან ომს არ აპირებს.”

შედეგად, 2012 წლის დეკემბერში, ირანის ნავთობის ექსპორტი დღეში 1.4 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. თუმცა, 2013 წლის შედეგებით, ამერიკის მიერ დაწესებული ახალი სანქციების გამო, ექსპორტმა კვლავ დაიკლო.          აღნიშნულიდან გამომდინარე, თეირანი მიიჩნევს, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება. აშშ-ს და ისრაელის მხრივ ირანზე სამხედრო თავდასხმის ალბათობა კვლავ არსებობს. ამიტომ ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმ სავარაუდო ფაქტს, რომ თავდასხმა ირანის თეოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ კი არ იქნება მიმართული, არამედ ეს აქცია მიმართული იქნება ბირთული ირანის, როგორც არაბული ქვეყნების ისტორიული მეზობლის დასამარცხებლად.

ირანის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამ ქვეყნის პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ გაერო-ს გენასამბლეის 68-ე სესიაზე ირანი, როგორც მშვიდობისმოყვარე ქვეყანა წარმოაჩინა. ამავე დროს, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა, გენერალმა მოჰამად ალი ჯაფარიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ბარაკ ობამასთან ტელეფონით არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესაუბრა. ამის გამო, პრეზიდენტ რუჰანის ახალგაზრდა ირანელმა კონსერვატორმა ფეხსაცმელიც კი ესროლა.

მიუხედავად კონსერვატორული ძალების წინააღმდეგობისა, 2013 წელს ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ 35 წლის წინ ირანსა და აშშ-ს შორის შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებისათვის აუცილებელია ორი ქვეყნის ხელმძღვანელის შეხვედრა. ამის შემდეგ მყისიერად არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა დაიწყოს დასავლური ანტიირანული ენერგეტიკული სანქციების შერბილების, მომავალში კი საერთოდ გაუქმების პროცესი, რასაც საქართველოს ენერგეტიკა მომზადებული უნდა შეხვდეს.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში ირანის ელჩმა მოჰამად რეისიმ განაცხადა რომ ირანს, ისევე როგორც გასული საუკუნის 70-იან წლებში, თავისუფლად შეეძლო გამხდარიყო სომხეთის ქსელით საქართველოსათვის გაზის მომწოდებელი.

გაზის ქსელების ზემოაღნიშნული კონფიგურაცია შესაძლოა კვლავ აღორძინდეს, თუ ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჰასან რუჰანი დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გააგრძელებს. ეს მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ ირანული ნახშირწყალბადების ისეთი სატრანზიტო ქვეყნები, როგორებიცაა სირია და თურქეთი უკვე სამ წელზე მეტია ერთმანეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში იმყოფებიან.

 ახლა, ქვეყნის პრეზიდენტად რეფორმატორის არჩევის შემდეგ, საქართველოს ირანიდან გაზმომარაგება შეიძლება კვლავ რეალური განხილვის საგნად გადაიქცეს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ რუჰანის არჩევით ირანისა და დასავლეთის ურთიერთობებში, შესაძლოა “დათბობა” დაიწყოს და სანქციები შესუსტდეს. ამ შემთხვევაში ირანი, რომლის დადასტურებული გაზის მარაგები, ბოლო შეფასებებით, უკვე რუსულსაც კი აღემატება, შეიძლება კვლავ აღმოჩნდეს მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე საწვავის ერთ-ერთი უმთავრესი მომწოდებელი.

აღსანიშნავია, რომ სანქციებამდე ირანში უკვე დაწყებული იყო გარკვეული სამუშაოები საბადოების ასათვისებლად ინვესტიციების მოსაზიდად. უახლოეს მომავალში ირანის ენერგოსექტორში ინვესტირების გაგრძელება სავსებით რეალურია. მეტიც, მოქმედი სანქციების მიუხედავად უკვე 2013 წლის ივლისის ბოლოს, ირანმა საკუთარი ძალებით დაიწყო თავისი გიგანტური “სამხრეთის ფარსის” გაზის საბადოს მე-12, მე-15 და მე-16 ფაზების ათვისება.

ექსპერტების აზრით, ენერგობაზრებზე სიტუაციის ამ სცენარით განვითარება ევროპისათვის “სამხრეთის გაზის დერეფნის”, - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მარშრუტის, მნიშვნელობას კარდინალურად შეამცირებს. ბაქო შესაძლოა დასავლეთის მხრივ კრიტიკის ობიექტად იქცეს იმ პრობლემების გამო, რაზეც დღეს ევროპას “თვალის დახუჭვა” ურჩევნია - ადამიანის უფლებების დარღვევები, პრესაზე ზეწოლა, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების პრობლემები და ა.შ. საქართველოსაც, ყაზახურ და ირანულ გაზზე იოლი ხელწვდომის მიღების შემთხვევაში, ეძლევა შანსი, რომ “დამყოლი” ტრანზიტორის ნაცვლად აზერბაიჯანისთვის გადაიქცეს მომთხოვნ გადამყიდველად, ანუ რეექსპორტიორად - ისეთად, როგორიც ბაქოსთვის თურქეთია.

საინტერესოა, რომ ირანის გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნება შეიძლება რუსეთისთვისაც პოზიტიური იყოს. ევროპისათვის მისაწოდებელი საექსპორტო გაზის საბადოების ამოწურვის და უკრაინაზე გართულებული ტრანზიტის ფონზე, ძნელი გამოსარიცხია, რომ მოსკოვმა საბჭოთა კავშირის დროინდელი მექანიზმი არ აამოქმედოს. კერძოდ, შეიძლება მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში თავის სტრატეგიულ მოკავშირეს, სომხეთს (ანუ “გაზპრომის” საკუთრებაში მყოფ “არმროსგაზპრომს”) ევროპის მიერ შესყიდული ირანული გაზის თავრიზი-მეგრის გაზსადენით იმპორტის და შესაბამისი ოდენობის რუსული გაზის, როგორც ირანულის, ევროპაში ექსპორტის (“სვოპი”) სქემით მუშაობა დაავალოს.

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, რუსეთის ან ირანის მხრივ შეიძლება კვლავ წამოიჭრას რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი საქართველოს “ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის” პრივატიზების საკითხი. ჰასან რუჰანის მთავრობასთან მოლაპარაკება, თუკი ასეთი შედგება, სწორედ ამ გაზსადენის სტრატეგიული ადგილისა და როლის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს. გასათვალისწინებელია, რომ ამ ათიოდე წლის წინ ამ გაზსადენის ხელში ჩაგდებას რუსული მონოპოლისტი “გაზპრომი” ირანული გაზის ტრანზიტის მიზნით ცდილობდა.

რუსული ენერგოკომპანიების სტრატეგიას, უწინარეს ყოვლისა, მათზე სახელმწიფოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლი განაპირობებს, რომელიც აღნიშნულ სამეწარმეო სუბიექტებს, რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების აქტიურ გამტარებლებად აქცევს. აქედან გამომდინარე, ანტიირანული სანქციების გაუქმების შემდეგ, "გაზპრომს" სავარაუდოდ დაევალება სომხეთ-საქართველოს გაზის ქსელი რევერსით, ანუ გაზის ნაკადის საპირისპირო მიმართულებით – სამხრეთიდან ჩრდილოეთით გასატარებლად გამოიყენოს, როგორც ირანული გაზის ევროპაში ტრანზიტის გზა.

სწორედ ამით იყო გამოწვეული 2005 წელს "გაზპრომის" ინტერესი ჩვენი მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებისადმი. სხვაგვარად ვერ აიხსნება "გაზპრომის" სურვილი მაღალი სიმძლავრის, მაგრამ დაუტვირთავი (ძირითადი – 1200 მმ, სარეზერვო – 700 მმ მილები სანახევროდაც არაა დატვირთული! მისი საპროექტო სიმძლავრეა 18 მლნ. კუბ.მ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ მოხმარების შემცირების გამო ის მხოლოდ 9,5 მლნ. კუბ.მ-ს ატარებს წელიწადში) გაზსადენის მიმართ, რომლითაც სომხეთი რუსული გაზით მარაგდება. ამიტომაც იყო, რომ 2007 წელს "გაზპრომმა" მხარი დაუჭირა ირანიდან სომხეთში გაზსადენის მშენებლობას. უფრო მეტიც, მან მონაწილეობა მიიღო გაზსადენის დაფინანსებაში - "გაზპრომიდან" 140 მლნ. დოლარის კრედიტით გაზსადენის 120 კილომეტრიანი სომხური მონაკვეთი გაიყვანეს. გაზსადენი 2007 წლის 20 მარტიდან უკვე ფუნქციონირებს.

ამავე დროს, "გაზპრომი" აქტიურადაა ჩართული ირანის "სამხრეთ ფარსის" გაზის საბადოს ათვისებაში. იგი ამ ირანულ სტრუქტურაში დღესაც ფლობს 30 პროცენტიან წილს და აპირებს 56 დუიმიანი გაზსადენის ჩრდილოეთ ირანის მიმართულებით მშენებლობას. მაშასადამე, საქართველოზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში "გაზპრომს" ექნება საკუთარი (ანუ ირანში მოპოვებული გაზი) და მილი (ანუ ჩვენი “მაგისტრალური გაზსადენი”) ევროპაში გაზის გადასაგზავნად. ამასთან, ვინაიდან 1998 წლის შემდეგ, "არასასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების" შესახებ კანონის მოთხოვნით, ყველა სახელმწიფო ობიექტი მიწიანად უნდა გაიყიდოს, "გაზპრომს" ამ გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში, ექნება მილი თავის მიმდებარე მიწიანად. ეს კი რუსეთს საშუალებას მისცემს გაზსადენის უსაფრთხოების დაცვის მოტივით მოითხოვოს გარკვეული სამხედრო კონტინგენტის გამოყენება გაზსადენის ნებისმიერ წერტილში.

ამასთან, შეუძლებელია დაეთანხმო ზოგი ექსპერტის მოსაზრებას, თითქოს "გაზპრომს" ჩვენი გაზსადენი თურქეთში გაზის ტრანზიტისთვის სჭირდება. აღმოსავლეთ თურქეთის ბაზარი რუსეთს და ირანს ისედაც უკვე ათვისებული აქვთ. “მაგისტრალური გაზსადენის“ პრივატიზებით და გაზის ნაკადის მიმართულების შეცვლით, რუსეთი განიმტკიცებს ევროპაში გაზის მონოპოლისტის როლს, რადგან ბალტიის ფსკერზე “ჩრდილოეთ ნაკადის” გაყვანის შემდგომ, ე.წ. ძველი გაზსადენებითა და ირანული გაზით მას გარანტირებული ექნება ევროპაზე ხანგრძლივი გეოპოლიტიკური ზემოქმედება. თანაც, ის კიდევ უფრო "მიიბავს” სტრატეგიულ პარტნიორებს, - სომხეთსა და ირანს.

აღნიშნული მოსაზრება დადასტურდა 2014 წლის დასაწყისში “გაზპრომის” მიერ “არმროსგაზპრომში”, რომელიც პრაქტიკულად სომხეთის გაზის ქსელის მფლობელია, სომხეთის მთავრობის დარჩენილი 20% წილის გაყიდვით. ამ ქსელით ევროპისაკენ ირანული გაზის ტრანზიტისათვის, რუსეთს მხოლოდ საქართველოს “ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის” დასაკუთრება სჭირდება.