სადავო კანონპროექტი დამტკიცებულია - ხმაურიანი განხილვებისა და მწვავე კრიტიკის შემდეგ პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი ხმათა უმრავლესობით მიიღო.
პროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს აზრთა სხვადასხვაობა დოკუმენტის მეორე მუხლში შეტანილმა შესწორებამ გამოიწვია, იგულისხმება ფრაზა "საზოგადოებრივი ზნეობა", რაზეც "ნაციონალური მოძრაობა" განმარტებებს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ პროექტს მხარი საპარლამენტო უმცირესობამაც დაუჭირა.
დეპუტატებისგან განსხვავებით, კანონის საბოლოო ვერსიის მიმართ ისევ შენიშვნები აქვს საპატრიარქოს, რომელიც დღეს ახალ განცხადებას ავრცელებს. პროტესტს გამოთქვამს სასულიერო პირების ერთი ნაწილიც, რომლებიც, კანონპროექტის განხილვის შეჩერების მოთხოვნით, დღესაც საპროტესტო აქციაზე იყვნენ გამოსული.