რომელი უფრო ლიბერალურია - „შავი სია“ თუ „შავი ყუთი“?

რომელი უფრო ლიბერალურია - „შავი სია“ თუ „შავი ყუთი“?

[გიორგი ბექაური]

„შავ სიაში“, იგივე „შავ ყუთში“ მოხვედრილ ავტომფლობელებს სადაზღვევო მომსახურეობა გაუძვირდებათ, ან დაზღვევის პროდუქტებით სარგებლობა საერთოდ აეკრძალებათ. „შავი ყუთის“ სისტემა ჯერჯერობით, მხოლოდ ავტოდაზღვევის მქონე პირებისთვის ამოქმედდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იგი სხვა სახის პოლისების მქონე ადამიანებზეც გავრცელდეს, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევაზე.

ბანკების „შავი სიისგან“ განსხვავებით, სადაზღვეოების „შავი ყუთი“ შედარებით ლიბერალურია.

შეგახსენებთ, რომ ბანკების „შავ სიაში“ მოხვედრილი ადამიანებს სანამ ვალს არ გაისტუმრებენ ქვეყნიდან გასვლაც კი ეკრძალებათ, მათ აუქციონზე უყიდიან ქონებას, მიუხედავად იმისა, რომ სესხის გარანტიად ბანკში ქონება ჩადებული იყო თუ არა.

ამ დროისთვის, სადაზღვევო სექტორის „შავი ყუთი“ სატესტო რეჟიმში მუშაობს. „სადაზღვევო საინფორმაციო ბიუროს“ მომსახურებით უკვე 5 კომპანია სარგებლობს - „ალდაგი“, „აისი ჯგუფი“, „იმედი ელი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ირაო“.

ბიუროს ხელმძღვანელის ირაკლი კილასონიას თქმით, მონაცემთა ბაზისთვის ინფორმაცია 6 თვეა, გროვდება. ეს არის შიდა მოხმარების სტატისტიკა, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის ავტოდაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გახადონ.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, ურჩი გადამხდელების და თაღლითების შესახებ კი წინასწარ იქნებიან გაფრთხილებული.

ამ ეტაპზე, „შავ ყუთში“ მოთავსებული ინფორმაცია მხოლოდ სადაზღვევოებმა იციან. „შავ ყუთში“ ის პირები მოხვდებიან, რომელთაც ორი ან რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევის პროდუქტი აქვთ ან წლის განმავლობაში საგზაო შემთხვევებს დასაშვებზე მეტჯერ ახდენენ.

სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, „შავი ყუთის“ პრინციპი გაცილებით სამართლიანია, რადგან გულისხმობს იმას, რომ ვინც ხშირად ახდენს საგზაო შემთხვევებს, მას გაუძვირდება სადაზღვევო პოლისი, ხოლო სხვებისთვის გაიაფდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის გამორიცხული, რომ „შავ ყუთში“ სამედიცინო დაზღვევის პოლისის მქონე პირებიც აღმოჩნდენ. ეს ინიციატივა, სადაზღვევო სფეროში შარშან გაჩნდა. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიღებისას ინდივიდუალური მომხმარებელი სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობას წყვეტს.

ამიტომაც, ე.წ. „შავი სიის“ შექმნის საკითხი დადგა, ამ სიაში მოხვედრილი ინდივიდუალური კლიენტებისთვის გარკვეული სანქციები გატარდება. კერძოდ, მათ შეეზღუდებათ საბანკო დასახაზღვევო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა.

„იყო მოსაზრება, რომ შექმნილიყო რაღაც ნეგატიური, „შავი სია“, ისეთი, როგორიც საბანკო სისტემაშია; ანუ ცუდი გადამხდელები ვინც ამ სიაში მოხდებიან, შეეზღუდებათ სადაზღვევო და საბანკო ხელმისაწვდომობა. ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი სიახლეებია მოსალოდენლი“, - ამბობს ხეჩინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები ყველაზე დიდ შემოსავალს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებიდან იღებენ. 13 სადაზღვევო კომპანიის მიერ მიზიდული პრემიის თითქმის 72 პროცენტი სწორედ სამედიცინო დაზღვევას უკავია.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ რამდენიმე თვის წინათ ბანკებისთვის გაკეთებული „შავი სიის“ არადემოკრატიულობა აღიარა და ეროვნულ ბანკს მის გაუქმება შესთავაზა. სინამდვილეში „შავი სია“ არ გაუქმებული, შეიძლება ითქვას, რომ მისი „რეორგანიზაცია“ განხორციელდა; ანუ „შავ სიაში“ მოხვედრილ ადამიანებზე უფრო მეტი ინფორმაცია დაიდო (რატომ ვერ გადაიხადეს ბანკის ვალი, როგორი გადამხდელები იყვნენ ადრე, ამჯერად რას საქმიანობენ). „კრედიტ ინფოში“ მოხვედრილი მოქალაქეებისთვის კი სესხების აღებაზე დაწესებული 7-წლიანი აკრძალვა, 5 წლამდე შემცირდა.

კანონის თანახმად, „არაკანონმორჩილი“ მოვალეები საკუთრების არარსებობის შემთხვევაში, საბანკო „შავ სიაში“ მანამდე დარჩებიან, სანამ ვალს არ გადაიხდიან. კანონი აღმასრულებელს მოვალის სახელზე ათეულობით წლის შემდეგ დარეგისტრირებული ქონების დაყადაღებისა და გაყიდვის უფლებასაც აძლევს. ასეთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეზღუდება საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება.