ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალიანსს საქართველოში ნატო-ს სამხედრო თავდაცვითი სისტემების განთავსებისკენ მოუწოდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ და ევროპამ ერთობლივი ძალებით იმოქმედონ და საქართველომ დაინახოს ტრანსატლანტიკური ერთიანობა.
„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო იოლად არაფერს არ აღწევს. ჩვენ გვაქვს რუსეთის ინტერვენციის გამოცდილებაც 2008 წელს და სწორედ ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა დიდ ნდობას უცხადებს ნატო-სა და ევროკავშირს. მოსახლეობის 80 პროცენტი ნატო-ში ინტეგრაციას უჭერს მხარს, ხოლო 85 პროცენტი - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკამ და ევროპამ ერთობლივი ძალებით იმოქმედონ და საქართველომ დაინახოს ტრანსატლანტიკური ერთიანობა“, - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცავის მინისტრის განცხადებით, აშშ ზესახელმწიფოა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე ნატო-ს მიერ გადადგმული ნაბიჯი ადეკვატური რეაგირება იყოს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. მინისტრი ამბობს, რომ ატლანტიკურ საბჭოს კონფერენციის ჩატარება ნამდვილად დროული იყო.
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წამყვანი როლი ითამაშოს. ჩემი აზრით, ასეც არის, რადგან აშშ ზესახელმწიფოა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე ნატო-ს მიერ გადადგმული ნაბიჯი ადეკვატური რეაგირება იყოს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ვსაუბრობთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შესახებ, მაგრამ რეალურად არ ვიცით როგორ დასრულდება დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანა ძალიან დიდ ძალისხმევას დებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციაზე 2008 წლის შემდეგ.
„მე დავავალე ომის გამოძიება, რათა გვქონდეს სრული სურათი თუ რა შეცდომები დავუშვით სამხედრო კუთხით და ვცდილობთ გამოვასწოროთ მდგომარეობა. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები შესაფერის პარტნიორობას უწევენ ნატო-ს კოალიციურ ჯარებს ავღანეთში. ჩვენ მხოლოდ პარტნიორები არ ვართ. საქართველოს უფრო მეტი წვლილი შეაქვს ავღანეთის ოპერაციაში, ვიდრე ნატო-ს სხვა ქვეყნებს, სადაც ჩვენი და ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან.
საქართველომ სურვილი გამოთქვა ჩაერთოს ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობის მაქსიმუმს და ველით, რომ ნატო-ს მხრიდანაც შესაბამისი პასუხი უნდა მივიღოთ სექტემბრის სამიტზე. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამ პასუხს სტრატეგიული გავლენა ექნება. დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატო-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება სანქციებს, მინისტრის განცხადებით სამ თუ ექვს თვეში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და რუსეთთან ურთიერთობაც განახლდება, სწორედ ამიტომ მინისტრის განცხადებით გვჭირდება ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება - ეს არის ნატო-ს გაფართოება. მორიგი გაფართოება, რომელიც საქართველოსთან ერთად სხვა ასპირანტ ქვეყნებსაც შეეხება.
„ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება დამატებითი სამხედრო აქტივების განთავსება ნატო-ს წევრ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ პარტნიორებიც. რუსეთი ყოველთვის ქმნის ახალ რეალობას ადგილზე, აირჩევს ახალ სამიზნეს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა - შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში.
საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ თქვენ სერიოზულად უდგებით საკითხს. ასევე, საჭიროა კიდევ სხვა ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების დროს განვიხილავთ. ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებთან ერთად უნდა მოხდეს სამხედრო შემაკავებელი საშუალებების განთავსება რუსეთის საზღვრებთან და დავეხმაროთ უკრაინას მთავარი მიზნის მიღწევაში. მე ძალიან დადებითად ვაფასებ ამერიკისა და ევროკავშირის ძალისხმევას, რომლებიც ერთად მუშაობენ სანქციებზე და სხვა თავდაცვითი ზომების გატარებაზე.
ჩემი აზრით, კრიზისი ჰქმნის შესაძლებლობას - კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რატომ შეიქმნა ნატო, რომ მისი მნიშვნელობა და რელევანტურობა გამართლებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ნატოს გაფართოება, რადგან ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც რეალურად შეუძლია დააჩქაროს თავისუფლების, დემოკრატიის და უსაფრთხოების გავრცელების პროცესი“, - მიმართა ალასანიამ კონფერენციის მონაწილეებს.
ირაკლი ალასანიას გზავნილებს, გამოეხმაურა საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს აპატურაი. ის დარწმუნებულია, რომ ნატო-ში ირაკლი ალასანიას გზავნილს განიხილავენ.
„ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ გასცა დაპირება, რომ ამ გზავნილს მოკავშირეებს მიაწვდის. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ნატო-ს საკუთარი თავდაცვითი სისტემები არ გააჩნია, მოკავშირეებს კი ასეთი სისტემები აქვთ. ნატო-ს ყოველთვის შეუძლია, ამ ორგანიზებაში მხარდაჭერა, როგორც თურქეთის შემთხვევაში განვახორციელეთ სირიის კონფლიქტის დროს. მინისტრ ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მისი განხილვა ნატო-ში მოხდება“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
საქართველოში ნატო-ს თავდაცვითი სისტემის განლაგების შესახებ თავდაცვის მინისტრისას მოწოდებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ალასანიას იდეა ჩვენი პარტნიორებისათვის საინტერესო აღმოჩნდა.
„ეს საინტერესო იდეაა, რომელიც ჯერჯერობით განხილული არ არის, თუმცა ის განხილვას აუცილებლად იმსახურებს. ამ ეტაპისთვის, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი პარტნიორებისათვის“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრაზე ირაკლი ალასანიას ინიციატივა დეტალებში არ განხილულა. ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და ის თუ რა შესაძლო პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული უელსის სამიტზე.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნატო-შიც არის ერთსულოვნება, რომ საქართველოს მიერ დემონსტრირებული პროგრესი და მიღწევები უსაფრთხოების სფეროში კონტრიბუციის გამო უნდა დაფიქსირდეს უელსის სამიტზე. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ალიანსის წევრებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თვეები, ეს პერიოდი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტები, რომლითაც ჩამოდიან ჩვენთან და რომლითაც საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება ალასანიას ინიციატივას, მინისტრის განცხადებით, ახლა არ იქნება სწორი და კომპეტენეტური მისი მხრიდან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან ამას სჭირდება კონკრეტული ანალიზი, საკითხის შესწავლა და შემდეგ კონსულტაციები ნატოელ კოლეგებთან.
„ეს სრულებით ახალი საკითხია, რომელიც თავდაცვის მინისტრმა გააჟღერა და მას ამასთან დაკავშირებით ექნება კონსულტაციები აშშ-ში ვიზიტის დროს და ასევე ექნება კონსულტაციები ბრიუსელსა თუ სხვა დედაქალაქებში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატო-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში, ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანი გზავნილია.
ექსპერტების განცხადებით, ნატომ არა მხოლოდ თავისი წევრი ქვეყნები უნდა დაიცვას, არამედ იზრუნოს მისი პარტიორების უსაფრთხოებაზე და ამასთან ერთად მოხდეს ნატოს გაფართოების დაჩქარება და დაჩქარებული წესით მოხდეს ასპირანტი ქვეყნების გაწევრიანება. ასპირანტი ქვეყანა არის საქართველოც და როგორც უსაფრთხოების საკითხებში ექპერტი თეონა აქუბარდია აცხადებს, ეს იყო ძალიან დროული განცხადება, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს დასავლელი პარტნორებისთვის იმის შეხსება, რომ საქართველო დგას საფრთხის წინაშე.
„თავდაცვის მინისტრმა არა მხლოდ სამხედრო თავდაცვის სიტემაზე გაამახვილა ყურადღება, არამედ ისაუბრა იმაზე, რომ ასპირანტმა ქვეყნება უნდა მიიღონ ნატოს სტატუსი. ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ინ ფონზე, როდესაც ჩვენ ველოდებით უელსის სამიტს, რადგან სექტემბერში შესაძლებელია საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტლება იყოს მიღებული.
მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოსთან მიმართებაში არსებულ საფრთხეებზე. პირველ რიგში, ეს საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან. პირველებმა ჩვენ ვიწვნიეთ რუსეთის აგრესია, ახლა ეს ხდება უკრაინაში. შესაბამისად, როდესაც საუბარაია ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მთავარი საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან. საქართველო თავისი ძალებით ამას ვერ დაუპირისპირდება.
საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და გავრცელდეს მასზე კელექტიური თავდაცვის პრინციპები, რაც მე-5 მუხლით არის გაწერილი. მეორე მხრივ კი, საქართველოს უსაფრთხოებაზე გარკვეული ვალდებულება აიღოს სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა. შესაბამისად, განცხადება, რომელიც გააკეთა თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანია, ახლა ჯერი ჩვენს სტრატეგიულ პარტნორზეა, როგორ მოხდება ამ საკითხის განხილვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდია.
მისივე განცხადებით, სწრაფად უნდა მოხდეს ნატოს გაფართოების ახალი ტალღა, რომ ნატოს ასპირანტმა ქვეყნებმა დროულად მიიღონ ნატოს წევრობის სტატუსი, რადგან რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შეკავება მხოლოდ და მხოლოდ ასეთი გზით არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო იქნება დაუცველი და საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს მოახდინოს რუსეთის აგრესიის შეკავება.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ალასანიას განცხადებას გააჩნია მყარი საფუძველი და სწორედ დღეს საჭიროა მეტი მხარდაჭერის მოპოვება დასავლელი პარტნიორების მხრიდან, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო.
„ალასანიას გამოსვლაში იყო აბსოლუტურად ჯანსაღი ხედვა, დასავლეთის მეტი ჩართულობა. მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. რეალობა უნდა შეიქმნას ჩვენივე მაქსიმალურად აქტიური პოლიტიკით დასავლეთთან, რომ რეალობა შექმნას დასავლეთმა ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება იმას, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია, იმის ილუზია არ უნდა გვქინდეს, რომ ჩვენი განცხადებებით ყველაფერი რამდენიმე თვეში გადაწყდება და ნატოს წევრობას მოვიპოვებთ.
ჩვენს პოლიტიკურ აქტიურობას ჩვენს პარტნიორებთან უნდა მოჰყვეს შედეგები. ამ მცდელობების შედეგი იყო ის, რომ ჯერ მოვიღეთ ინტენსიური დიალოგის ფაზა, შემდეგ შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისა, ამ მცდელობების შედეგად მოხდა ბუქარესტის სამიტზე გადაწყვეტილების მიღება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.