მზე დედამიწას გიგანტური ქარიშხლებით ემუქრება

მზე დედამიწას გიგანტური ქარიშხლებით ემუქრება

ადრე გამოთქმული პროგნოზების საწინააღმდეგოდ, მზეზე შეიძლება სუპერაფეთქებები მოხდეს, რომლებიც აქამდე არნახულ მაგნიტურ ქარიშხლებს და რადიაციულ გამოფრქვევებს გამოიწვევს. ეს კი დედამიწას დიდ ზიანს მიაყენებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა კიოტოს უნივერსიტეტის ობსერვატორიის ჯგუფი პროფესორ კაძუნარი სიბატოს მეთაურობით.

აქამდე ფიქრობდნენ, რომ მზეზე მხოლოდ ჩვეულებრივი აფეთქებები შეიძლება მოხდეს, რომელსაც თან ახლავს პლაზმის რადიაციის გამოტყორცნა, ასევე, მაგნიტური ქარიშხლების წარმოქმნა. დროდადრო კი მას შეეძლო დედამიწაზე გამოეწვია კავშირების შეფერხება, მწყობრიდან გამოეყვანა თანამგზავრები, დასხივება მიეღოთ კოსმონავტებს. მაგრამ, მიიჩნეოდა, რომ ეგრეთ წოდებული სუპერაფეთქებები, როდესაც 100 ათასჯერ და მილიონჯერ უფრო მეტი ენერგია გამოიტყორცნება, მზეზე შეუძლებელია. სწავლულების აზრით, ასეთი კოლოსალური აფეთქებები მხოლოდ „ცხელი იუპიტერის“ ეფექტის არსებობისას ხდება - ესე იგი, როდესაც ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს იუპიტერის ტიპის მასიური პლანეტა, და რიგით უფრო ახლოს, ვიდრე მერკურია მზესთან.

ცდილობდნენ რა დაედასტურებინათ ან უარეყოთ ეს თეორია, ჯგუფი პროფესორ სიბატოს ხელმძღვანელობით, ამერიკული კოსმოსური ტელესკოპის Kepler-ის საშუალებით, 2012 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, 30 წუთის შუალედით ზომავდა ირმის ნახტომში დაახლოებით 83 ათასი ვარსკვლავის სიკაშკაშეს, რომლებიც ზომებითა და ზედაპირის ტემპერატურით ჩვენი მზის მსგავსი იყო.  შედეგად 148 მათგანზე აღინიშნა 365 სუპერაფეთქება, „ცხელი იუპიტერის“ არსებობა ამ ვარსკვლავებზე დაფიქსირებული არ ყოფილა.

ასეთი მონაცემები სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ, რომ სუპერაფეთქება თეორიულად შეიძლება მოხდეს ჩვენს მზეზეც და „ასეთმა მოვლენამ შეიძლება დედამიწას დიდი ზიანი მიაყენოს“, - შეატყობინა ჟურნალისტებს პროფესორმა სიბატომ. გასული წლის მაისის შუა რიცხვებში, მზეზე მძლავრი რენტგენული აფეთქება მოხდა, რომელმაც დედამიწის სიახლოვეს პროტონების ნაკადის გაზრდა გამოიწვია. აფეთქების წყარო გახდა აქტიური არე 1476 - მზის ლაქების ჯგუფი, რომელიც მზეზე აპრილის ბოლოს ჩამოყალიბდა. მაგრამ, მოლოდინის მიუხედავად, ყველაზე მაღალი კლასის აფეთქება ამ არემ არ მოგვცა.