რატომ არ შეიძლება ვარჯიშის თვითნებურად დაწყება

რატომ არ შეიძლება ვარჯიშის თვითნებურად დაწყება

თუ ადამიანს რაიმე ორგანო აწუხებს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე სპორტის რომელიმე სახეობით თვითნებურად დაკავება არ არის რეკომენდირებული, რადგან ამას, შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს. სწორად უნდა შეარჩიოთ მხოლოდ თქვენთვის მისაღები ვარჯიშის სახეობა, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.

აერობიკის დროს ძირითადი დატვირთვა მსხვილ კუნთებსა და მყესებზე მოდის. 40 წლის შემდეგ, აერობიკით აქტიური გატაცება რეკომენდირებული არ არის, ამ შემთხვევაში მსუბუქი ვარჯიშით უნდა შემოიფარგლოთ და დატვირთვა თანდათან გაზარდოთ. თუ აერობიკის ვარჯიშების შესრულებას წონაში დაკლების მიზნით იწყებთ, არაფერი მიირთვათ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში.

სასურველ შედეგს კვირაში სამჯერადი ვარჯიშით, დაახლოებით 6 თვის შემდეგ მიაღწევთ. აერობიკას თავი უნდა აარიდოთ, თუ ხართ ორსულად, გაწუხებთ ოსტეოქონდროზი ან ოსტეოპოროზი.

15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის შეიპინგი არ არის სასურველი. მართალია, ვარჯიშის დროს სიმსუქნე ქრება, მაგრამ, როგორც კი მოზარდი თავს დაანებებს შეიპინგს, ზუსტად იმ ადგილებში გასუქდება, რომლის გახდომაც უნდოდა.

50 წლის ასაკის შემდეგ კი შეიპინგი ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა. ხოლო, ვინც შეიპინგს მისდევს, მათთვის არ არის რეკომენდებული ვარჯიშამდე ხუთი საათით ადრე და შემდეგ  მიიღონ ცხოველური ცილები. აგრეთვე, არაფერი არ უნდა ჭამოთ შეიპინგამდე ორი საათით ადრე, სასურველი შედეგის მისაღწევად კი დაახლოებით სამიდან ხუთ თვემდე დაგჭირდებათ.

შეიპინგის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გამოარკვიეთ თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.

ტრენაჟორებით შეგიძლიათ, სხვადასხვა ჯგუფის კუნთები ავარჯიშოთ და გაწვრთნათ. 15 წლამდე ასაკში ტრენაჟორებზე ვარჯიში არ არის სასურველი.

კუნთებს მხოლოდ ტრენაჟორებზე ვარჯიშით ვერ გაიმაგრებთ, საჭიროა ცილებით მდიდარი საკვების მიღებაც. იმ ადამიანებს, ვინც ტრენაჟორებზე ვარჯიშობს, პირადმა მწვრთნელმა უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური დიეტა. ასევე, კონკრეტული ადამიანებისთვის ინდივიდუალურია ვარჯიშის შედეგები.