რეადმისიის ხელშეკრულება საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელს გაზრდის

რეადმისიის ხელშეკრულება საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელს გაზრდის

[გიორგი ბექაური]

ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტებს ხელისუფლება სამუშაო ადგილებს, რასაკვირველია, ვერ შესთავაზებს და ისინიც იმ უმუშევართა არმიაში ჩაეწერებიან, სადაც დღეს ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია გაერთიანებული.

სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობენ ექსპერტები და მიაჩნიათ, რომ ის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. უმუშევრობის მაჩვენებელი კი მკვეთრად გაიზრდება.

პირველი მარტიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ამოქმედა. ეს ფაქტი ევროინტეგრაციის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და, შესაბამისად, ახალი რეჟიმი უარყოფით შედეგებსაც მოიტანს. 

ხელშეკრულების თანახმად, მიმოსვლის გამარტივებასთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არალეგალი საქართველოს მოქალაქეების, ემიგრანტების დეპორტაციაც უნდა განხორციელდეს, რაც ათასობით უმუშევარი ადამიანის სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს.

საქართველოში კი სამუშაო ადგილები დღითი დღე მცირდება. უკვე გასული წლის მიწურულს სამსახურიდან მეტროს, მერიის, საკრებულოს თანამშრომლები გაათავისუფლეს. ასევე შემცირებები შეეხოთ რეგიონების მუნიციპალიტეტებში მომუშავეებსაც. შეამცირეს პედაგოგებიც. მიმდინარე წლიდან სამსახურიდან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და ექიმები გაათავისუფლეს.

საერთო ჯამში, უახლოეს პერიოდში სამსახურებიდან დათხოვნილი ადამიანების რიცხვმა ლამის 2 ათასს გადააჭარბა. უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი კი დღემდე გამოქვეყნებული არ არის, ცნობილია მხოლოდ 2009 წლის მონაცემები, რომლის მიხედვით, მაშინ, უმუშევრობა სულ რაღაც 16,9% იყო.

დღეს კი, როდესაც სამსახურს საქართველოში მცხოვრები ადამიანები კარგავენ, რეადმისიის შედეგად დაბრუნებულები ამ მაჩვენებელს უფრო გაზრდიან.

„სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება კარგია, მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას ნამდვილად გაუიოლებს საქმეს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ამ ხელშეკრულებას მეორე, ძალიან უარყოფითი მხარეც აქვს, რაზეც ჩვენი ხელისუფლება ყურადღებას არ ამახვილებს. ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს თან ახლავს რეადმისიის პროცესიც.

ჯერ კიდევ 2005 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაკადის დაბრუნება ქვეყანაში სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს წარმოშობდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ერთდროულად ამდენი ადამიანის ჩამოსვლა, რომლებიც რამდენიმე ოჯახს არჩენდნენ, რა მდგომარეობას შექმნის?! მათ გარდა,საქართველოში მყოფ კიდევ რამდენ ოჯახს შეუწყდება შემოსავალი?! ისეთი რა დანაზოგით უნდა ჩამოვიდნენ, რომ სანამ დასაქმდებიან მანამდე ეყოთ?!“, - მიაჩნია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ომბუდსმენს ემიგრაციის საკითხებში ნინო ცხოიძეს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ონოფრიშვილი კი ამბობს, რომ „ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა 40%-ს აღწევს, ემიგრანტთა მასობრივი დაბრუნება სერიოზულ პრობლემებს შექმნის“. მისივე თქმით, ქართული ეკონომიკის იმპორტზე დამოკიდებულების გამო, ვალუტის მასობრივად გადინების ფონზე, საქართველოში ინფლაციას, გარკვეულწილად, ქართველი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები აფერხებდა. ახლა კი, ევროკავშირთან ფაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების გამო, ემიგრანტთა დიდი ნაკადის დაბრუნება, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის.

როგორც ონოფრიშვილი აღნიშნავს, ემიგრანტებისგან ყოველწლიურად ქვეყანაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი შემოდის, ეკონომიკურ კრიზისამდე კი, ეს თანხა 1 მილიარდსაც აღწევდა.

„საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი არალეგალი ემიგრანტია. ერთ-ორ თვეში განსაკუთრებულად დიდი ნაკადის შემოსვლა არ მგონია მოხდეს, მაგრამ ეტაპობრივად დაბრუნება მოუწევთ. იმ ფონზე, როცა საქართველოში უმუშევრობის დონე 40%-ის ფარგლებშია, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ზოგმა წასვლის წინ ბინები გაყიდა და სახლიც კი არ აქვს.

გარდა იმისა, რომ შემცირდება ფულადი გადმორიცხვები, დაბრუნებულებს სამუშაოც არ ექნებათ და თვითონაც და ის ოჯახებიც, რომლებსაც საზღვარგარეთიდან ინახავდნენ, შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ცხადია, კომპლექსურად, ეს ყველაფერი ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს“, - აღნიშნავს ექსპერტი და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ასეთი პრობლემების გადასაჭრელად მზად არ არის.

მისი თქმით, რეადმისიის უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად, მთავრობა დაბრუნებულ ემიგრანტებს მომზადებული უნდა დახვდეს.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ამ საკითხისადმი დეტალური პოზიცია არ მომისმენია. ამ თემაზე დებატებიც კი არ ყოფილა“, - აღნიშნა ონოფრიშვილმა.