მარად ბიჭუნა

მარად ბიჭუნა

ალბათ გინახავთ ორმოცი წლის „ბიჭუნა“ - ისინი საკმაოდ მრავლად არიან და ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და თანაც, არცთუ იშვიათად ახერხებენ საპირისპირო სქესის მოხიბვლას. შეიძლება, რაღაც მომენტში დიდობა უნდათ კიდეც, მაგრამ, საკითხავია, გამოუვათ თუ არა ეს.

ჩვეულებრივ, „მარად ბიჭუნები“ დიდხანს, ზოგჯერ კი სამუდამოდ რჩებიან დედის კალთას ამოფარებულნი. ცოლიც ვერ ცვლის არსებულ რეალობას და იწყება კონფლიქტი. დედა რომც არ აქტიურობდეს, 40 წლის „ბიჭუნა“ უკვე შეჩვეულია იმას, რომ კრიტიკულ მომენტში აუცილებლად გამოჩნდება ქალი, რომელიც ყველა პრობლემას მოუგვარებს, მოეფერება, თავისი ძლიერი ფრთის ქვეშ შეიფარებს და, თანაც, შეიცოდებს - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თუ თქვენი რჩეული ძირითადად ქალების გარემოცვაში იზრდებოდა, თუ მას თავზე ევლებოდნენ დედა, დეიდა, ბებია, უფროსი და, მაშინ მოემზადეთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მისაღებად. ყველა სერიოზული პრობლემის საკუთარ თავზე ასაღებად და, საერთოდ, მისი „დედობისთვის”.

მდგომარეობას აუცილებლად დაგიმძიმებთ მისი ნამდვილი დედის ფაქტორი: თუ ის მის გვერდით იქნება, შეეგუეთ აზრს, რომ თქვენ მეორე პლანზე გადაინაცვლებთ და იქ კარგა ხნით დარჩებით. როგორია „მარად ბიჭუნა“? - ძირითადად, ეჭვიანი, ფეთქებადი, იმპულსური ხასიათის, კრიტიკული, ჭირვეული, მომთხოვნი, ტრაბახა და ხშირად ყოვლად აუტანელი. რას იზამთ, მას ხომ ყოველთვის ყველაფერი გასდიოდა, მას ხომ ყოველთვის ყველაფერს უსრულებდნენ! ამიტომ, იფიქრეთ, შეეგუებით თქვენ გვერდით მამაკაცს, რომელსაც ვერასოდეს დააკმაყოფილებთ - კერძი ან ყოველთვის უმარილო იქნება, ან ყოველთვის მლაშე; ჩაი ან ძალიან ცხელი იქნება, ან - ზომაზე მეტად „შეგრილებული“.

მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება განსაცდელის მსგავსი იქნება, შეგუების პროცესი კი - ხანგრძლივი. ასეთი მამაკაცების ნაკლი ისიც არის, რომ ძალიან უნდათ „ბოსობა” და, იმიტომ, რომ ეს სხვაგან არ გამოსდით, შეეცდებიან, პარტნიორთან დაამტკიცონ „მაგარი ბიჭობა”.

მოგეწონებათ თქვენ ეს თუ არა, მისთვის სულერთია - განებივრებული ბავშვისთვის მხოლოდ საკუთარი ინტერესებია პრიორიტეტული. ნუ შეეცდებით მის ხელახლა აღზრდას - ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ან ჭირვეული, მაგრამ საყვარელი ბავშვის ძიძობას დასჯერდით, ან - დროულად დაემშვიდობეთ!