Jesus Christ Superstar - ნაწილი მეორე

Jesus Christ Superstar - ნაწილი მეორე

ოპერა Jesus Christ Superstar ენდრიუ ლოიდ უებერმა და ტიმ რაისმა როკ მუსიკის აღზევების ხანაში შექმნეს. მუსიკა უებერისაა, ხოლო ლიბრეტო კი რაისისა. პირველი 22, ხოლო მეორე კი 26 წლისა გახლდათ მაშინ. დამეთანხმებით, ალბათ რომ ასაკიდან გამომდინარეც გამორიცხული უნდა ყოფილიყო მათგან ზედმიწევნითი ღრმადჩახედულობა თეოლოგიურ საკითხებში.

ავტორებმა ნაწარმოების იდუმალი მხარე მუსიკას მიანდეს და ექსპერიმენტმა ეტყობა გაამართლა კიდეც, თუმც მსმენელს ამ ოპერაში ჩასაწვდომად ესაჭიროება ზუსტად 1970 წლის ბრიტანული როკის განსაკუთრებული მგრძნობელობით აღქმა, რომლის შედევრების სმენისას კაცს ტანთ ჟრუანტელი უნდა უვლიდეს ხოლმე...

წინააღმდეგ შემთხვევაში Jesus Christ Superstar აუცილებლად გაუგებარი და სრულიად უმისამართო დარჩება 80-იანების თუ დღევანდელ დღემდე შექმნილი შემდგომი პერიოდების როკ მუსიკის თაყვანისმცემელთათვის, ვისთვისაც გასული საუკუნის 70-ების როკი, ერთი ჩვეულებრივი როკ მოვლენათაგანია...

1970 წელს დიდ ბრიტანეთში საუკეთესო როკ ალბომები იწერებოდა აბსოლუტურად ყველა ჟანრში. მაგრამ, თურმე სულ რაღაც 2-3 წლის შემდეგ, როკ ციებ-ცხელება უნდა  შენელებულიყო და ამ ჟანრის უმნიშვნელოვანესი მიღწევები წარსულს ჩაბარებოდა ჰენდრიქსთან, მორისონთან, ვუდსტოკის ფესტივალთან, თუ... Jesus Christ Superstar-თან ერთად.

ალბათ, თუნდაც აქედან გამომდინარე გამორიცხული უნდა ყოფილიყო ამ როკ ოპერის 1974 ან 1978 წლებში შექმნა. უებერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი ყოველთვის ეპოქის ამსახველ შედევრებს ჰქმნიდა და სხვა პერიოდები შესაბამისი ეპოქების „გმირი“ ოპერებითაც დაასაჩუქრა.

საოცარია იმ მომღერალთა ანსამბლი, რომელთაც Jesus Christ Superstar განასახიერეს. გამოხატული „ვარსკვლავი“ აქ მხოლოდ იესოს პარტიის შემსრულებელი იან გილანია. Deep Purple-ს ვოკალისტის რეპერტუარიდან მხოლოდ Child In Time იყო საკმარისი არჩევანის მასზე შესაჩერებლად.

გაივლის წლები, მრავალი მომღერალი შეასრულებს იესოს პარტიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დადგმაში, მაგრამ გილანთან ახლოსაც ვერვინ მივა, ნორმან ჯუისონის 1973 წლის ფილმში იესოს შემსრულებელი ტედ ნილის მასთან  შედარებით საწყალობელი წამოკივლებებით დაწყებული, ბოლო ხანს ფილ ანსელმოს ნაზი და ტკბილნარევი ხმის ტემბრით დამთავრებული.

ამის გასაგებად  არა იმდენად 70-იანების როკის განსაკუთრებულად მგრძნობიარე წვდომა, არამედ ზოგადად მუსიკალური სმენა და ცოტაოდენი გემოვნებაა საკმარისი.

პარადოქსია, მაგრამ გილანის გარდა, მთავარი როლების შემსრულებელთა შორის, ვერცერთ ვარსკვლავს ვერ ვხედავთ. მეტიც, როკ ოპერის ორდისკიანი ალბომის სახით გამოსვლის შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით აღიარების მიუხედავად, ვერცერთმა ძირითადმა მომღერალმა ვერ მოახერხა შემდგომში რაიმე განსაკუთრებულით თავის გამოჩენა და დიდი სახელის შექმნა მუსიკალურ სცენაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ვოკალური თვალსაზრისით ნებისმიერი პარტიის შემსრულებელი უძლიერესია, ოპერის სიუჟეტიდან გამომდინარე, იუდა ისკარიოტელის პარტიის შემსრულებელი ინგლისელი მიურეი ჰედი უნდა გამოვყოთ. თუნდაც იმიტომ, რომ ოპერა მისი პარტიით იხსნება და ბოლოვდება.

აქედან გამომდინარე, ვოკალური თვალსაზრისით ნაწარმოებს გეთსიმანიის პარტიაში „კრეშჩენდოთი სოლ“-ის ამღებ გილანთან ერთად, კიდევ ერთი მთავარი გმირი ჰყავს. მიურეი ჰედს დღემდე არაერთი ალბომი აქვს ჩაწერილი, მაგრამ 1984 წელს სინგლ One Night In Bangcock კოლოსალური წარმატების მიუხედავად, მისი სახელი მსმენელისთვის იუდა ისკარიოტელის პარტიის შემსრულებელთან ასოცირდება.

მარიამ მაგდალინელის 2 ულამაზესი პარტია და კიდევ ერთიც დამატებული ფილმში, ამერიკელმა მომღერალმა ივონა ელიმანმა შეასრულა. შემდგომში მისი სახელი ერიკ კლაპტონმა თუ გაახსენა ხალხს დიდებულ საკონცერტო ალბომ Eric Clapton Was Here ლამაზი ვოკალური თანაპარტიების შესრულებით.

კაიაფას პარტიის შემსრულებელი ინგლისელი ვიქტორ ბროქსი, თურმე ჯიმი ჰენდრიქსისა და თინა ტერნერის რჩეული თეთრკანიანი ბლუზ მომღერალი ყოფილა. საკუთარი დისკოგრაფია მას არც გააჩნია, თუმც სხვადასხვა დროს ჰენდრიქსთან , ბლექმორთან, გილანთან, კლაპტონთან, ჩარლი მინგუსთან, მემფის სლიმთან, დოქტორ ჯონთან, ალექსის კორნერთან, გრემ ბონდთან, ჯონ მეიალთან, კიტ მუნთან უმუშავია...

სვიმონ კანანელის, (რომელიც ოპერაში იესოს რომაელთა წიმნააღმდეგ ამბოხებას სთავაზობს), პარტიის შემსრულებელი ჯონ გუსტაფსონი პოლ მაკარტნის შემდეგ, მერსისაიდული სცენის უმთავრეს ბას გიტარისტად მოიაზრებოდა.

იგი შემდგომში იან გილან ბენდსა და როჯერ გლოვერის პროექტებში მონაწილეობდა. მისი ვოკალური შესაძლებლობები კი უებერისთვის საბედნიეროდ ცნობილი გახდა ჯგუფ Quatermass-ის 1970 წლის ერთადერთი შესანიშნავი ალბომიდან, სადაც იგი ბას გიტარაზე დაკვრასთან ერთად, წამყვანი ვოკალისტის პარტიასაც ითავსებდა.

დრამატიზმით გამორჩეულია პილატეს პარტიის შემსრულებელი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ბერი დენენი, რომელსაც საკუთარი დისკოგრაფია არ გააჩნია, პეტრეს განმასახიერებელი ასევე ამერიკელი მომღერალი პოლ დევისი, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა, მოკრძალებული დისკოგრაფიით თუ დაიკვეხნიდა, ხოლო მეფე ჰეროდეს რეგ ტაიმის სტილში საკმაოდ ეფექტური პარტიის შემსრულებელი მაიკ დ’აბოს მუსიკალური ბიოგრაფიის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები მანფრედ მენის ჯგუფის ვოკალისტობას და მნიშვნელოვანი ჰიტის Handbags And Gladrags ავტორობას უკავშირდება.

გარდა ძირითადი მომღერლებისა, Jesus Christ Superstar-ის ჩაწერაში მონაწილეობა 62-მა მუსიკოსმა და 3-მა (აქედან ერთმა საბავშვო) გუნდმა მიიღო. თავისი დროისათვის ჟღერადობის თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე ჩაწერილი ალბომი გვაკვირვებს როგორც არხებში ბგერების უაღრესად ეფეტურად გადანაწილებით, ასევე არანჟირების ორიგინალობით, რადგან ალბომის დამაბოლოვებელ ფაზაში, ძირითადად თემები, სიახლეების თანდართვით, შემოკლებით მეორდება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ოპერის სიუჟეტს მთლიანობაში და მსმენილის მხრიდან მგრძნობელობას მოსმენილისადმი.

აი ნაწარმოების დამაგვირგვინებელი Superstar-ის პარტიის ინტრო კი... სულ დასაწყისში - იუდა ისკარიოტელის პარტიამდე რომ გაიელვებს, თურმე წინასწარმეტყველება უნდა ყოფილიყო აღდგომის სცენისა, რის არარსებობაზეც საუბრობენ ოპერისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები.  

ახალგაზრდა კომპოზიტორი ადამიანური გონებისათვის მიუწვდომელი - სამყაროს უდიდესი ჭეშმარიტების იდუმალების გადმოცემას, გუნდდართული ორკესტრული სულშიჩამწვდომი დაახლოებით ნახევარწუთიანი პასაჟით შეეცადა...

სულ ცოტა ხანში იუდას პარტიის გუნდურ მისამღერში იმავე მოტივზე დართული სიტყვები Jesus Christ, Jesus Christ, Who are you, What have you sacrificed? კი გარდა იმისა, რომ სრული მკრეხელობაა, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს კაცობრიობის დანაშაულს, რისი შედეგიც როკ ოპერა Jesus Christ Superstar-ის დამაბოლოვებელი იოანეს სახარების მე-19 თავის 41-ე მუხლის სიტყვებია: „იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, ბაღი იყო, ბაღში კი ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ“...