რეკლამის ისტორიიდან...

რეკლამის ისტორიიდან...

საუკეთესო საშუალება ყურადღების მისაქცევად - ერთი პატარა სკანდალის მოწყობაა. შეიძლება, ამიტომაც იყენებდნენ ხშირად ამ ტრიუკს სარეკლამო კომპანიები.

პირველი სკანდალური სარეკლამო პლაკატი იყო „კელვინ ქლაინის“ ჯინსი, რომელიც 1980 წელს გამოვიდა. ბრუკ შილდსი, რომელიც ჯერ ისევ მოზარდი გოგონა იყო, გამომწვევად იღიმოდა, ლოზუნგით: „იცით, რომ ამ ჯინსსა და ჩემ შორის არაფერია?“ პლაკატის დიზაინერს მაშინვე დასდეს ბრალი არასრულწლოვნის თითქმის პორნოგრაფიულ გადაღებებში მონაწილეობისთვის, მაგრამ „ქლაინისთვის“ ეს სუპერრეკლამა აღმოჩნდა და ამიტომაც აღარც გაჩერდა.

2002 წელს, ლონდონში, ოქსფორდ-სტრიტზე გაჩნდა პლაკატი ნორჩი ყმაწვილის გამოსახულებით, რომელსაც ტანზე კანისფერის ვიწრო საცურაო ტრუსი ემოსა. ლონდონის პოლიციამ პროტესტი გამოთქვა, რადგან ქალი მძღოლები ბილბორდთან ამუხრუჭებდნენ და ავარიულ სიტუაციას ქმნიდნენ.

1994 წელს ქალის საცვლების სახელგანთქმულმა ფირმამ „ვონდერბრამ” ახალი სარეკლამო ბილბორდი დაამზადა. ის შინაარსით სულაც არ იყო ორიგინალური - ტრუსსა და ბიუსტჰალტერში გამოწყობილი ქალიშვილი ალერსიანად იღიმოდა და ბიჭებს ხელს უქნევდა: - „სალამი, ბიჭებო!” საქმე ისაა, რომ პლაკატზე ევა ჰერციგოვა იყო გამოსახული. ის მაშინვე აღიარეს სუპერსექსუალურ მოდელად და ვარსკვლავად იქცა. სამაგიეროდ, საგზაო პოლიციამ ბილბორდი ძალიან სახიფათო და საშიშ რეკლამად გამოაცხადა. სანამ ის გზებზე ეკიდა, ავარიების რიცხვმა ათჯერ მოიმატა.