სუვენირი - „ნონ გრატა“

სუვენირი - „ნონ გრატა“

სუვენირი თქვით და... დიდი შანსია, რომ სწორედ „უწყინარი“ ნივთი გექცეთ პრობლემად და თავის ტკივილად.

ტუნისიდან და ინდოეთიდან ვერაფრით ვერ წამოიღებთ ადგილობრივ მონეტებს. შეიძლება, გინდათ, რომ სამახსოვროდ დაიტოვოთ, მაგრამ, ადგილობრივი კანონი ამისთვის დეკლარაციის შევსებას ითხოვს.

თუ ტაილანდში ან თურქეთში ძვირფასთვლიან საიუველირო ნაწარმს შეიძენთ, აუცილებელია, ჩეკი კარგად შეინახოთ, თორემ, ქვეყნიდან არავინ გაგატანინებთ.

ტუნისიდან და საბერძნეთიდან აკრძალულია ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და ჭურჭლის გამოტანა, თუკი მას სათანადო სერტიფიკატი არ ახლავს, რომ ის სიძველეს არ წარმოადგენს.

იაპონიის ფარგლებს გარეთ სამურაის ხმლის გატანა კანონით ისჯება. ასევე, არ გამოგატანენ ეროვნულ, ტრადიციულ ხანჯლებსა და დანებს იტალიიდან და სირიიდან.

მალაიზიაში, დომინიკის რესპუბლიკასა და ავსტრალიაში ეგზოტიკური ორქიდეები მართლა იყიდება, მაგრამ მის თაიგულს სახლში სამახსოვროდ ვერ წამოიღებთ. არ გამოგატანენ.

ტაილანდში ძალიან მგრძნობიარენი არიან რიტუალური და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ - საზღვარზე ბუდას ქანდაკებას არ გადაგატანინებენ.

აფრიკაში აკრძალულია ზვიგენის კბილის ან სპილოს ეშვის შეძენა და საზღვარზე გადატანა.

ზღვის სიმდიდრის - მარჯნის რიფების, სადაფის ნიჟარებისა და იშვიათი მინერალების გატანა ეგვიპტიდან, ტაილანდიდან და კუბის კუნძულებიდან კანონით მკაცრად ისჯება. თუ სუვენირების სახით მაღაზიაში შეიძენთ, ჩეკი შეინახეთ.